Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიტიკაში ყოფნა ჯერჯერობით ყველაზე ეფექტური ბიზნესია


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი ”ღვინის ბლოკადამ” და საპარლამენტო ოპოზიციის ბოიკოტმა გასულ კვირას უკანა პლანზე გადასწია ის თემა, რომელიც, სხვათა შორის, ფორმალურად ბოიკოტის საბაბი გახდა.

საუბარია საკანონმდებლო ხელისუფლებაში ყოფნით საკუთარი ბიზნესინტერესების ლობირებაზე, ანუ ბოლო წლების მუდმივ დისკუსიაზე - ”უნდა ჰქონდეს თუ არა დებუტატს საკუთარი ბიზნესი”. ერთი კვირის წინ საქართველოს უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაუშვა პრეცედენტი, რომელმაც ეს დისკუსია განსხვავებულ რაკურსში გადაიყვანა.

საქართველოს კანონმდებლობით ეს საკითხი ფორმალურად დარეგულირებულია, ანუ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბიზნესის მართვაში მონაწილეობა ეკრძალებათ. პარლამენტმა - უფრო სწორად, საპარლამენტო უმრავლესობამ -საკუთარ კოლეგა ვალერი გელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ამ გადაწყვეტილების ოფიციალური მიზეზი ინტერესთა კონფლიქტი, ანუ კანონმდებლის საქმიანობასთან ბიზნესის შეუთავსებლობა გახდა. მანამდე იყო დეპუტატ ბექაურის გახმაურებული ისტორია. უმრავლესობის წარმომადგენელმა მაშინ თავად თქვა თუ ათქმევინეს უარი პარლამენტარის სტატუსზე. ამის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უმრავლესობას კობა ბექაურის საკანონმდებლო ორგანოდან წასვლით ოპოზიციის მათთვის არასასურველ ”სქელ ჯიბეებზე” იერიშის მისატანად ხელ-ფეხი გაეხსნა.
ოპოზიციას, რომელმაც გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის გადაწყვეტილების შემდეგ საპარლამენტო სესიებს ბოიკოტი გამოუცხადა, მიაჩნია, რომ უმრავლესობამ პოლიტიკური დაკვეთა შეასრულა. ისინი ფიქრობენ, რომ იმ დროს, როდესაც მმართველ პარტიაში მრავლად არიან ბიზნესიდან მოსული ან პოლიტიკაში გამდიდრებული პერსონები, ოპოზიციონერი მილიონერის საჯარო გაკიცხვა ორმაგი სტანდარტის კლასიკური მაგალითია. უმრავლესობა, პირიქით, თავის ოპონენტებს ადანაშაულებს ორმაგ სტანდარტში და მათ კობა ბექაურის ისტორიას შეახსენებს. მოკლედ, ბიზნესისა და პოლიტიკის შეუთავსებლობის შესახებ ზოგადმა დისკუსიამ ბოლო პერიოდში კონკრეტული და საკმაოდ კონფრონტაციული სახე მიიღო. თუმცა ეს დისკუსია, როგორც პოზიციის, ისე მათი ოპონენტების მხრიდან, როგორც წესი, პოლიტიკური ანგარიშსწორების ფორმას ატარებს.
პოლიტიკისა და ბიზნესის ”თანაცხოვრების” პრობლემა, ბუნებრივია, არ გახლავთ წმინდა ქართული მოვლენა და იგი, მეტ-ნაკლებად, ყველა ქვეყანაში არსებობს. ბიზნესის ლობისტური ჯგუფები არსებობს ნებისმიერი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში და ეს სავსებით ნორმალურია, მაგრამ ის, რომ ბიზნესმენები თავად მასობრივად ერთვებოდნენ აქტიურ პოლიტიკაში, ალბათ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სენია. ეს თემა განსაკუთრებით აქტუალურია იმ ტიპის სახელმწიფოებისათვის, სადაც არსებობს პრობლემები სასამართლო სისტემაში, ყვავის კორუფცია და არ არის სრულად ფორმირებული სამოქალაქო საზოგადოება. იმ ქვეყნებში, სადაც სამართლიანობის ხარისხი ძალაუფლების ხარისხის პირდაპირპროპორციულია, სრულიად ბუნებრივია ბიზნესის სწრაფვა პოლიტიკისაკენ. იქ, სადაც კანონის უზენაესობის ცნება პირობითია, კერძო საკუთრების მიმართ დამოკიდებულება - შერჩევითი, ხოლო პირადი დაცულობის ხარისხი - მიზერული, ხელისუფლებაში ყოფნა ბიზნესისათვის ერთგვარ ინდულგენციად და ჯავშნად იქცა. ეს ტენდენცია ქართულ რეალობაში უკვე აღარავის უკვირს. ექსპერტი დემურ გიორხელიძე აღნიშნავს, რომ გასაკვირი აღარც ის უნდა იყოს, რომ ყველაზე კარგ ბიზნესად ხელისუფლებაში ყოფნა ითვლება:

[დემურ გიორხელიძის ხმა] „ასეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, სადაც კანონი, ფაქტობრივად, შერჩევითად მოქმედებს, სადაც კონსტიტუცია შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერი მიმართულებით და ა.შ., ყველაზე დიდი ბიზნესი ასეთ ქვეყანაში არის ხელისუფლებაში ყოფნა და პოლიტიკა. ეს იძლევა უკანონო, მოუწესრიგებელ ქვეყანაში ე.წ. სპეციალურ აქტივს, რომელიც მუშაობს მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში და ეს აქტივი უკანონობის შემთხვევაში, ლობირების შემთხვევაში, კლანური მმართველობის შემთხვევაში ყველა ქვეყნაში იქცევა ბიზნესად.”(სტილი დაცულია)

სანამ პოლიტიკა ბიზნესის კეთების ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებად რჩება და მეწარმისათვის თავისი კაპიტალის თუ, ელემენტარულად, პირადი უსაფრთხოების დასაცავად დეპუტატის მანდატი ყველაზე კარგი ჯავშანია, ბიზნესის ლტოლვა პოლიტიკისადმი და, პირიქით, პოლიტიკოსთა ცდუნება აკეთონ ბიზნესი, სამწუხარო რეალობად დარჩება, - შესაბამისად, პოზიციასაც და ოპოზიციასაც ამ თემით სპეკულირებისათვის საბაბი ყოველთვის ექნება.

XS
SM
MD
LG