Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროკავშირმა სავიზო აკრძალვა შემოიღო ბელორუსიის ლიდერების მიმართ: მეტისმეტად მკაცრი, თუ მეტისმეტად მსუბუქი ზომა?


ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორშაბათს გადაწყვიტეს, სავიზო აკრძალვა შემოიღონ ბელორუსიის პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკასა და მისი მთავრობის კიდევ 30 წევრის მიმართ.

ასეთი იყო ევროკავშირთა ლიდერების რეაქცია ბელორუსიაში 19 მარტს ჩატარებულ არჩევნებზე, რომლებიც, ევროკავშირის შეფასებით, არ შეესაბამებოდა საერთაშორისო ნორმებს. ბელორუსიაში ოპოზიცია, ერთი მხრივ, კმაყოფილია ლუკაშენკას რეჟიმის წინააღმდეგ ზომების მიღებით, მაგრამ არც იმას მალავს, რომ უფრო მკაცრ სანქციებს მოელოდა: უწინარეს ყოვლისა, სავიზო აკრძალვის შემოღებას ხელისუფლების არა 31, არამედ გაცილებით მეტი წევრის მიმართ. რაც შეეხება ბელორუსიის ხელისუფლებას, მან პროტესტი გამოთქვა და სავიზო აკრძალვის დაუყოვნებლივ გაუქმება მოითხოვა.

მოკლედ, ევროკავშირის სანქციები, ერთი მხრივ, ლუკაშენკას რეჟიმის პროტესტს იწვევს, მეორე მხრივ კი მაინცდამაინც არც ოპოზიციას აკმაყოფილებს. ამდენად, ბოლომდე მისაღები არავისთვისაა, მაგრამ ევროკავშირის წევრთა უმრავლესობისთვის, ასე ვთქვათ, “მეინსტრიმისთვის” გამართლებული: “მეინსტრიმს” აქვს იმედი, რომ შესაძლებელია პრინციპულობა და სიმკაცრე რეჟიმთან მიმართებაში, იმევდროულად კი კარის ღია დატოვება რეჟიმთან შესაძლო მოლაპარაკებისთვის.

ამ, ზომიერი გადაწყვეტილების მიზანშეწონილობა ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში განმარტა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას პეტმა. [ურმას პეტის ხმა] “გადაწყვეტილება აჩვენებს, ერთი მხრივ, გარკვეულ კონსერვატიულ მიდგომას, მეორე მხრივ კი გათვლას, რომ ბელორუსიაში ვითარების უკეთესობისაკენ შესაცვლელად აუცილებელია კომუნიკაცია. გადაადგილების სრული აკრძალვის შემთხვევაში ევროკავშირს ძალიან გაუძნელდებოდა ბელორუსიის ხელისუფლებისათვის თავისი შეტყობინებების გაგზავნა”.

ესტონეთის წარმომადგენლისაგან განსხვავებით, უმრავლესობა ევროკავშირის იმ ქვეყნებისა, ადრე კომუნისტურ ბლოკში რომ შედიოდნენ, მეტისმეტად მსუბუქ ზომად მიიჩნევენ სავიზო აკრძალვის შემოღებას ბელორუსიის რეჟიმის სულ 31 წარმომადგენლის მიმართ. ევროკავშირის ამ ქვეყნებს შორის არიან ლიტვა, სლოვაკია, პოლონეთი და ჩეხეთი. აი, რა უთხრა ამ უკანასკნელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ცირილ სვობოდამ ჟურნალისტებს: [სვობოდას ხმა] “ყველა შევთანხმდით, ყველა მივემხრეთ დღეს მიღებულ ზომებს. მაგრამ ვიმეორებ, რომ მე ბოლომდე კმაყოფილი არა ვარ, რადგან იმ პირთა სია, ვისაც სავიზო აკრძალვა ეხება, მეტისმეტად მოკლეა და ჩემი აზრით, მასში მეტი ადამიანი უნდა შევიყვანოთ”.

ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საჭიროდ მიიჩნევს ევროკავშირის ვიზებზე უარის თქმას, უწინარეს ყოვლისა, ბელორუსიის სახელმწიფო ტელევიზიისა და რადიოს მუშაკებისათვის, რომელთაც “სიმართლის დეფორმირებაში” ადანაშაულებს. არადა, სავიზო აკრძალვა მარტო ეროვნული ტელეკომპანიის თავმჯდომარეზე ვრცელდება. საგულისხმოა ისიც, რომ ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერი ალექსანდრ მილინკევიჩი ორშაბათს არ მიუწვევიათ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე - თებერვლის შეხვედრისაგან განსხვავებით. ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ცირილ სვობოდა ამ საკითხსაც შეეხო. [სვობოდას ხმა] “გუშინ ბატონმა მილინკევიჩმა დამირეკა და მითხრა, რომ ცოტა არ იყოს გაწბილებულია დღეს ლუქსემბურგში რომ არ იყო, რადგან უნდოდა, მჯდარიყო მაგიდასთან ჩვენთან ერთად, ესაუბრა ვითარებაზე ბელორუსიაში”.

ამ კონტსექტში საგულისხმოა ისიც, რომ საგარეო საქმეთა მინისტრებმა უგულებელყვეს ევროპის პარლამენტის მოწოდება, უკანონოდ გამოეცხადებინათ ბელორუსიის საპრეზიდენტო არჩევნებში ლუკაშენკას გამარჯვება და მოეთხოვათ ხელახალი არჩევნები. იქვე ევროკავშირმა, მოცემულ ეტაპზე უარი თქვა უცხოეთში ბელორუსიის ლიდერების ქონების დაყადაღებაზე, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა, რომ სავიზო აკრძალვა, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა ლუკაშენკას რეჟიმის მეტ წარმომადგენელზე განავრცოს და სხვა სანქციებსაც მიმართოს.

დაბოლოს, კიდევ ერთი ცნობა, რომელიც ბრიუსელიდან მოგვაწოდა ჩვენმა კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა: ოფიციალური პირები, დიპლომატები პირად საუბრებში აღიარებენ, რომ ბელორუსიასთან მიმართებაში სიფრთხილე ნაწილობრივ მაინც არის განპირობებული სურვილით, არ დაიძაბოს ურთიერთობა რუსეთთან. ეს უკანასკნელი, როგორც ცნობილია, მხარდაჭერას უცხადებს პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას.
XS
SM
MD
LG