Accessibility links

რუსეთ-საქართველოს ”ღვინის კონფლიქტის” ახალი ეტაპი


რუსეთის ფედერაციის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის მიხედვით 10 აპრილიდან რუსეთის სავაჭრო ქსელში

საერთოდ აღარ უნდა იყოს ქართული მარკის ღვინო. მანამდე ონიშჩენკოს დადგენილებითვე აიკრძალა საქართველოში წარმოებული ღვინის იმპორტი რუსეთის ტერიტორიაზე. საქართველოში ამას პოლიტიკურ პრობლემას უწოდებენ, თუმცა მის გადაწყვეტას ეკონომიკური მეთოდებით აპირებენ. რას უპირისპირებს ოფიციალური თბილისი მოსკოვის მიერ ქართულ ღვინოზე დაწესებულ ემბარგოს?

ამ დღეებში რუსეთის სანიტარულმა სამსახურმა მოსკოვის სავაჭრო ქსელში არსებული ღვინის პროდუქციის 680 ნიმუში შეამოწმა. მათგან 318 ჰიგიენურ და ფიზიო-ქიმიურ ნორმებს არ შეესაბამებაო, - ირწმუნება სანიტარული სამსახური. მისივე ინფორმაციის თანახმად, უვარგისი ღვინოების 47 პროცენტი ქართულ პროდუქციაზე, ხოლო 53 მოლდავურზე მოდის. ამ მონაცემების საფუძველზე რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ სავაჭრო ქსელიდან რუსეთში უკვე იმპორტირებული ქართული და მოლდავური ღვინის ამოღების მითითება გასცა. მან ასეთ პროდუქციას დასახელებაც კი შეურჩია.

[ონიშჩენკოს ხმა] ”სპირტის შემცველი სითხე, სახელად ღვინო.”

ონიშჩენკოს ამგვარი პოზიციის გასამყარებლად, მისმა უწყებამ გამოაცხადა, რომ ქართული წარმოების ღვინოში პესტიციდები აღმოაჩინა, კერძოდ კი, ეგრეთ წოდებული ”დუსტი”. რუსეთის პირველი არხისთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ტოქსიკოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორმა იური ოსტაპენკომ დუსტის შესახებ შემდეგი რამ განაცხადა:

[იური ოსტაპენკოს ხმა] ”ის იწვევს ნერვული სისტემის დაზიანებას, აზიანებს თირკმელებს, გავლენას ახდენს შთამომავლობაზე, აქვს ისეთი თვისება, რომ შეიძლება გახდეს თანდაყოლილი დაავადებების მიზეზი.”

საქართველოში გაკვირვებას ვერ ფარავენ ასეთი განცხადებების გამო, რადგან ქართული წარმოების ღვინის ხარისხი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია აღიარებული. საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის კომენტარი:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”მე თამამად ვაცხადებ, რომ საქართველო ყიდის 33 ქვეყანაში ღვინოს, მათ შორის, ისეთ ქვეყნებში, სადაც არის ბევრად უფრო მკაცრი სანიტარული და ჰიგიენური პირობები შეტანის, ვიდრე თუნდაც რუსეთის ფედერაციაში.”

სვიმონიშვილმა ქართული ღვინის ხარისხის დასადასტურებლად შვეიცარიის, ლონდონისა და გერმანიის ცნობილ ლაბორატორიებს მიმართა. საქართველოს ხელისუფლება მზადაა, პრობლემა, რომელსაც პოლიტიკურს უწოდებს, გადაჭრას ეკონომიკური მეთოდების გამოყენებით და ექსპერტების დონეზე დაუმტკიცოს მოსკოვს, რომ ქართული ღვინო მაღალი ხარისხისაა.

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”მზად ვართ მაქსიმალურად. ჩვენმა ექსპერტებმა დადეს შესაბამისი დასკვნები, რომელიც არის მყარი. ყველა ის წერილი, რომელიც ბატონმა ონიშჩენკომ გამოაქვეყნა, არის უსამართლო და ამიტომ რთულია უსამართლობას სამართლიანად ებრძოლო.”

როგორც სვიმონიშვილი ამბობს, უსამართლობასთან სამართლიანად საბრძოლველად საქართველოს დელეგაცია უახლოეს დღეებში მოსკოვში გაემგზავრება იქ ქართული ღვინის პრეზენტაციების მოსაწყობად.
როგორც ჩანს, მსგავსი აქციების მოწყობა საქართველოს ხელისუფლებას არამხოლოდ რუსეთში მოუწევს. 10 აპრილს ტაჯიკეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა პირმახმად დოსტიევმა განაცხადა, რომ მის ქვეყანაში იმპორტირებული ქართული და მოლდავური ღვინის დიდი ნაწილი ფალსიფიცირებულია. მანამდე, რუსეთში დაწყებული კამპანიის გამო, ქართული ღვინის დისტრიბუცია აზერბაიჯანშიც გაჭირდა.
XS
SM
MD
LG