Accessibility links

logo-print

1988 წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში


1988 წელს პარიზში, პომპიდუს ცენტრში,

ქართული კინოს დიდი რეტროსპექტივა მოეწყო. ჩვენი ფილმების ჩვენება საფრანგეთის და, შეიძლება ითქვას, “ევროპული კულტურის მთავარ დარბაზში” 3 თვე გრძელდებოდა. პომპიდუს ცენტრის გამომცემლობამ მოამზადა სქელტანიანი კატალოგი “სინემა ჟორჟიენ”, სრული ინფორმაციით ქართული კინოს ისტორიაზე, რეჟისორებზე, მსახიობებზე, საერთოდ, ქართულ კულტურაზე. წიგნი 200 ფრანკი, ე.ი., მაშინდელი კურსით, თითქმის 45 ამერიკული დოლარი ღირდა... მიუხედავად ამისა, “სინემა ჟორჟიენ” რამდენიმე თვეში გაქრა საფრანგეთის წიგნის მაღაზიების თაროებიდან. დღეს პარიზში გამოცემული ქართული კინოს ისტორია ბიბლიოგრაფიული იშვიათობაა და, ამავე დროს, უცხო ენაზე გამოცემული ერთადერთი წიგნი, რომელიც ქართული კინოს ისტორიას, ჩვენი კინოხელოვნების განვითარების ეტაპებს ასახავს... მას შემდეგ ქართველ კინემატოგრაფისტებს არაერთ ფესტივალზე გაუმარჯვიათ, არაერთი უცხოელი კინემატოგრაფისტი, პროდიუსერი, კინოს ისტორიკოსი ჩამოსულა საქართველოში, უნახავს ქართული ფილმები და უკითხავს ჩვენთვის, შეგიძლიათ თუ არა მომაწოდოთ რაიმე ინფორმაცია თქვენი კინოს წარსულის, ქართული კინოხელოვნების კლასიკოსების შესახებო? ამ ხალხს უარით ვისტუმრებდით ან ისევ და ისევ პარიზში გამოცემულ კატალოგს ვახსენებდით.

რა თქმა უნდა, წიგნები ქართულ კინოზე დროდადრო მაინც იბეჭდებოდა, მაგრამ -მხოლოდ ქართულ ენაზე და ისიც - მცირე ტირაჟით. მერე დადგა 90-იანი წლები. კინემატოგრაფისტებმა თავად დაიწყეს “ეროვნული კინოს გარდაცვალებაზე” ლაპარაკი. ფილმებს აღარ იღებდნენ და, აბა, ვის მოუვიდოდა თავში ქართული კინოს ისტორიისადმი მიძღვნილი წიგნის გამოცემა.

არადა, კინოს ისტორიის სახელმძღვანელო, ფაქტობრივად, იგივეა, რაც “ისტორიის წიგნი”... აი, 9 აპრილი ავიღოთ, მაგალითად... ამ ტრაგიკულ თარიღს ქართველმა დოკუმენტალისტებმა არაერთი ფილმი მიუძღვნეს – ფირზე აღბეჭდეს ის სისხლიანი ღამე... მაგრამ საქართველოს საზღვრებს გარეთ, ფაქტობრივად, არა აქვთ ინფორმაცია ამ ფილმებზე... ანალოგიური მდგომარეობაა მხატვრულ კინოში – ეროვნული კინოს ყველაზე მძიმე წლებშიც კი დროდადრო ჩნდებოდნენ ენთუზიასტები, რომლებიც გროშებად ახერხებდნენ კინოს გადაღებას... ანდა სამოყვარულო კამერა ეჭირათ ხელში და ჩვენი უახლესი ცხოვრების ფაქტებს აღბეჭდავდნენ. სად გაქრა ეს ფილმები? სად შეიძლება იმის გაგება, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი კინემატოგრაფისტები ეროვნული კინოს “გარდაცვალების” წლებში?

სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ საქართველოს კინემატოგრაფისტთა კავშირი დროდადრო მაინც ახერხებდა ამ ფილმების აღნუსხვას... მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ცნობარების ავტორებს მხოლოდ კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრები აგონდებოდათ. მერე საქართველოს ეროვნული კინოცენტრიც შეიქმნა – ორგანიზაცია, რომლის მოვალეობა, ყველაფერთან ერთად, ეროვნული კინოს პროპაგანდაა - მაშინაც კი, თუკი საზოგადოებაში ქართული კინოს “გარდაცვალებაზე” ლაპარაკობენ.

თუმცა გასულ კვირას წიგნის სახლ “პარნასში”, ეროვნული კინოცენტრის მიერ გამოცემული კინოკატალოგის პრეზენტაციაზე, ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელმა გაგა ჩხეიძემ თითქმის კატეგორიულად განაცხადა, რომ ქართული კინოს გარდაცვალებაზე საუბარი ნაადრევი იყო... ეროვნული კინო ცოცხალია და ამას 2000-20005 წლებში გადაღებული ფილმების კატალოგიც ადასტურებს:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “აღმოჩნდა, რომ სრულიად ზედმეტია საზოგადოების წუწუნი თემაზე “კინო მოკვდა, ქართული კინო კრიზისშია...” ვინც გაეცნობა ამ კატალოგს, მიხვდება, რომ მართლა რაღაც კეთდებოდა ამ 6 წლის განმავლობაში. იმედია, რომ ეს დასაწყისია კინემატოგრაფის დიდი წინსვლისა საქართველოში.”

