Accessibility links

სემუელ ბეკეტი – 100


13 აპრილს მსოფლიო ირლანდიელი მწერლის,

ნობელის პრემიის ლაურეატის სემუელ ბეკეტის დაბადების მეასე წლისთავს აღნიშნავს. სხვადასხვა ქვეყანაში კვლავაც ცდილობენ ახლებურ ინტერპრეტაციას ბეკეტის ლიტერატურული შედევრებისა, რომელთა აზრს, სხვათა შორის, თავად მწერალი არასდროს ხსნიდა. “როგორც გნებავთ, ისე გაიგეთო,” – ამბობდა “ბედნიერი დღეების”, “თამაშის”, “გოდოს მოლოდინის ავტორი”... ახსნას ცდილობდნენ, სემუელ ბეკეტი კი სულ უფრო მეტად ურთულებდა საქმეს ინტერპრეტაციის მოყვარულებს – დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტად მოკლდებოდა მისი პიესები და სულ უფრო მეტად ემსგავსებოდა შეშლილის მონოლოგს. ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”, რომელიც სემუელ ბეკეტის იუბილეს ეძღვნება, რამდენიმე ასეთ მონოლოგს გაგახსენებთ.

[ნაწყვეტი ბეკეტის რადიოპიესიდან “კასკანდო”, ჯოზეფ კასალინის შესრულებით]

სემუელ ბეკეტის რადიოპიესას “კასკანდო” ფრენკ კოლისონის სახელგანთქმული თეატრის მსახიობი ჯოზეფ კასალინი კითხულობს. ინგლისური ენა თუ არ იცით, შეიძლება უკეთაც აღიქვათ დიდი ირლანდიელი მწერლის სტილისტიკა. საქმე ისაა, რომ ერთმანეთთან აზრობრივად დაუკავშირებელი სიტყვების სალათი, ნეოლოგიზმები ბეკეტის პიესებსა და რადიოპიესებში, როგორც წესი, ძალიან აბნევს მსმენელს. თეატრი და რადიო, რომლის ერთ-ერთი მთავარი პრინციპი კომუნიკაციაა, აქ მინუსკომუნიკაციით, ანტიკომუნიკაციით იცვლება. ინგლისური თუ იცით, მაინც ვერ დაადგენთ, ვინ არიან ბეკეტის გმირები, ვინ კითხულობს ამ მონოლოგებს – ვერ დაადგენთ მათ ასაკს, სოციალურ მდგომარეობას, ვერაფერს. ისღა გრჩებათ, გამოაღვიძოთ თქვენი ფანტაზია და თავისუფლად მიმართოთ ინტერპრეტაციას. ბეკეტი ამის საშუალებას ნამდვილად მოგცემთ...აი ასე, გაემიჯნებით პერსონაჟებს და დაუბრუნდებით საკუთარ თავს... ვინ გაბედავს და ვინ იტყვის, რომ ჩვენ საკუთარ თავთან კომუნიკაციის პრობლემა უკვე მოგვარებული გვაქვს?

[“სამყარო და მუსიკა”, ფრენ კოლისონის შესრულებით]

ჯოზეფ კასალინი კითხულობს ბეკეტის პიესას “სიტყვები და მუსიკა”. როგორც ხედავთ, ოპოზიცია, დაპირისპირება, დამახასიათებელი ბეკეტის ნაწარმოებებისთვის, აქ უკვე სათაურში გამოჩნდა. სიტყვა, რომელმაც მნიშვნელობა დაკარგა, რომელიც თავის შინაარსს გაემიჯნა, მუსიკალურ ბგერად იქცევა... თუ ამას ბეკეტისთვის დამახასიათებელ პაუზებს დავუმატებთ და იმასაც გავიხსენებთ, რომ მწერლის პიესებში პერსონაჟებს არა მარტო რეალობის გრძნობა აქვთ დაკარგული, არა მარტო ცნობიერება აქვთ ბლოკირებული, არა მარტო საშინელი ნიჰილიზმი ახასიათებთ, არამედ ფიზიკური გადაადგილების უნარიც დაქვეითებული აქვთ, მივხვდებით, რომ სემუელ ბეკეტს მაინცდამაინც არ აინტერესებდა რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც, მეტ-ნაკლებად, ყველას გვიშლის ნერვებს – ბეკეტს ჩვენ სულ სხვა სამყაროში გადავყავართ – სამყაროში, სადაც ცხოველები პიესის პერსონაჟები ხდებიან, სადაც დრო და სივრცე გაყინულია და სადაც ვიღაცას ელიან - “გოდოს”, იმავე “ღმერთს”, ელიან.

“გოდოს მოლოდინი”... დღეს უკვე “მოსწრებული ფრაზაა”, მოსწრებული სიტყვები, რომელსაც ის ხალხიც ხმარობს, სემუელ ბეკეტის შესახებ რომ არაფერი გაუგია. არადა, 50 წლის წინ ევროპამ მხრები აიჩეჩა ბეკეტის ამ პიესაზე.

სემუელ ბეკეტი თავდაპირველად ჯეიმს ჯოისის შემოქმედების გავლენას განიცდიდა, თუმცა ამ გავლენისგან იგი ძალიან მალე თეატრმა გაათავისუფლა. დრამა დაეხმარა ეთქვა ის, რაც თავად არ იცოდა. ერთი კრიტიკოსის თქმით, როცა მსახიობი სცენაზე გამოდის, ათასობით მაყურებლის თვალწინ, მან რაღაც უნდა გააკეთოს. მაგრამ როცა არაფერს აკეთებს – მანიფესტი იქმნება, თავისებური “დუმილის აქცია”... და, აბა, რამდენი პოეტი ოცნებობდა “დუმილის პოეზიაზე”, რა არ გააკეთეს ამისთვის... ბეკეტმა ამ მიზანს ადვილად მიაღწია თავისი ეგრეთ წოდებული “აბსურდის თეატრით”.

საინტერესოა, რომ სემუელ ბეკეტი არასდროს იყენებდა სიტყვას “აბსურდი”, რადგანაც იმ ხალხმა, ვინც ბეკეტის ნაწარმოებებს “აბსურდის თეატრი” შეარქვა, მაინცდამაინც გასაგებად ვერ ახსნა, რა იგულისხმება ამ ტერმინში. თუ როლან ბარტს დავეყრდნობით, აბსურდი არის ის, რაც ეწინააღმდეგება “აზრს”...”ანტიაზრი”... როცა “აზრი”, ისევე როგორც “ღმერთი”, მკვდარია, მით უფრო მეტია მისი, ე.ი. “აზრის”, ე.ი. ღმერთის, მოთხოვნილება, მით უფრო ძლიერდება მისი – აზრის, ღმერთის, ჭეშმარიტების - მოლოდინი.

“გოდოს მოლოდინი” 1949 წელს ფრანგულად დაიწერა. 1952 წელს პიესა საფრანგეთის რადიოში წაიკითხეს. 1953 წელს პარიზში დიდი წარმატებით დადგეს. მაგრამ მსოფლიო პარიზი არ არის... არც ლონდონია პარიზი. 1955 წლის 3 აგვისტოს ბეკეტის პიესის პრემიერაზე პუბლიკამ მეათე წუთზე დაიწყო დარბაზიდან გასვლა. მსახიობებს საშინელ ხმაურში მოუხდათ თამაშის გაგრძელება. თუმცა ასეთი კატასტროფული მარცხი ლონდონში - ქალაქში, რომელიც ბეკეტს არასდროს უყვარდა - მომგებიანი აღმოჩნდა ავტორისთვის; მეორე დღეს ბრიტანული გაზეთები ასეთი სათაურებით აჭრელდა: “ის, რაც მოსწონთ საფრანგეთსა და გერმანიაში, არ ესმით ინგლისელებს”... “გოდოს მოლოდინით” დაინტერესდნენ ნიუ-იორკის თეატრები. იმავე წლის ბოლოს ბეკეტის პიესა წარმატებით დაიდგა ბროდვეიზე.

საბჭოთა თეატრისთვის აბსურდის თეატრის დამაარსებლის ეს პიესა ყოველთვის “იდეოლოგიურად მავნე ნაწარმოებად” ითვლებოდა. პიესის თემა - ადამიანის უუნარობა რაიმე გარდაქმნას მისთვის უცხო სამყაროში, ბეკეტის ანტიფსიქოლოგიზმი, მოძრაობასა და ცვლილებას მოკლებული ეს სამყარო, სრულიად მიუღებელი იყო კომუნისტური კულტურისათვის. “გოდოს მოლოდინის” დადგმა მხოლოდ “პერესტროიკის” ეპოქაში გახდა შესაძლებელი. 2003 წლის დასაწყისში ბეკეტის პიესა თბილისში, რუსთაველის თეატრშიც, დაიდგა



[ნაწყვეტი სტურუას სპექტაკლიდან]

“არ ვიცი რატომ დავდგი ეს პიესა. განა შეიძლება იმის ახსნა, თუ რატომ გიყვარს ქალი?” – ამბობდა რობერტ სტურუა “გოდოს მოლოდინის” წარმატებული პრემიერის შემდეგ. არსებითად ეს წარმატება მოსალოდნელი იყო – 1955 წლის შემდეგ, როცა ლონდონში “გოდოს” პრემიერა ჩავარდა, მსოფლიოც შეიცვალა და მაყურებელიც... თუმცა საეჭვოა ლონდონში დადგმული “გოდოს მოლოდინი” რაღაცით მაინც ყოფილიყო სტურუას წარმოდგენის მსგავსი. ქართულ “გოდოში” ხომ ბეკეტის აბსურდული დრამა ცირკად, მიუზიკჰოლად იქცა, დიდი და გოგო (ასე ჰქვიათ ბეკეტის პერსონაჟებს რუსთაველელთა სპექტაკლში) კლოუნებს დაემსგავსნენ – ამ მასკარადში გოდო არსებობს, თუმცა მისი არ სჯერათ... არ სჯერათ, რომ რამე შეიცვლება. სასწაულს ახლა მხოლოდ მაყურებელი ელოდება.

[ნაწყვეტი სპექტაკლიდან, მუსიკალური]
XS
SM
MD
LG