Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს რეფორმის პროცესი ახალ ფაზაში შედის


გაერო რეფორმის პროცესშია. ბოლო წლების მანძილზე ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებულმა სკანდალებმა, კორუფციისა და არასწორი მართვის შემთხვევებმა კიდევ უფრო ცხადი

გახადა გაეროს რეფორმირების აუცილებლობა. ხუთშაბათს ნიუ-იორკში დაფუძნდა გაეროს რეფორმის ჰარმონიზაციის საბჭო, რომელშიც რამდენიმე ქვეყნის პრემიერ-მინისტრია გაწევრიანებული.

გაეროს რეფორმის პროცესში ახალი საბჭო უზრუნველყოფს ორგანიზაციის ჰარმონიულ რესტრუქტურიზაციას ორგანიზაციის საქმიანობის სამ სფეროში: განვითარების, ჰუმანიტარული დახმარებისა და გარემოს დაცვის პროგრამებში.

ჰარმონიზაციის საბჭოს ერთ-ერთი თანათავმჯდომარე გახლავთ პაკისტანის პრემიერ-მინისტრი შაუკატ აზიზი, რომელიც აცხადებს:

[აზიზის ხმა]
”დღევანდელ ცხოვრებაში ერთადერთი, რაც მუდმივია, არის ცვლილება. ცხოვრება იცვლება. ჩვენი ქვეყნები ვითარდება, იზრდება, იცვლება. იცვლება ჩვენ წინაშე მდგარი ამოცანებიც. ამდენად, ორგანიზაციები, რომელთა მთავარი მისიაც ქვეყნებისთვის დახმარების გაწევაა, უნდა შეიცვალოს, უნდა გადაიარაღდეს და მოხდეს მათი რეორგანიზაცია იმისათვის, რომ ხვალინდელ მოთხოვნებს უპასუხონ.”

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის გარდა, გაეროს რეფორმის ჰარმონიზაციის საბჭოს თანათავმჯდომარეებად კოფი ანანმა მიიწვია მოზამბიკისა და ნორვეგიის პრემიერ-მინისტრები.

ჰარმონიზაციის საბჭო ბუნებრივი კატასტროფის შედეგების აღმოფხვრის საგანგებო ფონდის შექმნის ინიციატივით გამოდის. გარემოს დაცვის სფეროში გაეროს პრიორიტეტებს შორის იქნება საყოველთაო დათბობის შედეგების დაძლევა.

ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ საჭიროა საგანგებო ვითარებათა დაძლევის ცენტრალური ფონდის შექმნა, რაც ხელს შეუწყობდა საგანგებო ვითარებებში გაეროს მრავალრიცხოვან უწყებათა კოორდინირებულ მოქმედებას. ამას გარდა, სტოლტენბერგი ვაქცინაციის საერთო ფონდის შექმნის ინიციატორიც არის, რაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და გაეროს ბავშვთა ფონდის მუშაობის ჰარმონიზაციისთვის იქნებოდა მომგებიანი. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა გაეროში ის არის, რომ ხშირად ორგანიზაციის რამდენიმე უწყება ერთსა და იმავე პრობლემაზე მუშაობს. ნორვეგიის პრემიერ-მინისტრი ამბობს:

[სტოლტენბერგის ხმა]
”ჩვენ განვიხილეთ გაეროს სისტემაში არსებულ პრობლემათა ნაწილი. ვისაუბრეთ მოქმედების ჰარმონიზაციაზე, როცა საქმე ეხება უწყებათა მიერ ერთმანეთის საქმიანობის გადაფარვას. შევიტყვეთ, რომ გაეროს წევრ ზოგიერთ ქვეყანაში გაეროს 20-მდე ორგანიზაცია ერთსა და იმავე პრობლემაზე, მაგალითად, წყლის სისუფთავეზე მუშაობს.”

გაეროს რეფორმის ჰარმონიზაციის საბჭოს მეორე შეკრება მაისის ბოლოს გაიმართება. საბჭოს ამოცანაა შეიმუშაოს რეკომენდაციები გაეროს გენერალური ასამბლეისთვის, რომელიც სექტემბერში გაიმართება. თავად ჰარმონიზაციის საბჭო მოქმედებას 2007 წელს შეწყვეტს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG