Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ებრძვის თუ არა საქართველო გენური ინჟინერიის გზით წარმოებული პროდუქციის იმპორტს


მარტის შუა რიცხვებში საქართველოს პარლამენტში კარტახენის ოქმის რატიფიცირებას რამდენიმე დეპუტატის ხმა დააკლდა. ის, რომ საკითხი ჩავარდა, საქართველოს მწვანეთა პარტიამ აპრილის დასაწყისში

შეიტყო და განგაშიც დაგვიანებით ატეხა. გაეროს საერთაშორისო კონვენცია - კარტახენის ბიოუსაფრთხოების ოქმი - გენური ინჟინერიის გამოყენებით წარმოებული პროდუქციის იმპორტს გარკვეულ შეზღუდვებს უწესებს და ის ამჟამად 119 ქვეყანაშია რატიფიცირებული. ”მწვანეები” საკითხის ჩაგდებას ”მრეწველთა” საპარლამენტო ფრაქციას აბრალებენ, ოქმის სასწრაფო რატიფიცირებას მოითხოვენ და ირწმუნებიან, რომ ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქციას სერიოზული ბარიერები სასწრაფოდ უნდა დაუწესდეს. საკითხის ჩავარდნას გაუგებრობას უწოდებენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში. ”მრეწველებს” კი საკუთარი არგუმენტები აქვთ იმის შესახებ, თუ რატომ არ მისცეს ხმა კარტახენის ოქმს. მე სწორედ ამ საკითხის გარკვევას შევეცადე.

საქართველოს მწვანეთა პარტია იმ პროდუქციის ჩამონათვალს აქვეყნებს, რომელიც გენური ინჟინერიის შედეგად მიღებულ ელემენტებს, ანუ ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო ელემენტებს, შეიცავს. საკმაოდ გრძელ ნუსხაში ჩამოთვლილია პროდუქტები, რომლებსაც საქართველოს სამომხმარებლო ბაზარზეც შევხვდებით: მიქოიანის ”ვენური” სოსისი, ”დარიას” პელმენები, ძეხვის კომბინატ ”ბაგატირის” ფრანგული პაშტეტი და კიდევ არაერთი სხვა საკვები პროდუქტი. როგორც ექსპერტები ირწმუნებიან, გენმოდიფიცირებული ელემენტები ააქტიურებენ ალერგენებს; მათი ზემოქმედების შედეგად, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს იმუნიტეტს ანტიბიოტიკების მიმართ, რის გამოც ეს ზოგ შემთხვევაში აუცილებელი პრეპარატი ვეღარ ამარცხებს დაავადებებს; არის დიდი ალბათობა იმისა, რომ გენმოდიფიცირებულ პროდუქტებში გაიზარდოს მცენარეული ტოქსინების შემცველობა ანდა, გენებით მანიპულირების შედეგად, წარმოიქმნას ახალი ტოქსინები. ერთი სიტყვით, გენური ინჟინერიის შედეგად მიღებული პროდუქტების საფრთხზე მსოფლიო უკვე ჩაფიქრდა და 119-მა ქვეყანამ უკვე გაუკეთა რატიფიცირება კარტახენის ბიოუსაფრთხოების ოქმს:

(გიორგი გაჩეჩილაძის ხმა) ”რომელიც სწორედ არეგულირებს გენური ინჟინერიით მიღებული პროდუქციის ქვეყანაში შემოტანის, აკრძალვის, მასთან მოპყრობის, ტრანზიტის წესებს. ეს არის მინიმალური მოთხოვნები, რომელიც შეუძლია ყველა სახელმწიფომ - მერე უფრო მკაცრი პირობები -თავისი კანონმდებლობით შემოიღოს.” (სტილი დაცულია)

ეს გიორგი გაჩეჩილაძე გახლავთ, საქართველოს მწვანეთა პარტიის თავმჯდომარე. ის საერთაშორისო სირცხვილს უწოდებს იმ ფაქტს, რომ გაეროს საერთაშორისო კონვენციის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტმა საშველი ვერ დააყენა. საკანონმდებლო ორგანოში ჯერ კიდევ 2003 წელს შესული პროექტის პლენარულ სხდომაზე გატანა 3 წლის დაგვიანებით, მხოლოდ 2006 წლის მარტის შუა რიცხვებში, მოხერხდა, თუმცა საკითხი ჩავარდა. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი ამბობს, რომ საკითხი შემთხვევით ჩავარდა:

