Accessibility links

რამდენად დიდია თურქმენეთის ბუნებრივი აირის მარაგი?


მომავალ ორშაბათს საქართველოს პრეზიდენტი ექვსდღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას.

ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, მიხეილ სააკაშვილი ჩინეთის პრეზიდენტმა ჰუ ძინტაომ მიიწვია. მსოფლიოს ყველაზე ხალხმრავალ ქვეყანაში სააკაშვილის ვიზიტზე და ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობათა მდგომარეობაზე მომავალ კვირაში არაერთხელ მოგვიწევს საუბარი, დღეს კი მოკლედ გიამბობთ ერთ ახალ პროექტზე, რომელსაც ჩინეთი მეზობელ შუა აზიაში ახორციელებს.

ჩინეთისა და თურქმენეთის ლიდერების ჰუ ძინტაოსა და საფარმურად ნიაზოვის მიერ ორშაბათს ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით, სულ მალე დაიწყება მშენებლობა ახალი მილსადენისა, რომლითაც ჩინეთს თურქმენეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება. შეთანხმება 30 წელიწადზეა გათვლილი და მისი პირობებით, 2009 წლიდან ჩინეთი თურქმენეთისგან ყოველწლიურად 30 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს.

რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტმა ბრუს პანიერმა კომენტარი სთხოვა ალექს ვატანკას, ჯეინის საინფორმაციო სამსახურის ექსპერტს.

[ალექს ვატანკას ხმა] "ენერგიის საკითხი ჩინელებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხია და მომავალშიც ასე იქნება, რადგან მათი ეკონომიკის ზრდა დამოკიდებულია მეზობელი ქვეყნებიდან და მთელი მსოფლიოდან ნავთობის, გაზისა თუ ქვანახშირის იმპორტზე. შეხედეთ, რამდენად აქტიურად თანამშრომლობენ ისინი ლათინური ამერიკისა და აფრიკის ქვეყნებთან. თუ ჩინელები ენერგიის წყაროების საძებნელად ასე შორს მიდიან, რა გასაკვირია, ეს წყაროები მეზობელ შუა აზიაშიც ეძებონ."

თურქმენეთსა და ჩინეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მნიშვნელობაზე დღეს ბევრს მსჯელობენ. მაგრამ ზოგიერთ სპეციალისტს ეჭვი ეპარება, რომ მისი სრულად განხორციელება მოხერხდეს. აი, მაგალითად, რას ამბობს ჯონ მაკლეოდი, ლონდონის ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის თანამშრომელი:

[ჯონ მაკლეოდის ხმა] "ჩემი აზრით, გაზთან დაკავშირებული ეს შეთანხმება სამომავლო იმედს უფრო ემყარება, ვიდრე დღეს არსებულ რეალობას. თურქმენები ჩინელებს დაახლოებით იმავე მოცულობის გაზის მიწოდებას ჰპირდებიან, როგორსაც უკრაინასა და რუსეთს დაპირდნენ. და მომავალში თურქმენეთი აპირებს, ავღანეთის გავლით გაიყვანოს სრულიად ახალი მილსადენი, რომელიც ბუნებრივი აირით მოამარაგებს ინდოეთსა და პაკისტანს. საკითხავი ის არის, აქვს კი თურქმენეთს საამისოდ სამყოფი გაზი?"

მოეპოვება თუ არა თურქმენეთს სამყოფი გაზი? ამ შეკითხვაზე დღეს ვერავინ გასცემს დასაბუთებულ პასუხს. ფაქტი ის არის, რომ ჩინეთი ხელიდან არ უშვებს არც ერთ შანსს, რათა ენერგომატარებლების სფეროში თავისი უზარმაზარი მოთხოვნილება რაც შეიძლება მეტი წყაროდან დაიკმაყოფილოს.
XS
SM
MD
LG