Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო ოპოზიციამ ბოიკოტის შეწყვეტის პირობებზე მემორანდუმი გააფორმა


თითქმის ერთკვირიანი კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს საპარლამენტო ოპოზიციამ გამოაქვეყნა მემორანდუმი, რომელშიც პარლამენტის პლენარული

სხდომების მუშაობაში მონაწილეობისათვის საჭირო პირობები ჩამოყალიბდა. მემორანდუმის თანახმად, საპარლამენტო ოპოზიცია ხელისუფლებას მოუწოდებს დაუყოვნებლივ მიიღოს პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისათვის აუცილებელი რადიკალური ზომები. ძირითად საკითხებში საპარლამენტო ოპოზიციის სამივე ფრაქცია ერთსულოვანია. თუმცა მემორანდუმის ხელმოწერის პროცედურა მაინც გახდა უთანხმოების მიზეზი. კერძოდ, ფრაქცია „მრეწველები“ მემორანდუმზე ხელმოწერის ფრაქციულ, კოლექტიურ მოდელს ანიჭებდნენ უპირატესობას, „დემოკრატიული ფრონტი“ და „ახალი მემარჯვენეები“ კი ხელმომწერ დეპუტატთა პერსონიფიცირებას ემხრობოდნენ. საბოლოოდ შეთანხმება ამ მოდელის სასარგებლოდ შედგა და მემორანდუმზე ხელმომწერებს მრეწველთა ფრაქციის დეპუტატებიც შეუერთდნენ.

მემორანდუმის ტექსტის ქვემორე ხელისმომწერთა შორის „დემოკრატიული ფრონტის“ წევრები პირველობენ, შემდეგ მოდიან „ახალი მემარჯვენეების“ დეპუტატები და, ბოლოს, “მრეწველები”. ახალი მემარჯვენე მამუკა კაციტაძე განმარტავს, რომ მემორანდუმზე ხელმოწერის ქცევა ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საკითხად ნაკარნახევი იყო ერთი მთავარი ანგარიშგასაწევი არგუმენტით. კერძოდ, მემორანდუმზე ხელმოწერის საშუალება არაფრაქციულ და უმრავლესობის წევრ დეპუტატებსაც უნდა ჰქონდეთ. მემორანდუმის ხელმოწერის პროცედურის შეთანხმებისას როგორღაც თამაშგარე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მრეწველები, რომლებიც ხელმოწერების გაფორმების დაწყების მომენტში საბოლოო ტექსტსაც კი არ იცნობდნენ. მოკლედ, ამ დროისათვის უკვე შეიძლება იმის თქმა, რომ კონსულტაციების ეტაპი მრეწველთათვისაც დასრულდა და უკვე ნათელია ის მოთხოვნები, რომელთაც საპარლამენტო ოპოზიცია უყენებს უმრავლესობას, პარლამენტის თავმჯდომარესა და პრეზიდენტს.
ახლა კი უფრო კონკრეტულად იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ხელისუფლებამ საპარლამენტო ოპოზიციის პლენარული სხდომის დარბაზში დასაბრუნებლად უნდა გაატაროს. მემორანდუმის თანახმად, ბოიკოტის გამოხატულება სწორედ პლენარული სხდომის მუშაობაში მონაწილეობაზე უარია. ოპოზიცია თანახმაა საკანონმდებლო საქმიანობაში საკომიტეტო მოსმენებზე დასწრების ფორმით ჩაერთოს. პოლიტიკური კრიზისის განსამუხტავად აუცილებელი რადიკალური ზომები კი შემდეგია:

[კობა დავითაშვილის ხმა]“ შეტანილ იქნეს დემოკრატიული ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში: ერთპარტიული ადმინისტრაციის ნაცვლად, შეიქმნას პარიტეტული საარჩევნო კომისიები, უზრუნველყოფილ იქნეს კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩეველთა სიების გამჭვირვალე წესით დაზუსტება. ჩატარდეს ქალაქების მერებისა და რაიონების გამგებლების პირდაპირი არჩევნები, გადაყენებულ იქნეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დაიწყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი სამინისტროს სტრუქტურების რეორგანიზაცია და დეცენტრალიზაცია.“

საპარლამენტო ოპოზიციის სამ პუნქტად ჩამოყალიბებული ძირითადი მოთხოვნები
ფრაქცია „დემოკრატიული ფრონტის“ წევრმა, კონსერვატორთა ლიდერმა კობა დავითაშვილმა გაგვაცნო. ამ მოთხოვნებს მრეწველებმა, მთავრობის მთლიანი შემადგენლობით გადადგომა დაამატეს. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მემორანდუმში აღნიშნული პირობები საზოგადოებრივი დაკვეთაა, რასაც არ ეთანხმება უმრავლესობა. მის აზრს ამჯერად დეპუტატი გიგი წერეთელი გამოთქვამს:

[გიგი წერეთლის ხმა]“ჩვენ გავეცნობით ამას. რაღაცა დრო დაგვჭირდება, რა შეიძლება გაკეთდეს. მაგრამ ბოიკოტის საკითხები ძალიან ხელოვნურად მეჩვენება და მე მგონია, რომ ეს პროცესი უნდა დასრულდეს. მით უმეტეს, რომ აქ არაერთხელ გაკეთდა განცხადება, რომ ულტიმატუმებს უმრავლესობა არ მიიღებს და მართალიც იქნება. იმიტომ რომ ერთხელ ასეთი გადაწყვეტილების მიღება ულტიმატუმის და ბოიკოტის ფონზე ნიშნავს, რომ მუდმივად უნდა იყო მძევალი შემდეგ ამ მექანიზმის, რასაც არასდროს არ დაუშვებს არც ერთი უმრავლესობა, თუ ოდნავ თავში ჭკუა აქვს.“

ოპოზიციამ ბოიკოტი ზუსტად ერთი კვირის წინ, 31 მარტს ღამით, გამოაცხადა და პროტესტის ნიშნად დატოვა სხდომა, რომელზეც უმრავლესობამ 124 ხმით შეუწყვიტა უფლებამოსილება „დემოკრატიული ფრონტის“ აწ უკვე ყოფილ წევრს ვალერი გელაშვილს. სწორედ ეს გარემოება გახდა იმის საბაბი, რომ საპარლამენტო ოპოზიციას წერილობით ჩამოეთვალა კონკრეტული ფაქტები, რომელთა მიხედვითაც, ოპოზიციასა და საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან ხელისუფლების ურთიერთობა რადიკალურ კონფრონტაციად შეფასდა. ეს ფაქტებია: ფიზიკური ანგარიშსწორება ვალერი გელაშვილან, თბილისის საკრებულოს სხდომის დარბევა, გაერთიანებული ქართული ბანკის თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ბოლოს დეპუტატ ვალერი გელაშვილის პარლამენტიდან დათხოვნა. საპარლამენტო ოპოზიცია შექმნილი ვითარებიდან გამოსავლად მიიჩნევს, ერთი მხრივ, ძალადობის ესკალაციის აღკვეთას, მეორე მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას და, რაღა თქმა უნდა, დიალოგის დაწყებას ხელისუფლების პირველ პირებთან. მანამდე კი ბოიკოტის რეჟიმი, მემორანდუმის თანახმად, უვადოდ რჩება ძალაში.
XS
SM
MD
LG