Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინტერვიუ ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის ხელმძღვანელთან ლიუ სიაოხვეისთან


ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ეკონომიკური პოტენციალით ჩინეთის ბიზნეს-წრეების დაინტერესებას ცდილობს.

რა ეკონომიკური თანამშრომლობა ჩამოყალიბდა დღემდე საქართველოსა და ჩინეთს შორის და რამდენად მიმზიდველია საქართველო ჩინელი მეწარმეებისთვის. ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის ხელმძღვანელი ლიუ სიაოხვეი (Liu Xiaohui).

ჩინეთი - ერთერთი ყველაზე მზარდი და განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტი 1700 მილიარდ ამერიკულ დოლარს აღწევს - საქართველოს ეკონომიკაში მოკრძალებულად არის წარმოდგენილი. ჩინეთიდან იმპორტირებული პროდუქცია საქართველოში იმპორტირებული პროდუქციის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს, ხოლო ინვესტიციები, მაგალითად, გასულ წელს საერთო ინვესტიციების მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენდა.

[ლიუ სიაოხვეის ხმა] ”ჩინეთის კომერციის სამინისტროს დავალებით ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა დავაჩქაროთ ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობა და გავზარდოთ სავაჭრო ბრუნვა ჩვენს შორის.”

ამბობს საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის ხელმძღვანელი ლიუ სიაოხვეი. მისი უწყების საქმიანობის შედეგად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ 2003 წლიდან დღემდე ყოველწლიურად საგრძნობლად იზრდება სავაჭრო ბრუნვა ჩინეთსა და საქართველოს შორის.

ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკურმა წარმომადგენელმა ჩემთან ინტერვიუში აღნიშნა, რომ სავაჭრო ურთიერთობების გარდა ორი ქვეყნის ეკონომიკურ თანამშრომლობას სხვა პერსპექტივებიც გააჩნია. მათ შორისაა ელექტროენერგიის წარმოება.

როგორც ცნობილია, 30 მილიონი აშშ დოლარის ჩინური ინვესტიციის საფუძველზე პანკისის ხეობაში, ურთულეს პირობებში, აშენდა და 2004 წლის ბოლოს ამუშავდა ”ხადორის” ჰიდროელექტროსადგური. იგი მწყობრში 2004 წლის ნოემბრის ბოლოს ჩადგა. [ლიუ სიაოხვეის ხმა] ”საქართველოში წყლის მდიდარი რესურსებია, ამიტომ ამ სფეროში არის კარგი პერსპექტივები. მაგრამ აქ ჩინურ კომპანიებს ბევრი სირთულის გადალახვა უწევთ. განსაკუთრებით ახლა, მათ ბევრი პრობლემა აქვთ კრედიტის დაბრუნებასთან და მოგების მიღებასთან დაკავშირებით.”

ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენლის განცხადებით, ჩინელი მეწარმეები საქართველოს სოფლის მეურნებითაც დაინტერესდნენ და თბილისის მახლობლად თანამედროვე ჩინური ტექნოლოგიის სათბურები გააშენეს.

ასევე ჩინური ელექტროტექნიკით მარაგდება საქართველოს სატელეკომუნიკაციო სისტემა, რომლის აღჭურვილობის 30 პროცენტს ჩინური პროდუქცია შეადგენს.

ლიუ სიაოხვეის ისიც ვკითხეთ, რამდენად მიმზიდველია საქართველო როგორც ტურისტული ქვეყანა. ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური პალატის წარმომადგენლმა აღნიშნა, რომ საქართველოს კარგი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ხაზი გაუსვა ინფრასტრუქტურის არარსებობას.

[ლიუ სიაოხვეის ხმა] ”ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს ხალხი და ხელისუფლება ცდილობს საინვესტივიო კლიმატის გაუმჯობესებას. თუ ინფრასტრუქტურა არ განვითარდა, ისე ძნელი იქნება ინვესტიციების სწრაფად მოზიდვა.”

და ბოლოს ქართული ღვინო, რომლის დიდი რაოდენობით ჩინეთში ექსპორტირების სურვილს გამოთქვამს საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ბაზრის ჩაკეტვის შემდეგ.

[ლიუ სიაოხვეის ხმა] ”ქართული ღვინო ხარისხიანი ღვინოა. გასულ წელს თბილისში იყო ჩინეთის ერთერთი კომპანიის დირექტორი და აქ გასინჯა ქართული ღვინო. ამის შემდეგ მან თქვა, რომ შინ დაბრუნების შემდეგ სხვა ღვინოს აღარ დალევს.”

ჩინეთის საელჩოს სავაჭრო-ეკონომიკური პალატის წარმომადგენელი ლიუ სიაოხვეი ამბობს, რომ ქართული ღვინის, ისევე როგორც სხვა ქართული პროდუქციის ჩინეთის ბაზარზე დასამკვიდრებლად ქართველი ბიზნესმენების აქტიური მუშაობაა საჭირო.
XS
SM
MD
LG