წიგნში შესულია 105 რეჟისორის მიერ გადაღებული 170 ფილმის ანოტაცია, სინოფსისი და კადრები. აქვე შეიძლება გავიგოთ, თუ რომელი სტუდიები ფუნქციონირებს დღეს საქართველოში და რომელი ფესტივალები ტარდება. ფილმების მხატვრული დონე, ცხადია, განსხვავებულია... თუმცა კატალოგის ავტორები ამ ფილმების შეფასებაზე უარს ამბობენ. “ტრაბახს ხომ არა ჰგავს ეს ყველაფერი?” – ვეკითხებით პრეზენტაციის დასრულების შემდეგ ეროვნული კინოცენტრის ხელმძღვანელს გაგა ჩხეიძეს.


[გაგა ჩხეიძის ხმა] “რა თქმა უნდა, ვტრაბახობთ, რადგან ძალიან ვამაყობთ ამ წიგნით, რომელიც შესანიშნავად მოამზადა ქეთი კიკნაძემ – მართლა წყნარად, მშვიდად იმუშავა... თქვენ წარმოიდგინეთ, როგორია 106 ქართველ რეჟისორთან მუშაობა, მასალის შეგროვება, ფოტოების შეგროვება, რაც არც ისე იოლი საქმეა, რადგან ბევრი ფილმი ვიდეოზეა გადაღებული და კადრის ამოღება ძალიან ჭირს.”

ვიდეოზე, მართლაც, მეტისმეტად ბევრი ფილმია გადაღებული. ეს, ცხადია, კარგი ცხოვრების გამო არ ხდება... თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ტექნიკას. უნდა დავეთანხმოთ გაგა ჩხეიძეს, რომელიც ამ მშვენივრად გამოცემული წიგნის შესავალში აღნიშნავს: “ბევრს გააოცებს ფილმების სიუხვე და თემების მრავალფეროვნება. რაც მთავარია, იგრძნობა ახალი თაობის ენერგია. საქართველოში კინოს გაკეთება ერთ-ერთ ყველაზე სასურველ პროფესიად რჩება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ “ქართული კინოს ფენომენს” დღეგრძელობა უწერია.”

“კინოს კეთება”, როგორც ჩანს, ისევ მოდაშია საქართველოში... განსხვავებით ყოფილი კომუნისტური ბლოკის სხვა ქვეყნებისგან... ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე რომ აღარაფერი ვთქვათ. მთავარია ახლა, ამ მოდის შესახებ უცხოელმა პროდიუსერებმა, დიდი კინოფესტივალების დირექტორებმა შეიტყონ... შესაძლებელია, ამიტომაცაა ეს წიგნი ორ ენაზე – ქართულად და ინგლისურად -გამოცემული... მაია ყიასაშვილის თარგმანით. გაგა ჩხეიძის თქმით, პომპიდუს ცენტრში გამოცემული “სინემა ჟორჟიენ” უკვე ისტორიაა... დასავლეთში ახლა უფრო აინტერესებთ, რა ხდება დღევანდელ ქართულ კინოში:

[გაგა ჩხეიძის ხმა] “თავდაპირველად კატალოგი ჩაფიქრებული იყო ინგლისურ ენაზე, მაგრამ მერე ორენოვანის გამოშვება გადავწყვიტეთ, რადგან საქართველოშიც დიდია ინტერესი. ტირაჟის უდიდესი ნაწილი განკუთვნილია საზღვარგარეთ გასავრცელებლად – ფესტივალებზე, კინოორგანიზაციებში, ვისაც კი ქართული კინო აინტერესებს.”

“პარნასში” გამართულ პრეზენტაციაზე ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა. საინტერესოა, რომ აქ ჭარბობდნენ არა ქართული კინოს კლასიკოსები, არამედ ახალგაზრდები, რომლებიც მხოლოდ ახლა მოვიდნენ ჩვენს კინოში... მათი გვარები უკვე შევიდა ქართული კინოს უახლესი ისტორიის ამსახველ კატალოგში... გაგა ჩხეიძე დარწმუნებულია, რომ მომდევნო კატალოგში, რომელშიც 2005-2010 წლების ქართული კინოს მდგომარეობა აისახება, ახალი სახელები გაჩნდება... ეს ახალგაზრდები კი, რომლებიც დღეს მხოლოდ და მხოლოდ ვიდეოზე იღებენ ფილმებს, ახალი სრულმეტრაჟიანი ფილმებით, “ნამდვილი კინოთი” გაგვაკვირვებენ... ამის შემდეგ ქართული კინოს წარმატებებით არა მარტო ეროვნული კინოცენტრი, არამედ მთელი ქართული საზოგადოება იამაყებს.


[გაგა ჩხეიძის ხმა] “ჩვენ ვემზადებით 2008 წლისთვის... ჩვენ გვინდა შევიდეთ თხოვნით მთავრობასთან, რომ 2008 წელი გამოცხადდეს ქართული კინოს წლად... მოგეხსენებათ, რომ 1908 წელი ქართული კინოს ისტორიის დასაწყისად ითვლება... 2008 წლისთვის უნდა მომზადდეს როგორც წიგნები, ასეთი ტიპის ბეჭდური გამოცემები, ასევე მონაცემთა ბაზა მთლიანად ქართულ კინოზე. – ვაპირებთ დიდი გამოფენის გაკეთებას, სიმპოზიუმების ჩატარებას.”
XS
SM
MD
LG