Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთავრობა გაზის ტარიფის სუბსიდირებას 1 მაისამდე განახორციელებს


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი მთავრობა მოსახლეობისათვის გაზის ტარიფის სუბსიდირებას კიდევ ერთი თვე გააგრძელებს და ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობას 1 მაისამდე ისევ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს.

ოპოზიცია ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილება მთავრობას სწორედ მათ მიაღებინეს. რა უჯდება სახელმწიფო ბიუჯეტს ტარიფებს შორის განსხვავების დაფარვა და გამოიწვევს თუ არა გაზის გაძვირება სამომხმარებლო ბაზარზე ფასების ზრდას?

საქართველოს მთავრობა ბუნებრივი აირის ტარიფის სუბსიდირებას კიდევ ერთ თვეს გააგრძელებს. ამის შესახებ ენერგეტიკის სამინისტროს ამ დღეებში ოფიციალური განცხადებების გაკეთება მოუხდა, რადგან თბილისის საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია "მემარჯვენეების" წარმომადგენლები ირწმუნებოდნენ, რომ თბილისში ბუნებრივი აირის საფასური პირველი აპრილიდან გაიზრდებოდა. ოპოზიციას ამ განცხადების გაკეთების საფუძველი, ალბათ, ჰქონდა, რადგან სუბსიდია მხოლოდ ზამთრის სეზონზე იყო გათვლილი. ამ მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტში, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებების სახით, 33 მილიონი ლარი ჩაიდო, საიდანაც 30 მილიონი უკვე გაიხარჯა, ანუ ხელისუფლებას აპრილის თვის დაფინანსება, ფაქტობრივად, აღარ დარჩა. ოპოზიციას მიაჩნია, რომ ხელისუფლება ისედაც გართულებული სოციალური ფონის კიდევ უფრო დამძიმებას მოერიდა და დაფინანსების ვადები გააგრძელა. ახლა ხელისუფლებას იმ დამატებითი ასიგნებების მოძიება მოუწევს, რომლითაც სუბსიდირება უნდა განახორციელოს.

თავდაპირველად სუბსიდირების გადაწყვეტილება მთავრობამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთმა მოწოდებული ბუნებრივი აირის საფასური საქართველოს 65-დან 110 აშშ დოლარამდე გაუზარდა. შესაბამისად, სამომხმარებლო ტარიფიც თბილისისათვის 1 კუბურ მეტრზე 26,55 თეთრიდან 34,2 თეთრამდე გაძვირდა, ხოლო რეგიონებში 36 თეთრიც გახდა. სახელმწიფომ სწორედ ძველ და ახალ - გაძვირებულ - ტარიფს შორის სხვაობის მხოლოდ ზამთრის სეზონზე დაფარვა იტვირთა, რაც სერიოზულ სოციალურ პროექტად მოინათლა. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ძველ და ახალ ტარიფს შორის სხვაობის დაფარვის მექანიზმი მხოლოდ მოსახლეობას ეხება და ის არ ითვალისწინებს იმ ორგანიზაციების თუ კომერციული სტრუქტურების სუბსიდირებას, რომლებიც გაზის საკმაოდ მსხვილი მომხმარებლები არიან. ამის გამო ექსპერტი გია ხუხაშვილი ვარაუდობდა, რომ გაძვირებული ტარიფის ”სუსხს” მოსახლეობა მაინც იგრძნობდა:

[გია ხუხაშვილის ხმა] “სუბსიდირება, ნებისმიერ შემთხვევაში, არ არის პრობლემის გადაწყვეტა. ჯერ იმიტომ, რომ ეს ძალიან მოკლე პერიოდზე ვრცელდება. გარდა ამისა, ეს ვერანაირად ვერ შეაჩერებს ინფლაციურ პროცესს – ცხოვრება თავისთავად გაძვირდება და ის, რომ მოსახლეობა ორი თუ სამი თვის განმავლობაში არ გადაიხდის მეტს, სულაც არ ნიშნავს, რომ მას არ გაუძვირდება ცხოვრება, ანუ ის ხვაობა, რომელსაც ის არ გადაიხდის პირდაპირ გაზში, განსხვავების გადახდა მოუწევს, დავუშვათ, პირველადი მოხმარების საგნებში.” (სტილი დაცულია)

გაზის გაძვირებამ სამომხმარებლო ბაზარს, საბედნიეროდ, სერიოზული დარტყმა ვერ მიაყენა. მიუხედავად იმისა, რომ რიგ სტრატეგიულ პროდუქტებზე ფასებმა მოიმატა, მთლიანობაში, ეს ძალიან მტკივნეული არ აღმოჩნდა. შესაბამისად, ოპოზიციის ვარაუდი 1 მაისიდან, მოსახლეობისათვის სუბსიდირების შეწყვეტის შემდეგ, ცხოვრების კატასტროფულად გაძვირების შესახებ ნაკლებად საფუძვლიანია, რადგან კომერციულ სტრუქტურებს ბუნებრივი აირი უკვე კარგა ხანია ახალი ტარიფით მიეწოდება.

XS
SM
MD
LG