Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა


გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურმა

ფრაქციებმა საზოგადოებასა და მედიას მოდუნების საშუალება არ მისცეს. „მრეწველებმა“, „მემარჯვენე ოპოზიციამ“ და „დემოკრატიულმა ფრონტმა“ ბოიკოტის ფორმისა და მემორანდუმის შინაარსის შეჯერებას თითქმის მთელი კვირა მოანდომეს. შეგახსენებთ გასული კვირის ამ და სხვა მნიშვნელოვან მოვლენებს.

31 მარტს გამოცხადებული ბოიკოტის მოთხოვნების ქაღალდზე გადატანა ოპოზიციურმა ფრაქციებმა მხოლოდ მიმდინარე კვირის მიწურულს მოახერხეს. „დემოკრატიული ფრონტის“ ლიდერებს გაუჭირდათ უმძრახად მყოფი „მრეწველებისა“ და „მემარჯვენეების“ ერთ მაგიდასთან დასხმა. მსმენელს, ალბათ, ახსოვს, რომ ოპოზიციურმა ფრაქციებმა ბოიკოტი დეპუტატ ვალერი გელაშვილისთვის უფლებამოსილების შეწვეტის პასუხად გამოაცხადეს. ხანგრძლივი, მრავალდღიანი კონსულტაციების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა საზოგადოებასა და საპარლამენტო უმრავლესობას იმ მოთხოვნათა ჩამონათვალი გააცნეს, რომელთა დაკმაყოფილების გარეშეც ბოიკოტი არ შეწყდება:

[კობა დავითაშვილის ხმა] „შეტანილი იქნეს ცვლილებები საარჩევნო კანონმდებლობაში, ერთპარტიული საარჩევნო ადმინისტრაციის ნაცვლად შეიქმნას პარიტეტული კომისიები. უზრუნველყოფილ იქნეს კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩეველთა სიების გამჭვირვალედ დაზუსტება. მეორე: ჩატარდეს მერებისა და გამგებლების პირდაპირი არჩევნები. მესამე: გადაყენებულ იქნეს შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი და დაიწყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურების რეორგანიზაცია და დეცენტრალიზაცია.“


აპირებს თუ არა ხელისუფლება ამ მოთხოვნებიდან თუნდაც მცირე ნაწილის დაკმაყოფილებას? გასულ კვირაშივე საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დაუფარავად განუცხადეს ოპონენტებს, რომ ულტიმატუმის არათუ დაკმაყოფილებას, არამედ მის სერიოზულ განხილვასაც კი არ აპირებენ:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”ეს გადაწყვეტილი საკითხებია და მათთან დაკავშირებით უკვე წერტილია დასმული. ახლა გაიხსენეს ყველა მათ მიერ წაგებული დებატები და კონსულტაციები და ერთობლივ მოთხოვნად დააყენეს და თქვეს, რომ შემოვლენ, თუ ეს მოთხოვნები დაკმაყოფილდება. ამ ულტიმატუმზე როგორ უპასუხებს უმრავლესობა, რომელსაც იდეაში საერთოდ არ სჭირდება ეს ოპოზიცია ( გადაწყვეტილების მიღებას ვგულისხმობ).” (სტილი დაცულია)

თქმა არ უნდა, საპარლამენტო უმრავლესობა არც შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გადაყენებას დაუჭერს მხარს. მით უმეტეს, ოპოზიციის მოთხოვნას უსაფუძვლოს უწოდებს თავად ვანო მერაბიშვილი, რომლის უწყებამაც გასულ კვირაში რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. აღნიშვნის ღირსია უკრაინაში ეგრეთ წოდებული „კანონიერი ქურდის“ ტარიელ ფოცხვერიას დაკავება და შინაგან საქმეთა სამინისტროს თვალსაწიერში მოქცევა ასევე „კანონიერი ქურდის“, შაქრო კალაშოვის, საქმიანობის და ქონებისა.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] „რაც უნდა გააკეთონ ქურდებმა, გინდა დედის გვარზე გადავიდნენ და გინდა ცოლისაზე, სადაც უნდა დაიმალონ, ჩვენ მათ ყველგან და ყოველთვის მივწვდებით. რაც შეეხება ქონების საკითხს, მინდა გითხრათ, რომ სასამართლო ჩამოართმევს ქურდებს ქონებას და მათ ბინებში პოლიციის განყოფილებებს განვათავსებთ.“

თუმცა სამართალდამცავი სტრუქტურები მხოლოდ კრიმინალური ავტორიტეტების დევნით როდი იყვნენ დაკავებულები. სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურამ ძებნა გამოაცხადა სათბობ-ენერგეტიკის ყოფილ მინისტრ მამუკა ნიკოლაიშვილზე, რომელსაც სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გამოძიების მტკიცებით, ექს-მინისტრმა, რომელიც ამჟამად საფრანგეთში ცხოვრობს, სახელმწიფო 30 ათასი ლარით აზარალა. ძებნილის ადვოკატი გოჩა სვანიძე პროკურატურის გამომძიებლებს კანონის დარღვევაში ადანაშაულებს:

[გოჩა სვანიძის ხმა] „ მე შორს ვდგავარ იმ აზრისგან, რომ პროკურატურაში უცოდინრები მუშაობენ და არც მაინტერესებს მათი კომპეტენციის საკითხი. ვიცი, რომ ამ შემთხვევაში სერიოზულად დაირღვა კანონი და მინდა დავიჯერო, რომ გენერალური პროკურორი თავის სისტემაში არსებულ სერიოზულ კანონდარღვევებზე მოახდენს რეაგირებას.“

გასულ კვირაში სულ სხვა პრობლემები აწუხებდათ მოქმედ მინისტრებს. განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ლომაიამ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის ახალი შემსრულებელი წარადგინა. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, რუსუდან ლორთქიფანიძე გიორგი ხუბუამ შეცვალა.

[გიორგი ხუბუას ხმა] „უნივერსიტეტში მიმდინარე ცხოვრება, ალბათ, არ ვითარდებოდა ისე დინამიურად და ისეთი ტემპით, როგორიც ეს დამახასიათებელია თანამედროვეობისათვის, ამიტომ ამ მიმართულებით უნივერსიტეტმა ტემპი გარკვეულწილად უნდა დააჩქაროს.“

ტემპის აჩქარება ასევე არ აწყენდა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, რომელიც ვერაფრით ეხმარება რუსეთის ბაზრიდან გამოძევებულ ღვინის მწარმოებელ ქართულ კომპანიებს. მიხეილ სვიმონიშვილი დარწმუნებულია, რომ რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტის აკრძალვას პოლიტიკური საფანელი აქვს. მინისტრი უახლოეს დღეებში თავად აპირებს მოსკოვში გამგზავრებას და რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმთან შეხვედრას.

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] „მზად ვართ კონსტრუქციული საუბრისთვის, ამისთვის ჩავდივართ მოსკოვში. ჩემთან ერთად მოდიან სპეციალისტები და ყველაფერი გამოჩნდება მოსკოვის ვიზიტის შემდეგ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ასევე ვგეგმავთ უამრავ სხვადასხვა კონკრეტულ ღონისძიებას.“

კონკრეტულ ღონისძიებათა შორის მოხვდა ქართული ღვინისათვის ახალი ბაზრების მოძიების საკითხი. საქართველოს ხელისუფლება იმედს გამოთქვამს, რომ ქართული ღვინო თაყვანისმცემელსა და მომხმარებელს შეიძენს ბევრ სხვა ქვეყანაში და, მათ შორის, ჩინეთში, რომელსაც მომავალ კვირაში ხუთდღიანი ვიზიტით საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა. თუმცა ჩინეთში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში რეგიონული მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა. პრეზიდენტმა, ძირითადად, წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე ილაპარაკა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] „ჩვენ ვართ აგრარული ქვეყანა. რა თქმა უნდა, ეკონომიკის განვითარებას მარტო აგრარული სექტორი არ ეყოფა, მაგრამ იმისათვის, რომ დასაქმება ფართო იყოს ქვეყანაში, ჩვენ გვჭირდება სიტუაციის მკვეთრად გაუმჯობესება ამ სფეროში. ჩვენი სტრატეგიული ამოცანაა უახლოეს წლებში, 4-5 წელიწადში, საქართველოს სოფლის მეურნეობაში ერთიანი ეროვნული შიდა პროდუქტის მოცულობა გაიზარდოს ორჯერ.“

გასულ კვირაშივე მთავრობის წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ საქართველოს წარმატებები ოდენ ეკონომიკის სფეროთი არ შემოიფარგლება. საქმე ის არის, რომ 13 აპრილს ბრიუსელში, ნატოს შტაბბინაში, “ოცდაექვსი პლუს ერთის” ფორმატით დაგეგმილ სხდომაზე განიხილავენ ნატოსთან საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის - IPAP-ის - შესრულების ანგარიშს.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] „ბუნებრივია, ჩვენ ყველა შეკითხვაზე გვაქვს პასუხი. შეფასებაც პოზიტიურია. ველით, რომ ამ წლის ბოლოს საქართველო გახდება MAP-ის წევრი.“

საგარეო საქმეთა მინისტრმა ეს განცხადება 7 აპრილს საქართველოში აკრედიტებულ ნატოს წევრი სეხელმწიფოების ელჩებთან შეხვედრისას გააკეთა. გელა ბეჟუაშვილის თქმით, MAP-ის, ანუ გაწევრიანების სამოქმედო გეგმის, მიღება ქართული სახელმწიფოს ბოლო დროის უდიდესი გამარჯვება იქნება. თუმცა ხელისუფლება, როგორც ჩანს, ლოდინს არ აპირებს და მომავალი გამარჯვების სიმბოლოსა და მონუმენტს უკვე ახლავე დგამს.

[გიგი უგულავას ხმა] „მონუმენტი იქნება მერიის სიმაღლე, ანუ დაახლოებით 30 მეტრი. ქვევით იქნება შადრევანი და, მთლიანობაში, ეს შექმნის იმ სისავსეს, რასაც ავტორი, ზურაბ წერეთელი, უწოდებს თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტს.“

8 აპრილს მოსკოვიდან თბილისში სპეციალური რეისით მონუმენტის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, მოქანდაკე ზურაბ წერეთლის მიერ ჩამოსხმული წმინდა გიორგის ბრინჯაოს ქანდაკება, ჩამოიტანეს. თავისუფლებისა და გამარჯვების მონუმენტის მშენებლობა გასული წლის ნოემბერში დაიწყო, თუმცა მშენებლები ვერ იძლევიან გარანტიას, რომ ძეგლი დათქმულ ვადაში, ანუ დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, გაიხსნება.



  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG