Accessibility links

logo-print

ვინ უნდა გამოიძიოს სახელმწიფო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაული? - მესამე სექტორი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნას ითხოვს


საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია მიმართავს საქართველოს პარლამენტს, პოლიტიკურ პარტიებს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებს,

მასობრივი ინფორმაციის საშუალებებსა და საქართველოს საზოგადოებრიობას, მხარი დაუჭირონ დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის ინიციატივას. ჯგუფი, რომელიც გამოცდილი, მაგრამ ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი იურისტებისგან უნდა დაკომპლექტდეს, როგორც წესი, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეთა დანაშაულის გახსნაზე იმუშავებს. როგორი უნდა იყოს ახალი - ერთჯერადი -საგამოძიებო ორგანოს სტრუქტურა? დაუჭერს თუ არა ხელისუფლება პარალელურ გამოძიებას მხარს და რომელი საქმის შესწავლა არ ითმენს?

კოალიციის წევრი არასამთავრობო ორგანიზაციები ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ანალიზის საფუძველზე ასკვნიან, რომ საქართველოში ხელყოფილია “ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის” მეორე და საქართველოს კონსტიტუციის მეთხუთმეტე მუხლებით გარანტირებული სიცოცხლის ფუნდამენტური უფლება. ლია მუხაშავრია, არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ხელმძღვანელი, ამბობს, რომ გამოძიება, როგორც წესი, გამოწვლილვით არ სწავლობს სიცოცხლის უკანონო ხელყოფის გახმაურებულ საქმეებში მაღალი თანამდებობის პირთა მონაწილეობის კვალს, მაშინ როცა ნეიტრალურ და საზოგადოების ნდობით აღჭურვილ საგამოძიებო ჯგუფს ამის გაკეთება არ გაუჭირდება.

[ლია მუხაშავრიას ხმა] „ჩვენ შემოვდივართ წინადადებით, რომ პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, დადგენილებით, მიიღოს კონკრეტულ საქმეზე კონკრეტული პირებისათვის დამოუკიდებელი საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შესახებ დოკუმენტი.“

მესამე სექტორის ამ ინიციატივას მხარს უჭერს ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძე, რომლის თქმითაც, საგამოძიებო ჯგუფის შექმნას საქართველოს ხელისუფლებას წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აღკვეთის ევროპული კონვენციაც ავალდებულებს, თუმცა დეპუტატი მიიჩნევს, რომ ჯგუფი აბსოლუტურად დამოუკიდებელი ვერ იქნება და ამის შესახებ მას ევროპელმა ექსპერტებმაც უთხრეს:

[ელენე თევდორაძის ხმა] „პათოსი და იდეა მისაღებია, მაგრამ ეს დარჩება იდეის დონეზე, თუ არ „მოინახება“ სტატუსი. ეს ჯგუფი, ევროპელი ექსპერტების აზრით, უნდა იყოს პრეზიდენტთან არსებული ინსტიტუტი.“

მაგრამ საკითხავია, ენდობა კი პრეზიდენტთან არსებულ საგამოძიებო ჯგუფს საზოგადოება? თბილისელების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ სამართალდამცავი სტრუქტურები ისედაც ხელისუფლების წნეხის ქვეშაა მოქცეული.

[მამაკაცის ხმა] „ყველაფერი მოდის ზევიდან. რასაც უკარნახებენ, იმას აკეთებენ. თავისი ინიციატივით არავინ არაფერს აკეთებს. ასეა, პრეზიდენტი წყვეტს ყველაფერს.“

[ქალბატონის ხმა] „ალბათ, დამოუკიდებლად ვერ მოქმედებენ. მე მაქვს საბაბი ასე ვიფიქრო. ისე, ძნელი გასარკვევია, ვინ არის დამნაშავე გირგვლიანის საქმეში. ალბათ, მაინც სამართალდამცავები.“

უნდა ჰქონდეს თუ არა არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციას სახალხო დამცველის იმედი? რას ფიქრობს სოზარ სუბარი დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფის შექმნის შესახებ?

[სოზარ სუბარის ხმა] „იდეურად მსგავსია იგივე პარლამენტის საგამოძიებო ჯგუფი, მაგრამ კარგად ვხედავთ, რომ ყოველთვის ეს ვერ მუშაობს. თანაც, პარლამენტს შეუძლია ექსპერტები მოიწვიოს და ჩართოს ამ ჯგუფის მუშაობაში. რამე კონკრეტულ საქმეზე როცა არის ეჭვები საზოგადოების მხრიდან, თავისუფლად შეიძლება ასეთი ჯგუფი შეიქმნას ერთ, ორ ან სამ საქმეზე, როცა ამის აუცილებლობა იქნება.“(სტილი დაცულია)

კოალიციის წევრებიც სწორედ ამას ითხოვენ. ერთჯერადი მოქმედების საგამოძიებო ჯგუფებში გაერთიანდებიან ავტორიტეტული, არასაჯარო სამსახურში მყოფი და საზოგადოების ნდობით აღჭურვილი ექსპერტები. “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გამგეობის თავმჯდომარის ანა დოლიძის თქმით, მისაღები იქნება, თუკი ამგვარი ჯგუფი თუნდაც სახალხო დამცველის ოფისთან შეიქმნება. საინტერესოა, რას გამოიძიებს ეს ჯგუფი, თუკი არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ ხელისუფლების დაყოლიება შეძლო.

[ანა დოლიძის ხმა] „რა თქმა უნდა, დღეს საუბარი არის სანდრო გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით. სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში ბრალდებული პირები კვლავ იმყოფებიან ერთსა და იმავე საკანში, ანუ, დღეის მდგომარეობით, მათ შეთანხმებული აქვთ ყველა საკითხი ჩვენებებთან მიმართებაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პროკურატურას არც აქვს ინტერესი გამოავლინოს, ამ პირების გარდა მკვლელობაში თუ მონაწილეობდა სხვა ვინმე. ერთი სიტყვით, პროკურატურა არ არის ობიექტური და გვინდა შევქმნათ რაიმე ინსტიტუტი, რომელიც ამასთან დაკავშირებით მიუთითებს.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG