Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაზის ტარიფთან ერთად ელექტროენერგიის გაძვირებაც იგეგმება


ზაზა გაჩეჩილაძე, თბილისი 1 მაისის შემდეგ გაძვირებულ ბუნებრივ აირს, სავარუდოდ, ელექტროენერგიაზე მომატებული ტარიფიც დაემატება. თბილისის ენერგოგამანაწილებელი კომპანია უკვე

ამზადებს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიაში დენის გაძვირების მოთხოვნით განაცხადს. სავარაუდოდ, ანალოგიური განაცხადებით მიმართავენ სემეკ-ს რეგიონალური ელექტროგამანაწილებელი კომპანიებიც. რატომ და რამდენი თეთრით შეიძლება გაძვირდეს ელექტროენერგია?

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისია ცოტა ხანში თბილისის ელექტროგამანაწილებელი სტრუქტურის, ”თელასის”, იმ განაცხადის განხილვას დაიწყებს, რომელიც დედაქალაქში ელექტროენერგიის ტარიფის მომატებას ითვალისწინებს. ”თელასის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვალერი ფანცულაია ადასტურებს, რომ დენის გაძვირების შესახებ გადაწყვეტილება კომპანიაში, ფაქტობრივად, მიღებულია:

[ვალერი ფანცულაიას ხმა] „ჩვენ ვმუშაობთ განაცხადზე, რაც უნდა წარედგინოს სემეკ-ს და საბოლოო გადაწყვეტილება ტარიფთან დაკავშირებით უნდა მიიღოს მარეგულირებელმა კომისიამ.”

”თელასს” აქვს უფლება წელიწადში ორჯერ მიმართოს ენერგეტიკის მარეგულირებელ კომისიას ტარიფის გადახედვის შესახებ. თავის მხრივ, კომისია იტოვებს უფლებას უარი უთხრას კომპანიას დენის გაძვირების განაცხადის დაკმაყოფილებაზე, თუ”თელასის” არგუმენტაცია არასაკმარისად მიიჩნია. თუმცა კომისიის თავმჯდომარე გიორგი თავაძე აღიარებს, რომ ტარიფის გაძვირების ტენდენცია ობიექტური რეალობაა:

[გიორგი თავაძის ხმა] ”თუ იქნება ტარიფი მოსამატებელი, ჩვენ აუცილებლად მოვუმატებთ, თუ იქნება დასაკლები, აუცილებლად დავაკლებთ. ყველა შემთხვევაში ტარიფი იქნება ობიექტური. სამწუხაროდ, ტარიფს აქვს მიდრეკილება მატებისაკენ, ვიდრე კლებისაკენ.”(სტილი დაცულია)

”თელასში” ჯერჯერობით ვერ აკონკრეტებენ, თუ რამდენი თეთრით მოიმატებს დენის ტარიფი. დაუდასტურებელი ინფორმაციით, განიხილება ორი ვარიანტი - საუბარია 2,5 და 4,5 თეთრით დენის გაძვირებაზე. ანუ თბილისელ მომხმარებელს 1 კვტ/სთ ელექტროენერგია, ამჟამად არსებული 11,98 თეთრის ნაცვლად, მალე 14-დან 16 თეთრამდე დაუჯდება. როგორც ჩანს, საბოლოო ტარიფი დამოკიდებული იქნება სომხეთიდან მოწოდებული ელექტროენერგიის საფასურზე, რომელიც უკვე გაძვირებულია და მოსალოდნელია, რომ სომხეთმა დენის იმპორტის ღირებულება კიდევ 45%-ით გაზარდოს. დენის ტარიფზე უკვე მოქმედებს გაძვირებული რუსული ბუნებრივი აირი. საყურადღებოა ისიც, რომ საქართველოს ენერგოგენერაციის ნაწილი სწორედ გაზზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ძნელი წარმოსადგენია, სემეკ-მა ”თელასს” ფასის მომატების განაცხადზე უარი უთხრას.
ასევე ცნობილი ხდება, რომ მარეგულირებელ კომისიაში ანალოგიური განაცხადებით წარდგებიან რეგიონალური გამანაწილებელი კომპანიები, ანუ დენი არა მარტო დედაქალაქს, საქართველოს რეგიონებსაც გაუძვირდებათ. კომუნალური გადასახადების მატება, როგორც წესი, ასახვას პოვებს სხვა პროდუქციის თუ მომსახურების ღირებულებაზე, ეს კი განსაკუთრებით მტკივნეული იქნება სოციალურად დაუცველი ფენებისათვის, მით უფრო მას შემდეგ, რაც 1 მაისიდან სახელმწიფო ბიუჯეტი ბუნებრივი აირის ძველ და ახალ, მომატებულ, ტარიფს შორის განსხვავების სუბსიდირებას შეწყვეტს.
XS
SM
MD
LG