Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკური დევნილი თუ სისხლის სამართლის დამნაშავე?


დავით პაიჭაძე, თბილისი 31 მარტს თბილისში დააპატიმრეს აზერბაიჯანის მოქალაქე აზერ რამიზოღლი. ის ცნობილია როგორც აზერ სამედოვიც. რამიზოღლის წინააღმდეგ აზერბაიჯანის ხელისუფლებამ

საქმე აღძრა 2004 წლის აპრილში, საპრეზიდენტო არჩევნებიდან 6 თვის შემდეგ. გახსოვთ, საპრეზიდენტო არჩევნებს ბაქოში 2003-ის ოქტომბერში მღელვარება მოჰყვა. მაშინ აზერბაიჯანში 400-მდე მოქალაქე დააკავეს. რამდენიმე ხანში ყველა გაუშვეს - ზოგს პირობითი სასჯელი შეუფარდეს, ზოგსაც ადმინისტრაციული, ზოგიც, უბრალოდ, გაათავისუფლეს. ერთადერთი, ვინც მასობრივი არეულობის ორგანიზებაში ეჭვმიტანილთაგან არ დაუჭერიათ, აზერ რამიზოღლი იყო. არჩევნების შემდეგ მან მალე დატოვა აზერბაიჯანი და დღემდე ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფება. სამართალდამცავებმა მას ბრალი დაუმძიმეს და ახლა რამიზოღლის 5-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ აზერ რამიზოღლი, ბოლო ერთი წელია, თბილისში ცხოვრობს. ის არ იმალებოდა, ცხოვრობდა ლეგალურად. თბილისში დააფუძნა, იუსტიციის სამინისტროში 2005 წლის მარტში დაარეგისტრირა და დღემდე ხელმძღვანელობს არასამთავრობო ორგანიზაციას - სინდისისა და რელიგიის თავისუფლების დაცვის კავკასიურ ცენტრს.

აზერ რამიზოღლი მხოლოდ სამოქალაქო აქტივისტი არ არის. მისი თანამოაზრის, ხსენებული ცენტრის კოორდინატორის, ილჰამ ალიევის თქმით, რამიზოღლი რელიგიური მოღვაწეცაა, რომელიც 90-იანი წლების დასაწყისში “სახალხო ფრონტის” აქტიური წევრიც იყო და მოქალაქეთა რელიგიური ცხოვრების აღორძინებაშიც მონაწილეობდა რელიგიური თემის ჩამოყალიბებითა და ხელმძღვანელობით. 2003 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რამიზოღლი ოპოზიციურ კანდიდატ ისა გამბარს უჭერდა მხარს. ილჰამ ალიევი ამბობს, რომ აღმსარებლობის თავისუფლების დაცვისას აზერ რამიზოღლი არ განასხვავებდა ადამიანებს მათი რწმენის მიხედვით და იცავდა ყველა აღმსარებლობის მოქალაქეს აზერბაიჯანში - მუსლიმს, ქრისტიანს თუ იუდეველს. ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რამიზოღლის დაკავება აზერბაიჯანში მისი საკითხის წამოწევას მოჰყვა:

[ალიევის ხმა] ”ჩვენ შევთავაზეთ აზერბაიჯანის ხელისუფლებას, რომ ბატონი რამიზოღლი, თუ არ დააპატიმრებენ, თავად ჩამოვა აზერბაიჯანში. ის მზადაა, ითანამშრომლოს ხელისუფლებასთან, მისცეს ჩვენებები. უარი გვითხრეს. მხოლოდ მას შემდეგ, რაც ადვოკატი დავიქირავეთ, საქართველოს მოსთხოვეს რამიზოღლის დაპატიმრება. აქამდე არ მოუთხოვიათ.”

საქართველოს კი აზერბაიჯანთან დადებული აქვს შეთანხმება, რომლის ძალითაც ქვეყნები ერთმანეთს გადასცემენ ძებნილ მოქალაქეებს. მაგრამ საქართველო შეერთებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებთან, რომელთაგან ერთს ჩემთან საუბარში ახსენებს უფლებადამცავი ემილ ადელხანოვი, ”Amnisty International”-ის წარმომადგენელი საქართველოში:

[ადელხანოვის ხმა] ”თავის დროზე საქართველომ ხელი მოაწერა კონვენციას, რომლითაც ივალდებულა, არ გადასცეს მოქალაქეები იმ ქვეყანას, სადაც მათ პოლიტიკური დევნა ემუქრებათ. ეს წერია ევროპული კონვენციის მე-7 ოქმშიც და ასეთი მუხლი არის თვითონ ევროპულ კონვენციაშიც.”

თამაზ ავდალიანი, აზერ რამიზოღლის ადვოკატი თბილისში, აცხადებს, რომ არ ჩქარობს გაასაჩივროს ბრალდებულისთვის შეფარდებული წინასწარი სამთვიანი პატიმრობა, რადგან თუ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა, აზერბაიჯანის მხარე მოითხოვს რამიზოღლის ექსტრადიციას:

[ავდალიანის ხმა] ”ჩვენ უნდა წარვუდგინოთ გენერალურ პროკურატურას ჩვენი მასალები, საიდანაც ჩანს, რომ ეს ადამიანი ეწეოდა პოლიტიკურ მოღვაწეობას. ბრალი ედება, რომ ორგანიზება გაუკეთა ოპოზიციის გამოსვლას. ჩანს, რომ აქ არც კრიმინალია და არც არაფერი. სუფთად პოლიტიკური დევნაა. პროკურატურას აზერბაიჯანიხ მხარე გადასცემს ამონაწერებს საქმიდან, მათ შეუდარებენ ჩვენს მონაცემებს და გადაწყვეტენ რამიზოღლის ექსტრადიციის საკითხს.”

თუმცა აზერ რამიზოღლის სამშობლოში ბრალი დაუმძიმეს: მას ახლა ადანაშაულებენ ხელისუფლებისათვის წინააღმდეგობის გაწევასა და სხვისი ქონების დაზიანებაშიც. ეს კი 5-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. აზერ რამიზოღლის ადვოკატი თამაზ ავდალიანი ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს თხოვნით, მისცეს პოლიტიკური თავშესაფარი. არის ქვეყანა, რომელიც რამიზოღლის უკვე სთავაზობს პოლიტიკურ თავშესაფარს - ნორვეგია. 2003 წლის ოქტომბერში ბაქოში სწორედ ნორვეგიის საელჩოს აფარებდა თავს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის არაერთი პოლიტიკური ოპონენტი.

XS
SM
MD
LG