Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აზერბაიჯანელი ოპოზიციონერი ორთაჭალის ციხეში ზის


აზერბაიჯანის მოქალაქეს აზერ რამიზ ოღლუ სამედოვს, რომელიც ორთაჭალის ციხეში იმყოფება, ადამიანის უფლებათა დამცველები პოლიტპატიმარს უწოდებენ.

აზერბაიჯანის ხელისუფლებისთვის კი ის მასობრივი არეულობის მოსურნე ოპოზიციონერია, რომელიც უკმაყოფილო დარჩა ქვეყანაში 2003 წლის 15 ოქტომბერს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებით და საპროტესტო აქციებს ჩაუდგა სათავეში. ”რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცვის კავკასიური ცენტრის” თავმჯდომარე აზერ რამიზ ოღლუ სამედოვი 31 მარტს თბილისში, მშრალი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, დააკავეს. აზერბაიჯანის უშიშროების სამინისტროდან მიღებული წერილის საფუძველზე, ოპერაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ჩაატარეს. რა მოელის აზერბაიჯანის მოქალაქეს, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს პოლიტიკურ თავშესაფარს სთხოვს და რატომ არჩია მან ნორვეგიას საქართველო?

2006 წლის 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქეს აზერ რამიზ ოღლუ სამედოვს 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას შემდეგ ის ორთაჭალის ციხეში ზის და საქართველოს პრეზიდენტისა და გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებებს ელოდება. პირველისგან ის საქართველოში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს, მეორეს კი სთხოვს უარი თქვას აზერბაიჯანში მის ექსტრადიციაზე. საქმე ის არის, რომ დაკავებულის ექსტრადიციის საკითხი ერთი თვის ვადაში სწორედ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უნდა გადაწყვიტოს.

ყველაფერი დაიწყო 2003 წლის 15 ოქტომბერს აზერბაიჯანში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელზეც აზერ რამიზ ოღლუ სამედოვი მხარს ოპოზიციონერ კანდიდატ ისა გამბარს უჭერდა. არჩევნებს, რომელიც ილჰამ ალიევის გამარჯვებით დასრულდა, მასობრივი მღელვარება მოჰყვა. როგორც თავად დაკავებული ამბობს, ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების პროვოცირება მოახდინა. დაკავებული ირწმუნება, რომ მღელვარე პროცესებს ის მხოლოდ მეთვალყურის სტატუსით ესწრებოდა. ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის კომიტეტის თავმჯდომარე არზუ აბდულაევა, რომელიც თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდა, აზერ რამიზ ოღლუ სამედოვს არ იცნობს, სამაგიეროდ, კარგად იცნობს მისი ორგანიზაციის - ”რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცვის კავკასიური ცენტრის” - საქმიანობას:

(არზუ აბდულაევას ხმა) ”ეს ტერორისტული ორგანიზაცია არ არის, ეს ტოლერანტული ორგანიზაციაა. ის აზერბაიჯანში ტოლერანტობის იდეას ქადაგებს, ტოლერანტობას რელიგიებსა და ეთნიკურ ჯგუფებს შორის. და მე ვიცი, რომ აზერ რამიზ ოღლუ სამედოვი ვერავის მოუწოდებდა მასობრივი არეულობისკენ. ის ასეთი ადამიანი არ არის.” (სტილი დაცულია)

2003 წლის ოქტომბრის მღელვარებას ბაქოში 360 დემონსტრანტის დაკავება მოჰყვა, თუმცა აზერ რამიზ ოღლუ სამედოვს მაშინ გაუმართლა. ”რწმენისა და სინდისის თავისუფლების დაცვის კავკასიური ცენტრის” თავმჯდომარემ სამშობლო 2003 წლის ოქტომბერში დატოვა. მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2004 წლის აპრილში აღიძრა. მიუხედავად იმისა, რომ დევნილს პოლიტიკურ თავშესაფარს ნორვეგია სთავაზობდა, სადაც ის 2003 წელს ჩავიდა, მან საქართველო არჩია. მიზეზს დაკავებულის ადვოკატი თამაზ ავდალიანი აკონკრეტებს:

(თამაზ ავდალიანის ხმა) ”იმის გამო, რომ ნორვეგია არის შორს მისი სამშობლოსგან, საქართველო კი - ახლოს, ამის გამო მან არჩია - რა მნიშვნელობა აქვსო, აქ ვიქნებიო თუ იქო... და, მისი აზრით, საქართველო დგას იმ ქვეყანათა შორის, სადაც ადამიანის უფლებათა დაცვა არის გარკვეული პრიორიტეტი.” (სტილი დაცულია)

ბოლო ერთი წლის მანძილზე სამედოვი თბილისში ცხოვრობდა. არზუ აბდულაევას სჯეროდა, რომ ვარდების რევოლუციის ქვეყანაში ის ხელშეუხებელი იქნებოდა:

(არზუ აბდულაევას ხმა) ”დიდი იმედი მქონდა, რომ საქართველოში, რომელმაც დემოკრატიზაციის ერთი ეტაპი გაიარა, არ დააკავებდნენ ადამიანს, რომელმაც გამოხატა პროტესტი საპრეზიდენტო აჩევნების უსამართლობის წინააღმდეგ. სამწუხაროდ, ეს მოხდა.” (სტილი დაცულია)

მიუხედავად იმისა, რომ ჰელსინკის სამოქალაქო ასამბლეის აზერბაიჯანის კომიტეტის თავმჯდომარეს ერთი იმედი უკვე გაუცრუვდა, მას ახლა უკვე იმის სჯერა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამედოვის ექსტრადიციას არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს:

(არზუ აბდულაევას ხმა) ”მას შეიძლება ელოდეს წამება, სასამართლოს უსამართლო გადაწყვეტილება და დაპატიმრება. მას იქ ყველაფერი შეიძლება ელოდეს.” (სტილი დაცულია)

დაცვის მხარემ 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა და, სამედოვის გათავისუფლების სანაცვლოდ, მართლმსაჯულებას, გირაოს სახით, 10 ათასი ლარი შესთავაზა. პროცესი 12 აპრილს უნდა გაიმართოს. აქვე ვიტყვი, რომ დაკავებულის გათავისუფლებას ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო ორგანიზაციებიც ითხოვენ.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG