Accessibility links

logo-print

საქართველო რუსეთის ღვინის ბაზრის დაბრუნებას ცდილობს


4 აპრილს ქართული ღვინის მწარმოებელი ძირითადი კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში რუსეთის ფედერაციის ელჩს ვლადიმერ ჩხიკვიშვილს შეხვდნენ.

ასევე იგეგმება ელჩის შეხვედრა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერთან. საქართველოს მთავრობა აქტიურ საინფორმაციო კამპანიასაც ეწევა ქართული ღვინის პრესტიჟის შესანარჩუნებლად და რუსეთის ღვინის ბაზრის დასაბრუნებლად.

საქართველოში რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ვლადიმერ ჩხიკვიშვილთან შეხვედრის შემდეგ ქართული ღვინის მწარმოებლებმა მხოლოდ იმის აღნიშვნა მოახერხეს, რომ კონსტრუქციულად ისაუბრეს.

[ლევან კობერიძის ხმა] ”უბრალოდ, ჩვენ ძალიან კონსტრუქციულად ვეცადეთ გვესაუბრა. თვითონ განცხადება ბატონმა ელჩმა ისედაც გააკეთა, ამიტომ ჩვენთან ახალი ისეთი არაფერი არ თქმულა.”

ეს იყო ლევან კობერიძე, ქართული ღვინის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე და კომპანია ”ჯი-ვი-ესის” მენეჯერი.

რუსეთის ელჩმა ვლადიმერ ჩხიკვიშვილმა ამ რამდენიმე დღის წინ მართლაც გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ ქართული ღვინის ფალსიფიკაციის პრობლემა რეალურად არსებობდა და ამ პრობლემის გადაწყვეტა დიალოგის გზითაა შესაძლებელი. ქართველმა მეღვინეებმა ელჩისგან დახმარება სწორედ ამ დიალოგის ორგანიზებისთვის ითხოვეს. მათ გადაწყვეტილი აქვთ მოსკოვში ჩავიდნენ, ბიზნესმენებს, სავაჭრო პალატისა და პრესის წარმომადგენლებს შეხვდნენ და ქართული ღვინის ხარისხის პოპულარიზება მოახდინონ. დაახლოებით ამასვე აპირებს საქართველოს მთავრობაც. პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის კომენტარი:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”კონკრეტული ნაბიჯები გულისხმობს ჩვენს მთავარ ბაზრებზე - რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთში - ქართული ღვინის დღეების მოწყობას, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდეს ყველა ქართული ღვინის ხარისხში.”

ამ და ქართული ღვინის რეპუტაციის ასამაღლებელ სხვა გზებზე სასაუბროდ 4 აპრილს ზურაბ ნოღაიდელი კიდევ ერთხელ შეხვდა ქართული ღვინის მწარმოებლებს.

მათგან განსხვავებით, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აქცენტს პოლიტიკაზე აკეთებს და ასე ცდილობს ქართული ღვინის პრესტიჟის დაცვას. 4 აპრილს სააკაშვილმა ინტერვიუ მისცა რამდენიმე რუსულენოვან საინფორმაციო საშუალებას, რომლებსაც განუცხადა, რომ ის, რაც ახლა ღვინის ბაზარზე ხდება, საღ აზრს აღარ ექვემდებარება და რუსეთის მთავრობის პოლიტიკას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია, თუმცა არა მესამეხარისხოვან სანიტარულ სამსახურთან, არამედ პოლიტიკურ დონეზე, - მიიჩნევს მიხეილ სააკაშვილი.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”საქართველოს მთავრობამ დახურა ფალსიფიკაცია, საქართველოს მთავრობამ გააორმაგა ღვინოზე მოთხოვნა მსოფლიო ბაზრებზე, საქართველოს მთავრობამ ყველა საშუალება გაუხსნა ჩვენს მეღვინეებს, რომ გასულიყვნენ ახალ და ახალ ბაზრებზე. და საქართველოს მთავრობა და საქართველო ისჯება იმის გამო, რომ საქართველოს ჰყავს ეფექტური მთავრობა.”

სანამ ეს პრობლემა დიალოგის გზით პოლიტიკურად მოგვარდება, მანამდე მთავრობამ და ღვინის მწარმოებლებმაც ახალი ბაზრის მოძიებაზე ფიქრი და მუშაობა დაიწყეს. ყველაზე მიმზიდველ ბაზრად ჩინეთი სახელდება, თუმცა ყველა აღიარებს, რომ ასე უცებ ჩანაცვლება რუსეთის ბაზრისა, რომელიც საქართველოში წარმოებული ღვინის 80 პროცენტს მოიხმარდა, ძალიან რთული იქნება.
XS
SM
MD
LG