Accessibility links

logo-print

აქამდე ბიბლიოთეკის ყოველკვირეულ გამოშვებებში არც ერთხელ ზედიზედ ორჯერ არ მიმოგვიხილავს


დავით პაიჭაძე, თბილისი აქამდე ბიბლიოთეკის ყოველკვირეულ გამოშვებებში არც ერთხელ ზედიზედ ორჯერ არ მიმოგვიხილავს ერთი და იმავე გამომცემლობის პროდუქტი. გამონაკლისს მხოლოდ ახლა

დავუშვებთ და დღესაც ”დიოგენეს” ერთ წიგნზე გესაუბრებით. მით უმეტეს, რომ ამ წიგნზე ახალ ქართულ ენაზე ამ წუთისთვის არაფერია დაბეჭდილი: მილან კუნდერას ”სალაღობო ტრფობანი” შაბათ საღამოს წარუდგინეს მკითხველებს. ცნობილი ჩეხი მწერლის ამ ტექსტის რუსული თარგმანი, კარგა ხანია, თბილისში იყიდება, მაგრამ ქართული გამოცემის შესაძენად მისულ ადამიანებს ის წაკითხული არ ჰქონდათ. ”სალაღობო ტრფობანის” პრეზენტაციაზე ტრფობას, როგორც ასეთს, ერთი სალაღობო ამბავი დაუკავშირდა. კერძოდ, რა - ამას დავით პაიჭაძისგან შეიტყობთ.

[თამარ ლებანიძის ხმა] “დღეს ამ წიგნს მოჰყვება განსაკუთრებული რამ, რომელიც შეიქმნა გერმანიაში, მიუნხენში და ჰქვია ვნების სანელებელი. ვნების სანელებლის ავტორი გახლავთ აფრიკული წარმოშობის დოდო ლიადე, რომელმაც მიუნხენში დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პოლიტოლოგიაში, მაგრამ მერე გადაწყვიტა, რომ პოლიტოლოგია მაინცდამაინც არ აინტერესებს და გახდა განსაკუთრებული მზარეული, რომელმაც შექმნა ვნების სანელებელი. ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს, დოდო ლიადეს მტკიცებით, ჯერ კიდევ კონფუცი იყენებდა. მიუნხენიდან 1,7 კილო ჩამოვიტანეთ და ჩაის კოვზებით დავანაწილეთ და დავაფასოეთ პაკეტებში.”

გამომცემლობა ”დიოგენეს” ხელმძღვანელმა თამარ ლებანიძემ ამ სიტყვებს დასძინა, რომ ყველა მსურველს შეეძლო იქვე დაეწერა სატრფიალო წერილი და სპეციალურ სტენდზე გაეკრა. წიგნი ხომ ძველ თბილისში, ღია ცის ქვეშ წარუდგინეს საზოგადოებას. შეთავაზებას პირველი ვახუშტი კოტეტიშვილი გამოეხმაურა. მილან კუნდერა ქართულად ჯერ არც მას წაეკითხა, მაგრამ აფროდიზიაკისა და წიგნის შეწყვილებამ მოასურვა, საკუთარი თარგმანით შეხმიანებოდა ამ ამბავს:

[ვახუშტი კოტეტიშვილის ხმა] “ეს გახლავთ მე-11 საუკუნის სპარსელი პოეტის, აბულ საიბის, ლექსი, მაგრამ ძალიან კარგად შეესატყვისება ჩემს გუნება-განწყობას.

დავბერდი, მაგრამ არ მიგრძვნია დაძაბუნება,
შენს სიყვარულში არ შემცვლია ზნე და ბუნება,
მე შენი ზილფის ქამანდს ვესვრი გაფრენილ დღეებს,
გახელებული სიჭაბუკის დასაბრუნებლად.”

სპარსი პოეტის სტრიქონები სწორედ რომ საპირისპიროა თავისი შინაარსით მილან კუნდერას მოთხრობებისა და რომანების ერთი ძირითადი მოტივისა. ამ ტექსტებში სწორედ ტრფობაში, სიყვარულში იცვლება ადამიანის ბუნება და ეს ცვლილება თითქმის უგამონაკლისოდ დრამატულია პერსონაჟებისათვის. მილან კუნდერას ”სალაღობო ტრფობანის” მთავარ თემაზე მესაუბრება პოეტი, ჟურნალ ”ალტერნატივის” რედაქტორი შოთა იათაშვილი:

[იათაშვილის ხმა] “მას აქვს განსაკუთრებული ხელწერა, რომელიც გამოვლინდა მის ადრეულ ნაწარმოებებში და შემდეგ გადაიზარდა რომანებში. მოთხრობების ეს კრებული კონცეპტუალურად არის გააზრებული. ძირითადად, იკვლევს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობის სიღრმეებს. ეს კეთდება საინტერესოდ, ერთგვარი თამაშის შემოტანით.”

ვიდრე ამ თამაშის აღწერასა თუ მაგალითებზე გადავალთ, კუნდერას მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი იტყვის, რომ წიგნს ორიგინალში ”სმეშნჳე ლასკი” ჰქვია, სიტყვასიტყვით, ”სასაცილო სიყვარულები”. პაატა ჯავახიშვილმა ის კუნდერას ავტორიზებული ფრანგული ტექსტიდან თარგმნა:

[ჯავახიშვილის ხმა] “თავიდან დაწერილია ჩეხურად. Eეს ცოტა სახეცვლილი ვარიანტია. კუნდერამ მოთხრობების წერა დაიწყო 50-იანი წლების ბოლოს, წერა დაახლოებით 10 წელი და სადღაც 60-იანების ბოლოს ამოარჩია 7 და დაარქვა ‘სალაღობო ტრფობანი’ . ”

პაატა ჯავახიშვილისთვის არ მიკითხავს, მილან კუნდერას - საქართველოში კარგად ცნობილი უცხოელი მწერლის - შემოქმედებიდან რაღა ეს წიგნი, ადრეული მოთხრობების კრებული, არჩია სათარგმნელად. კრებულის მნიშვნელობა მწერლის შემოქმედებისათვის მთარგმნელმა ასე განმარტა:

[ჯავახიშვილის ხმა] “ამ მოთხრობათა შემდგომ შემოქმედებას რაც შეეხება, კრიტიკოსები პირდაპირ წერენ, რომ მათ დააშენა კუნდერამ თავისი რომანები, ნოველების ეს კრებული საძირკველია კუნდერას შემოქმედების.”

დავუბრუნდეთ თამაშს, რომელიც შოთა იათაშვილმა ახსენა ჩვენთან საუბრისას. ის აღადგენს კრებულში შესული ერთი მოთხრობის სიუჟეტს:

[იათაშვილის ხმა] “ქალი და მამაკაცი იწყებენ ხოლმე ერთმანეთთან თამაშს. არის ასეთი მოთხრობა - “ავტოსტოპობანა”. მამაკაცი გამოდის მანქანით და ქალი აჩერებს, თითქოს ერთმანეთს არ იცნობენ, არადა, ცოლ-ქმარი არიან. ყველაფერი ისე ხდება, როგორც უცნობ ადამიანებს შორის: საით მიბრძანდებით, იქ წამიყვანეთ და ა.შ. ამ თამაშ-თამაშით ქალი და მამაკაცი ნელ-ნელა თავიანთ უარყოფით თვისებებს ავლენენ. მამაკაცს უჩნდება ეჭვი, რომ მისი ცოლი შეიძლება სხვა კაცს ჩაუჯდეს მანქანაში და საუბარი გაუბას; ცოლი, პირიქით, ფიქრობს, რომ მის ქმარს შეუძლია უცხო ქალების მანქანაში ჩასმა. მიდიან სასტუმროში, რესტორანში, ეს იღებს რთულ ფორმებს და ხდება ქალისა და მამაკაცის ერთიმეორისგან განხიბვლა.”(სტილი დაცულია)

რამდენად დამაჯერებელია პერსონაჟთა განცდებისა და მოქმედების მოტივები მილან კუნდერას ამ მოთხრობებში? რატომ იწყებენ თუ აახლებენ ქალები და მამაკაცები ურთიერთობებს თამაშით? ხელოვნური ხომ არ არის მათი მცდელობა და, შესაბამისად, მწერლის გამონაგონსაც ასეთივე კვალი ხომ არ ატყვია? აი, რას მიპასუხებს შოთა იათაშვილი:

[იათაშვილის ხმა] “მე მგონი, არა, იმიტომ რომ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა, თუ ძალიან ნიჭიერი ადამიანები არ არიან, ძალიან მალე ხდება ამოწურვადი. თუ ამას რაიმე დამატებითი, ხელოვნური არ მოახმარე, ჭირს და მოსაწყენი, უინტერესო ხდება ხოლმე ურთიერთობა. ამიტომაც იწყებენ თამაშს, რომ ის დღე უფრო საინტერესოდ გადააგორონ.”(სტილი დაცულია)

კუნდერას შემოქმედების კიდევ ერთი მოტივია მსოფლიო ლიტერატურის უძველესი, გამჭოლი მოტივი - შემთხვევის გადამწყვეტი როლი ადამიანის ბედში. ასევე ხშირია მასთან ღალატის თემა, ოღონდ ყოველგვარი მორალიზების გარეშე. ”სალაღობო ტრფობანის” მთარგმნელი პაატა ჯავახიშვილი მოკლედ აღნიშნავს, რამდენად ახასიათებს ახალ წიგნს ეს მოტივები:

[ჯავახიშვილის ხმა] “ამ ყველაფერზე არის ლაპარაკი. ღრმად არა, არც ზერელედ. უფრო - მსუბუქად. მერე რომანებში ღრმავდება ეს მოტივები.”

პაატა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ შვიდი მოთხრობის თარგმნა არ გასჭირვებია, რადგან კუნდერა მსუბუქად წარმართავს თხრობას.
XS
SM
MD
LG