Accessibility links

საქართველოს ხელისუფლება უმართავ ბიზნესმენებს იშორებს?


მესამე დღეა, თელავის გამგეობის წინ რამდენიმე ასეული ადამიანი 2 თვის წინ დაპატიმრებული ადგილობრივი ბიზნესმენის ლუკა რამაზაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

კახეთში დაწყებულ საპროტესტო აქციას მხარი დაუჭირა ცნობილმა ქართველმა ბიზნესმენმა გოგი თოფაძემ, რომელიც რამაზაშვილის დაპატიმრების უკან პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

ლუკა რამაზაშვილის მოწინააღმდეგეებად სახელდებიან თელავის გამგებელი გოჩა მამაცაშვილი და პრეზიდენტ სააკაშვილის ფავორიტი ბიზნესმენი ნოდარ საქუაშვილი, რომლებიც, თავის მხრივ, ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფენ.

თბილისის მე-5 იზოლატორის ბინადარი ლუკა რამაზაშვილი ვახტანგ გორგასლის ორდენის კავალერია. კახეთის სახალხო ლაშქართან ერთად იბრძოდა აფხაზეთში. 2001 წლის ზამთარში რამაზაშვილი იყო ერთ-ერთი ხელმძღვანელი ცნობილი საპროტესტო აქციისა, რომელმაც იმდროინდელი ხელისუფლება აიძულა წამოეწყო ანტიკრიმინალური ოპერაცია პანკისის ხეობაში. ლუკა რამაზაშვილი და მისი ლაშქარი ახალმა ხელისუფლებამც გამოიყენა ცხინვალის ე.წ. “ჰუმანიტარული ლაშქრობის“ შემდეგ განვითარებული კრიზისის განსამუხტავად. მაგრამ ყოფილი საველე მეთაურისათვის ბიზნესში გადასვლა საბედისწერო აღმოჩნდა, ამბობს ცნობილი ქართველი ბიზნესმენი, პოლიტიკური პარტია “მრეწველება გადაარჩენს საქართველოს” ლიდერი გოგი თოფაძე, რომელიც მიიჩნევს, რომ რამაზაშვილი მოგონილი ბრალდებით დააპატიმრეს.

[გოგი თოფაძე] “იქ, ადგილზე რაღაცას იგონებენ ვიღაცას ცხვარი მოპარაო. რა ცხვარი? ოთხი თუ ხუთი ათასი სული საკუთარი ცხვარი ჰყავს, 200 ძროხა ჰყავს, ზეთის ვეებერთელა ქარხანა აქვს. ყველაფერს აკეთებს, აპურებს ხალხს. 100 კაცზე მეტი ადამიან ჰყავს დასაქმებული და ასეთ ადამიანს რომ ასე უსამართლოდ იჭერ იმიტომ, რომ ვიღაცას არ მოსწონს რაიონში, - ეს საქართველოს სიკეთეს არ მოუტანს.”

ამ ზოგიერთ პირს შორის გოგი თოფაძე თელავის გამგებელს, გოჩა მამაცაშვილს და პრეზიდენტის ფავორიტ ბიზნესმენს კახეთის მხარეში, ნოდარ საქუაშვილს ასახელებს. დაპირისპირება კი მას შემდეგ გამწვავდა, რაც ლუკა რამაზაშვილმა თოფაძის დაფინანსებით კახეთში ხის გადამამუშავებელი ქარხანა გახსნა.

[გოგი თოფაძის ხმა] “ვეებერთელა კომბინატი ავაშენეთ თელავში ხის გადამამუშავებელი. ეგეთი კომბინატი საქართველოში არ არის. მილიონები ჩავდეთ მაგაში, მაგრამ ეტყობა, ვიღაცას აწყობს, რომ ისევ მორი გაიტანოს, ეტყობა ეს ბიზნესია, შესაძლოა, იმ ხელმძღვანელობის რაიონში.”

თელავის გამგებელი გოჩა მამაცაშვილი კატეგორიულად უარყოფს მოსაზრებას, თითქოს ლუკა რამაზაშვილი პოლიტიკური ნიშნით მისი ბიზნესინტერესების გამო იდევნებოდა. თუმცა, ქართული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებულ კომენტარში გამგებელმა გარკვეული მინიშნება მაინც გააკეთა რამაზაშვილის წარსულზე, განაცხადა რა, რომ “მას იცნობს არა როგორც ბიზნესმენს, არამედ როგორც ერთ მოძალადე ადამიანს და მედეა მეზვრიშვილის მარჯვენა ხელს.” რადიო “თავისუფლებასთან” ინტერვიუში ლუკა რამაზაშვილთან დაპირისპირება გამორიცხა, საქართველოს პრეზიდენტთან დაახლოებული ბიზნესმენმა ნოდარ საქუაშვილმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთ ბიზნესმენს საერთოდ არ იცნობს.

[ნოდარ საქუაშვილის ხმა] “ერთი რამე შემიძლია ხმამაღლა ვთქვა, რომ ლუკა რამაზაშვილი როგორც მონათლეს ბიზნესმენი, ის ბიზნესმენი არც ყოფილა და არც არის. ჩემი, ნოდარ საქუაშვილის ბიზნესი კი მოიცავს მევენახეობას, მეღვინეობას. სულ რამდენიმე თვის წინ თოფაძემ გააშენა სახერხი ტყის პირზე, სადაც ტყეს ანადგურებენ და სჭრიან. და თუ მაგათ აწყობთ, რომ ნოდარ საქუაშვილს დაუპირისპირდნენ, მე ყველას საკადრის პასუხს გავცემ.”

ლუკა რამაზაშვილი სამართალდამცველებმა უკანონო გზით სახელმწიფო ქონების მითვისებისა და გამოძალვის ბრალდებით 2 თვის წინ დააკავეს. აღკვეთის ორთვიანი ვადის გასვლის შემდეგ მას პატიმრობის ვადა სასამართლომ კიდევ ორი თვით გაუგრძელა. თუმცა, რამაზაშვილის მომხრეებს იმედი აქვთ, რომ, თუ სასამართლო პროცესი მიუკერძოებლად წარიმართა, წინასწარი გამოძიების დროს მიცემული ცრუ ჩვენებები აუცილებლად გაბათილდება.
XS
SM
MD
LG