Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ახალ რექტორს უნივერსიტეტი საგაფიცვო განწყობით ხვდება


გუშინ თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა რუსუდან ლორთქიფანიძემ პრეზიდენტის სახელზე

თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.გადაწყვეტილების შესახებ მან გუშინვე აცნობა რექტორატის სხდომას. 4 აპრილს უნივერსიტეტში მიმდინარე პრობლემატურ საკითხებთან დაკავშირებით კიდევ ერთი სოლიდური თავყრილობა გაიმართა. უნივერსიტეტის პროფკავშირების საერთო კრებამ უმაღლესი სასწავლებლის ადმინისტრაციას მოუწოდა, რეფორმა კანონის ფარგლებში მოაქციოს - წინააღმდეგ შემთხვევაში, საერთო საუნივერსიტეტო გაფიცვით დაემუქრა.

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფკავშირების საერთო კრებამ უმაღლეს სასწავლებელთა პროფკავშირებს გაერთიანებული პროფკავშირული კონფედერაციის შექმნისკენ მოუწოდა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს უმაღლეს სასწავლებლებში მიმდინარე რეფორმის კანონიერება და შემუშავდეს კანონის დამცავი საერთო სტრატეგია. რაც შეეხება უშუალოდ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის მიერ განსახორციელებელ ღონისძიებებს, საგანგებო დადგენილებით იგი რამდენიმე პუნქტად გაიშალა: აღდგეს სამეცნიერო სექტორი, თანამდებობაზე დაბრუნდეს უკანონოდ გათავისუფლებული 1500–მდე თანამშრომელი, ბათილად იქნეს ცნობილი უკანონო კონკურსების შედეგები და სხვა. თუ ადმინისტრაცია ყურად არ იღებს თანამშრომელთა მოთხოვნას, პირობის თანახმად, 1 მაისიდან უნივერსიტეტს საგაფიცვო ტალღა გადაუვლის. უკავშირდება თუ არა უნივერსიტეტის პროფესორ–მასწავლებელთა საპროტესტო განწყობა და, შესაბამისად, ულტიმატუმის ტონი რუსუდან ლორთქიფანიძის თანამდებობიდან დათხოვნას?–ეს ამ ეტაპზე, ალბათ, ყველაზე აქტუალური შეკითხვაა.

[გიორგი გოგოლაშვილის ხმა]“ეს აქცია ქალბატონ რუსუდანის მოქმედების სოლიდარულია. ქალბატონი რუსუდანი არ დათანხმდა განათლების სამინისტროს 2300 კაციანი საშტატო განრიგი შეემცირებინა 600 კაცამდე. ეს მოთხოვნა ჰქონდა განათლების სამინისტროს. ამას გადაჰყვა ქალბატონი რუსუდანი.“

ქართული ენის ინსტიტუტის დირექტორის, პროფესორ გიორგი გოგოლაშვილის განმარტებით, გასული წლის დეკემბერში პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიურ თანამდებობაზე გადასაყვანად გამოცხადებული კონკურსები განათლების სამინისტროსთან საშტატო განრიგის შეთანხმებამდე შეჩერდა.

[ლევან გორდეზიანის ხმა]“ ამ მეთოდოლოგიაზე ოპტიმალური რიცხვის გამოთვლის... ხო, გამოგიტყდებით, რომ ჩვენ ჯერ შეთანხმებულნი ვერ ვართ. მაგრამ ეს არ ნიშნავს მაინცდამაინც დაპირისპირებას და მაინცდამაინც რაღაც ისეთს, რამაც შეიძლება გადადგომა გამოიწვიოს.“(სტილი დაცულია)

ეს უნივერსიტეტის პრორექტორი ლევან გორდეზიანია. იგი, ქალბატონ რუსუდანთან ერთადაც და დამოუკიდებლადაც, პროფესორ–მასწავლებელთა აკადემიური თანამდებობების რიცხვის განსაზღვრისთვის ინტენსიურად თანამშრომლობდა განათლების სამინისტროსთან, რომელიც კვლავაც მშრალი განმარტებით იფარგლება და რუსუდან ლორთქიფანიძის თანამდებობიდან გადაყენებას მის დიპლომატიურ სამსახურში დაბრუნებით ხსნის. ამასობაში კი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი რიგით 24-ე რექტორის - სავარაუდოდ, გია ხუბუას - გამოჩენას პატივისა და ღირსების შელახვის შიშით ელის.

[დენიზა სუმბაძის ხმა]“დიდი საბჭო უნდა იქნეს მოწვეული, თუნდაც დროებით, და თვითონ უნივერსიტეტმა უნდა დაასახელოს თავისი რექტორი. მერე შეუძლია ხელისუფლებას ის დაამტკიცოს.“

უნივერსიტეტის არეოპაგიტული სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის, რელიგიათმცოდნეობისა და ეთიკის კათედრის დოცენტის დენიზა სუმბაძის განცხადებით, უახლოეს ხანში, უნივერსიტეტის ფაქტობრივი ავტონომიის აღდგენის მოთხოვნით, პროფესორ–მასწავლებელთა დიდ სხდომა გაიმართება. 5 მარტს კი მათი მცირემასშტაბიანი შიდა საპროტესტო აქცია პრაქტიკულად ძალით დაშალეს, თუ შეიძლება ასე ითქვას. პროფესორ–მასწავლებელთა მცირე ჯგუფის მიერ გამოკრული ორად ორი ტრანსპარანტი, რომელიც უნივერსიტეტში საპრეზიდენტო მმართველობის შეწყვეტას მოითხოვდა, დაცვის თანამშრომლებმა ჩამოხიეს.

[დაცვის ხმა]“გადავაგდე, ქალბატონო, გავიტანე, გადავაგდე ურნაში.“

ასე ესაუბრებოდა დაცვა აღელვებულ თანამშრომლებს, რომელთა უფლებების
დაცვას უნივერსიტეტის პროფკავშირული ორგანიზაცია უფრო აქტიურად და ორგანიზებულად შეეცდება. როგორც ამ ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილემ შალვა გლოველმა განგვიცხადა, უმთავრესი მოთხოვნა, რომელსაც ორგანიზაცია ახალ რექტორს წაუყენებს, გახლეჩილობის აღმოფხვრა და ადმინისტრაციისა და უნივერსიტეტელების ერთსულოვნების უზრუნველყოფაა, უნივერსიტეტის ინტერესების სასიკეთოდ.
XS
SM
MD
LG