(კოტე გაბაშვილის ხმა) ”მე მგონი, მთლად სწორად ორიენტირებული არ იყო დარბაზი, უბრალოდ, მაშინ ისეთი დრო იყო, რომ ყურადღება არ მიაქციეს და რაღაც 3 თუ 4 ხმა, უყურადღებობის გამო, დააკლდა კარტახენის ოქმს. მოხდა რაღაც, პირდაპირ ასე გეტყვით, პერსონალური გაუგებრობა.” (სტილი დაცულია)

გიორგი გაჩეჩილაძე კი კარტახენის ბიოუსაფრთხოების ოქმის რატიფიცირების საკითხის ჩავარდნას კონკრეტულ ფრაქციას აბრალებს:

(გიორგი გაჩეჩილაძის ხმა) ”სასწაული, ესე იგი, რა... მხოლოდ და მხოლოდ ”წინააღმდეგი” მიცემული აქვს მრეწველთა ფრაქციას. ესე იგი, მრეწველთა ფრაქცია, რომელიც მთელ თავის იდეოლოგიაში ყოველთვის დებდა, რომ ეროვნული მეურნეობის განვითარება არის მნიშვნელოვანი, წინააღმდეგი წავიდა იმ საერთაშორისო ხელშეკრულების რატიფიკაციაზე, რომელმაც უნდა უზრუნველყოს საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოება.” (სტილი დაცული)

კენჭისყრის შედეგები ადასტურებს, რომ დარბაზის უყურადღებობა ასეთ უარყოფით შედეგს ვერ გამოიღებდა, ოქმის რატიფიცირებისთვის მრეწველებს რომ დაეჭირათ მხარი. რატომ ვერ მოიპოვა ბიოუსაფრთხოების ოქმმა ფრაქციის მხარდაჭერა?

(ზურაბ ტყემალაძის ხმა) ”იმიტომ, რომ ჩვენ ვითხოვდით, რომ მას უნდა ახლდეს დადგენილება, რომელი დადგენილების მიხედვითაც, ერთი, რომ შევუერთდებით კარტახენის კონვენციას, ჩემო ბატონო, და მეორე, რომ მთავრობა ვალდებულია წარმოადგინოს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, გენმოდიფიცირებული პროდუქციის შემოტანა საქართველოში იქნება აკრძალული. /სრულ აკრძალვას მოითხოვთ, ხომ?/ რა თქმა უნდა, დიახ... კონვენციის მიერთება აკრძალვას არ ითვალისწინებს, კონვენციის მიერთება, პირიქით, აღრიცხვას და არაკრძალვას ეხება. თუმცა, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე, ჩვენ გვაქვს სრული აკრძალვის მოთხოვნის საფუძველი, რომელიც, პარალელურად, კანონით უნდა დარეგულირდეს.” (სტილი დაცულია)

როგორც ფრაქცია ”მრეწველების” თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის კომენტარიდან ჩანს, მრეწველები არათუ არ ეწინააღმდეგებიან ბიოუსაფრთხოების ოქმის პრინციპებს, არამედ მათ კიდევ უფრო გამკაცრებას მოითხოვენ. რადგანაც, ბუნებრივია, საქართველოს საერთაშორისო კონვენციაში ცვლილებების შეტანის უფლება არა აქვს, გენმოდიფიცირებული პროდუქტების იმპორტს დამატებითი ბარიერები ახალმა კანონმა უნდა დაუწესოს:

(ირაკლი ღვალაძის ხმა) ”კარტახენის ოქმი ითვალისწინებს, რომ შესაძლებელია, ვთქვათ, ეროვნული კანონმდებლობით დადგინდეს უფრო მკაცრი სანქციები და უფრო მკაცრი ზომები. შესაძლებელია, საერთოდ აიკრძალოს შემოტანა, ანდა უფრო ხანგრძლივი ვადა დაწესდეს.” (სტილი დაცულია)

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილის ირაკლი ღვალაძის მიერ ხსენებული შეზღუდვები ჩადებულია კანონპროექტში ”გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ”, რომელსაც პარლამენტი ხსენებული სამინისტროსგან მოელის. უწყებას ამისათვის 2-თვიანი ვადა მიეცემა მას შემდეგ, რაც პარლამენტი ბიოუსაფრთხოების კარტახენის ოქმის რატიფიცირებას მოახდენს. კოტე გაბაშვილი იმედოვნებს, რომ ეს მომავალ კვირაში მოხდება. ამის იმედი ზურაბ ტყემალაძესაც აქვს.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG