Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლებელია თუ არა საქართველოსა და რუსეთს შორის საბანკო-ფინანსური კავშირის გაწყვეტა?


საქართველოდან რუსეთში ბოსტნეულის, ციტრუსებისა და ღვინის ექსპორტის აკრძალვის შემდეგ, რუსული საინფორმაციო საშუალებები ავრცელებენ ცნობას

იმის თაობაზე, რომ უახლოეს მომავალში ასევე აიკრძალება რუსული ბანკებიდან საქართველოში ფულადი გზავნილების გადარიცხვა. რამდენად შესაძლებელია, თუნდაც თეორიულად, ორ ქვეყანას შორის საბანკო და ფინანსური კავშირების გაწყვეტა? რას უქადის საქართველოს ეკონომიკას რუსეთიდან ფულადი გზავნილების შეწყვეტა და რას ფიქრობენ ყოველივე ამის შესახებ საქართველოს ეროვნულ ბანკში?

საქართველოდან სხვადასხვა სახის საკვები პროდუქტებისა და ღვინის ექსპორტის აკრძალვას ფორმალურად რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის უარყოფითი დასკვნა უდევს სარჩულად, თუმცა რუსი პოლიტიკოსები ჯერ კიდევ თვეების წინ აფრთხილებდნენ არაკეთილმოსურნე მეზობელს:

[კონსტანტინ ზატულინის ხმა] „ჩვენი სახელმწიფოს ეფექტიანობა იმაშიც მდგომარეობს, რომ დავეხმაროთ მეგობრებს და შეძლებისდაგვარად ვავნოთ მტრებს. დაე, ნუ გვიწყენენ მტრები.“

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრის კონსტანტინ ზატულინის ეს მუქარა ოდენ სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერით არ შემოფარგლულა. ქართველი ბიზნესმენები და ფერმერები ნელ-ნელა კარგავენ რუსეთის გასაღების ბაზარს, თუმცა გაცილებით მასშტაბური იქნება ის ზარალი, რომელსაც, რუსული საინფორმაციო საშუალებების აზრით, საქართველო რუსეთიდან ფიზიკურ პირთა ფულადი გადარიცხვების აკრძალვის შედეგად ნახავს. რამდენად რეალურია ეს საფრთხე?

[რომან გოცირიძის ხმა] „ეს არის წარმოუდგენელი და ეს არის შეუძლებელი თეორიულადაც კი. იმიტომ რომ არსებობს უამრავი სხვა მექანიზმი... თუ ბანკებით არ გადმოგზავნიან, დაიწყება ის, რაც იყო 5-10 წლის წინ, ანუ ჯიბით მოძრაობა, რაც რუსეთის ბანკებსაც არ უნდა აწყობდეს. გადმორიცხვის სანაცვლოდ რუსული ბანკები და სხვა კომერციული სტრუქტურები ხომ საკომისიო თანხებს იღებენ.“

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის რომან გოცირიძის განცხადებით, რუსული მხარე ყოველთვის აბუქედა რუსეთში საქართველოს მოქალაქეების მიერ ნაშოვნი და, შესაბამისად, სამშობლოში გადარიცხული თანხის მოცულობას. ოფიციალური ინფორმაციით, შარშან საქართველოში რუსეთიდან სწრაფი ფოსტისა და ვესტერნ უნიონის საშუალებით არა რამდენიმე მილიარდი, არამედ დაახლოებით 250 მილიონი დოლარი გადაირიცხა. საქართველო-რუსეთის ურთიერთობის შეფასებისას პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარე ნიკო ლეკიშვილი ამბობს, რომ ორ ქვეყანას შორის არსებულმა დაპირისპირებამ პოლიტიკიდან ეკონომიკის სფეროში შეაღწია:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] „შედეგი იქნება რთული. რუსეთში ცხოვრობს და მუშაობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც საქართველოში ოჯახის წევრებსა და ნათესავებს ინახავს, ფულს უგზავნის. გარდა ამისა, არის ბიზნესგარიგებებიც... მე არ ვიცი, როგორ უნდა მიიღონ ასეთი გადაწყვეტილება. კერძო ბანკებს როგორ უნდა აუკრძალონ გადარიცხვის ოპერაციების ჩატარება.“

და მაინც, საღი აზრის გარდა, რა არგუმენტი შეიძლება მოიშველიოს საქართველოს ხელისუფლებამ იმისათვის, რომ მეზობელ ქვეყანასთან ნორმალური საბანკო კავშირი შეინარჩუნოს? კოტე გაბაშვილის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, კომენტარი:

[კოტე გაბაშვილის ხმა] „რას ვიზამთ. სერიოზული შედეგები ექნება, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ყველა ადამიანი მოძებნის თავის გზას. ისე ყველაფერს აქვს საზღვარი. გამორიცხულია, რომ საქართველომ მხარი დაუჭიროს რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში მიღებას. უფრო მძიმე პოლიტიკური ნაბიჯებიც შეიძლება გადავდგათ.“

თუმცა ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ მძიმე პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ იქნება. რომან გოცირიძის თქმით, ფულის მოძრაობას ადმინისტრაციული მეთოდებით ვერ შეაჩერებენ:

[რომან გოცირიძის ხმა] „ამას არანაირი დაპირისპირება არ უნდა. ეს არის მსოფლიოში გავრცელებული მეთოდი და თუ ოფიციალური იკეტება, გამართულად მუშაობს არალეგალური არხები. და საერთოდ, ეს არ არის სერიოზული განცხადება და არანაირ საფრთხეს არ შეიცავს საქართველოსთვის.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG