Accessibility links

logo-print

აფხაზეთთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციას ”რესპუბლიკური პარტია” ქართული დიპლომატიის სერიოზულ მარცხად განიხილავს


ეკაწამალაშვილი, თბილისი აფხაზეთის პრობლემასთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციის ტექსტს ”რესპუბლიკური პარტია” ქართული დიპლომატიის სერიოზულ მარცხად განიხილავს.

იმის შესახებ, თუ როგორ გამოეხმაურნენ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ამ რეზოლუციას, 3 აპრილს გვქონდა საუბარი. ამჯერად ამავე რეზოლუციის თაობაზე 4 აპრილს ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გაკეთებულ შეფასებებს გაგაცნობთ.

პირველად, რამდენიმე წლის მანძილზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არც ერთხელ აღარ არის ნახსენები, რომ გაერო აფხაზეთს განიხილავს საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.
პირველად, რამდენიმე წლის მანძილზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამშვიდობო ძალებს კონფლიქტის ზონაში აცხადებს სტაბილიზაციის მნიშვნელოვან გარანტად, რითაც პირდაპირ ამბობს უარს საქართველოს ლეგიტიმური პრეტენზიების გაზიარებაზე. გაერო მხოლოდ ქართულ მხარეს მოუწოდებს სერიოზულად მიუდგეს აფხაზთა მხარის წუხილს უსაფრთხოებაზე და უარი თქვას სამხედრო რიტორიკაზე. მსგავს გაფრთხილებებს უშიშროების საბჭო წინა რეზოლუციებში ორივე მხარეს აძლევდა. პირველად, რამდენიმე წლის მანძილზე, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია აღარ საუბრობს ბოდენის დოკუმენტზე, როგორც მოლაპარაკებებისა და კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების საფუძველზე, და აცხადებს, რომ იზიარებს ბოდენის დოკუმენტის პრინციპებს ( ნაცვლად ბოდენის დოკუმენტისა) - ასე ახასიათებენ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუციას ”რესპუბლიკურ პარტიაში”.

”რეზოლუცია არის კაპიტულანტური და ის უნდა განვიხილოთ ქართული დიპლომატიის სერიოზულ მარცხად,” - აღნიშნა 4 აპრილს ”რესპუბლიკური პარტიის” ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე თინა ხიდაშელმა და ნათქვამი შემდეგნაირად ახსნა :

[თინა ხიდაშელის ხმა] ”მე არა მგონია, საქართველოში ვინმეს ჰქონდეს იმის ილუზია, რომ რეზო ადამია შეძლებდა ამ მოლაპარაკებებში გამარჯვებას. მიუხედავდ იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ათეულიანი დელეგაციებით დადის კონცერტებზე დასასწრებლად, არ ჩაითვალა საჭიროდ ნიუ-იორკში გაგზავნილიყო სერიოზული დიპლომატიური დესანტი (კარგი გაგებით). უშიშროების საბჭო არ არის მარტო რუსეთი. ჩვენ გვეუბნებიან, რომ საქართველოს დღეს აქვს სერიოზული მხარდაჭერა. ამ მხარდაჭერის ფონზე არის გაუგებარი ამგვარი რეზოლუციის მიღება. ”(სტილი დაცულია)

31 მარტს რუსეთმა იმასაც მიაღწია, არ დაეშვა საქართველოს წარმომადგენლობა აფხაზეთთან დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტის განხილვაზე. ამ ფაქტს, ისევე როგორც თავად რეზოლუციის ტექსტს, მძაფრი გამოხმაურება სახელისუფლებო წრეებიდანაც ჰქონდა. რუსეთის წარმომადგენლობის საქციელი დიპლომატიურ კბენად იქნა შეფასებული, გაერო კი გაერთიანებად, რომელშიც მძლავრია რუსეთის პატივისცემის ინერცია და რომელიც სერიოზულ რეფორმირებას საჭიროებს. ამ მოსაზრებებს ”რესპუბლიკური პარტიის” წარმომადგენლებიც იზიარებენ, თუმცა ეს უკანასკნელნი მთავარ პრეტენზიას ისევ და ისევ ხელისუფლებისკენ მიმართავენ, იმის გამო, რომ რეზოლუციის მიღების წინ არ იქნა მიზანმიმართულად გამოყენებული დიპლომატიური რესურსები. ამას გარდა, ”რესპუბლიკურ პარტიაში” მიაჩნიათ, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს ბოლო რეზოლუცია უნდა განვიხილოთ რუსეთის პასუხად სამშვიდობო ძალების თაობაზე საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ დადგენილებაზე, რომელიც გამოხატავს ერთიან მიდგომებს აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრობლემებისდამი.

[პაატა ზაქარეიშვილის ხმა] ”გაეროს დოკუმენტით რუსეთმა მეორე ფრონტი გაგვიხსნა აფხაზეთში.მთელი ყურადღება უნდა გადავიტანოთ აფხაზეთისკენ, მაშინ როცა მე მიმაჩნია, რომ სწორი იყო, ჯერ გვემუშავა ცხინვალზე. რუსეთს არ აწყობს ეს და, სამწუხაროდ, მეორე ფრონტს გვიხსნის აფხაზეთში.”(სტილი დაცულია)

ეს იყო პაატა ზაქარეიშვილი. მის მიერ ნათქვამს დამაჯერებლობას სძენს გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ აფხაზეთში იქმნება ანტიტერორისტული ცენტრი, სადაც რუსი სამხედროები აფხაზებს ქართველ პარტიზანებთან საბრძოლველად მოამზადებენ.
XS
SM
MD
LG