Accessibility links

logo-print

ქართული და მოლდავური ღვინის ირგვლივ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ღვინის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ქართული და მოლდავური ღვინის ირგვლივ მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება. ღვინის იმპორტის აკრძალვის გარდა, ამ ორი დღის წინ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა

სარეალიზაციოდ გამოტანილი პროდუქციის ამოღებაც მოითხოვა და ქართულ და მოლდავურ ღვინომასალებზე რუსეთში წარმოებული ღვინის შემოწმების პირობაც დადო. რას წერს რუსეთის პრესა ”ღვინის ომზე”? - რამდენიმე პუბლიკაციას გაგაცნობთ.

ინტერნეტგამოცემა ”სტრანას” ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტი მოსკოვში გაურკვეველი ვადით გადაიდო. არსებული ცნობით, ქართველი პრემიერი რუსეთის დედაქალაქს 10 აპრილს უნდა სწვეოდა ქართულ ღვინოსთან დაკავშირებული პრობლემების კოლეგებთან განსახილველად. იქიდან გამომდინარე, რომ ოფიციალური თბილისი ქართული ღვინის პრესტიჟის დასაცავად ფართომასშტაბიან ღონისძიებებს გეგმავს, როგორც ჩანს, ქართველი პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მომზადებას მეტი დრო დასჭირდება. - ასეთ ვარაუდს გამოთქვამს ”სტრანა” და განაგრძობს:

ქართულ და მოლდავურ ღვინოებს, ფალსიფიცირების მხრივ, რუსულ ბაზარზე პირველი ადგილი უკავიათ, თუმცა სანიტარული მოტივების უკან რომ პოლიტიკური მიზნებია საძებნი, არავის აეჭვებს. ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვით, მოსკოვმა თბილისსა და კიშინიოვს უჩვენა, რამდენად მტკივნეული დარტყმის მიყენება შეუძლია მას მეზობელი სახელმწიფოების ეკონომიკისთვის ეკონომიკური ბერკეტების ამოქმედებით. თუმცა მოსკოვის გადაწყვეტილება მხოლოდ, ასე ვთქვათ, მავნებლური აქტი არ გახლავთ: ოფიციალურმა თბილისმა ძალიან ბევრი რამ იტვირთა, როცა განაცხადა, რომ არ დაუშვებს რუსეთის გაწევრიანებას მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში. ეს რომ უპასუხოდ არ დარჩებოდა, ძნელი მისახვედრი არ უნდა ყოფილიყო.


ქართული ღვინის პრობლემას ეხება კიდევ ერთი ინტერნეტგამოცემა, ”გრანი”, რომელიც წერს, რომ თუ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმი გენადი ონიშჩენკო მართალია და ქართული და მოლდავური ღვინო ჯანმრთელობისთვის სახიფათოა, მთავარი სანიტარული ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. ”გრანი” წერს:


გენადი ონიშჩენკო რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის თანამდებობაზე 1996 წელს დაინიშნა და სწორედ ათი წლის თავზე აღმოაჩინა, რომ მოლდავური და ქართული ღვინო ჰიგიენურ ნორმებს არ აკმაყოფილებს. არადა, ამ ათი წლის განმავლობაში ქართულ და მოლდავურ ღვინოს რუსეთის მაღაზიების დახლებზე თვლა არ ჰქონდა. ხომ წარმოგიდგენიათ, ონიშჩენკო თუ მართალია, რამდენი ადამიანი შეეწირა უხარისხო ღვინოს?
გამოსავალი ერთია: ონიშჩენკომ ახალი განკარგულება უნდა გამოსცეს და განმარტოს, თუ რატომ აღარ ვარგა ქართული და მოლდავური ღვინოები. ამას დასჭირდება მხოლოდ ერთი ფრაზა: აღარ ვარგა პოლიტიკური სიტუაციის გამო. და ყველაფერი გაირკვევა - გასაგები გახდება, რომ გამოცხადდა ეკონომიკური სანქციები სააკაშვილისა და ვორონინის წინააღმდეგ. კრემლის რეპუტაციას ასეთი განმარტება ვეღარ შეარყევს, - მსოფლიომ უკვე იცის, როგორ აღწევს მოსკოვი თავის მიზანს, - მთავარ სამიტარულ ექიმს კი პროფესიული გულგრილობისთვის პასუხისგება არ მოუწევს.

და კიდევ ერთი ცნობა ღვინის თემაზე: ოფიციალური კიშინიოვი მოითხოვს, რუსეთის მიერ მოლდავური ღვინის იმპორტის აკრძალვის თაობაზე მოწვეულ იქნეს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ეკონომიკური საბჭოს რიგგარეშე სხდომა. ინტერნეტგამოცემა ”ლენტას” ცნობით, მოსკოვის გადაწყვეტილებამ მოლდავეთის ეკონომიკა კატასტროფის წინაშე დააყენა.
XS
SM
MD
LG