Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღევანდელი ქართული პრესის ფურცლებზე ჟურნალისტები კვლავაც განაგრძობენ მსჯელობას პრეზიდენტის მიერ


დღევანდელი ქართული პრესის ფურცლებზე ჟურნალისტები კვლავაც განაგრძობენ მსჯელობას პრეზიდენტის მიერ მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შესაძლებლობაზე.

უმრავლესობის წარმომადგენლები ზედმეტად მიიჩნევენ მოვლენათა ამგვარი განვითარების საფუძვლიანობაზე საუბარს, ოპოზიციას კი არანაირი არგუმენტი არ გააჩნია ამ ვერსიის დასადასტურებლად. ერთი რამ ცხადი გახდა: მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის შედეგებზე სასაუბროდ არაერთი პოლიტიკოსია მზად. გთავაზობთ ქართულ პრესაში ამ თემაზე გამოქვეყნებული რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას:

”სააკაშვილი პარლამენტს დაითხოვს თუ მთავრობას გადააყენებს?” - კითხულობს ”რეზონანსის” მიმომხილველი და თავადვე უპასუხებს: ”გადააყენებს თუ არა პრეზიდენტი მთავრობას და პარლამენტს, ცხადია, ამაზე დაბეჯითებით საუბარი ძნელია. თუმცა ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე იმის გათვლა დაიწყო, პრეზიდენტს რომელი მათგანის გადაყენება ურჩევნია და, რაც მთავარია, ამას რატომ გააკეთებს”, - წერს ”რეზონანსი” და განაგრძობს: ”ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციაში ორი აზრია. ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტს ამ გადაყენებით საშუალება ეძლევა ის ხალხი ჩამოიშოროს, ვინც საზოგადოებისთვის მიუღებელი გახდა... ოპოზიციის მეორე ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ამ დათხოვნით პრეზიდენტი ისევ იმ ხალხის გადარჩენას ეცდება, ვინც ”დროშებს იქნევდა”. არგუმენტი კი ის არის, რომ ორი წლის განმავლობაში მმართველი პარტიის რეიტინგი გაცილებით დაეცემა და არჩევნების ჩატარება ამ ეტაპზე ურჩევნიათ”, - წერს ”რეზონანსი”.

”ახალი თაობა” კი ასეთ ვერსიას სთავაზობს მკითხველს: ”პარლამენტში ამბობენ, რომ სანამ ”მრეწველები” მთავრობის გადადგომას მოითხოვდნენ, გოგი თოფაძე მიხეილ სააკაშვილს შეხვდა. ამბობენ, რომ სწორედ პირველი პირისგან მიიღო ”დაბრო” ამ მოთხოვნის გახმაურებაზე. არა, ”დაბრო” კი არ მიიღო, უფრო მეტიც, მას პრეზიდენტმა კატეგორიულად მოსთხოვა ამ მოთხოვნის გახმაურება”, - წერს ”ახალი თაობა”.

”ხვალინდელი დღე” აქვეყნებს ინტერვიუს ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” ლიდერ დავით ზურაბიშვილთან, რომელსაც ჟურნალისტი მთავრობისა და პარლამენტის შესაძლო დათხოვნისა და თვითმმართველობის არჩევნების გადადების შესახებაც ეკითხება. დავით ზურაბიშვილი უპასუხებს: ”სამწუხაროდ, ამის შესახებ არაფერი ვიცი, მაგრამ თუ ამ სიკეთეს იზამს, რა ჯობია... რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნების გადადებას, ჩვენს ინტერესებს არ შეესაბამება, რადგან არჩევნებისთვის აქტიურად ვემზადებით.” ზურაბიშვილთან ინტერვიუს ძირითადი თემა ოპოზიციის ბოიკოტია. რა ნაბიჯს გადადგამს ოპოზიცია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მისი იგნორირების შემდეგ? - ”ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად, ხელისუფლებას დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას ვაიძულებთ. რაც, სხვა დანარჩენთან ერთად, შსს დაქვემდებარებაში მყოფი ე.წ. ზონდერბრიგადების ქმედებების აღკვეთას გულისხმობს. ამასთან ერთად, საარჩევნო ადმინისტრაცია რეალურად ნეიტრალური უნდა იყოს, შექმნილი გვაქვს პარტიული საარჩევნო კომისიები და, რაც მთავარია, ვაპირებთ ბრძოლის გაგრძელებას კონსტიტუციურ, სამართლებრივ სივრცეში,” - ამბობს დავით ზურაბიშვილი ”ხვალინდელ დღესთან” ინტერვიუში.

ოპოზიციის შესახებ წერს ”24 საათიც”. ”ცდუნება - მატერიალური და მორალური” - ასე ეწოდება სტატიას საპარლამენტო ოპოზიციაზე, რომელიც ბოიკოტის რეჟიმში გადავიდა. ”რომ არა სხდომების ბოიკოტი, ალბათ, ხმაურით ჩაივლიდა პარლამენტის ხუთშაბათის დღის წესრიგში შეტანილი სამხედრო ბაზების გაყვანასთან დაკავშირებით სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების განხილვა. ამ დოკუმენტის მიმართ ოპოზიციას არაერთი კითხვა აქვს, ანტიტერორისტული ცენტრების შექმნის საკითხიდან დაწყებული და საცხოვრებელი ფონდის კუთვნილებით დამთავრებული. საეჭვოა, რომ ამ კითხვებზე პასუხის მიღების სურვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გამოთქვან. ეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც ცხადყოფს, რომ ბოიკოტის ტაქტიკა ”უნივერსალური” ნამდვილად არ არის და შეწყვეტას თუ არა, გადასინჯვას მაინც საჭიროებს,” - ასე ფიქრობს ”24 საათის” მიმომხილველი.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG