Accessibility links

logo-print

ამომრჩეველთა ბაზის ტექნიკური სრულყოფა კომპანია „გეოანალიტიკას“ დაევალა


საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატენდერო კომისიამ ამომრჩეველთა ერთიანი ბაზის ფორმირებისათვის კომპიუტერული პროგრამის შექმნაზე გამოცხადებულ

ტენდერში გამარჯვებულად ფირმა „გეოანალიტიკა“ მიიჩნია. “გეოანალიტიკის” მიერ ნაკისრი ვალდებულებები საარჩევნო ოლქებიდან ცენტრალურ კომისიაში ერთიანი ინფორმაციის მიწოდების, მიღებული მასალის დამუშავებისა და ამომრჩეველთა სიების ოპტიმალური განახლების პროგრამული საშუალებების შერჩევას ითვალისწინებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკვეთა „გეოანალიტიკამ“ 2 თვეში უნდა დაასრულოს. ჰონორარის საერთო მოცულობა 67 000 ლარს შეადგენს.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სატენდერო კომისიამ ორეტაპიან კონკურსში გამარჯვებულად ის ფირმა მიიჩნია, რომელიც შესრულებულ სამუშაოებში კონკურენტ კომპანიებზე მეტ ჰონორარს ითხოვდა. ამ ფაქტს თავად “გეოანალიტიკის” წარმომადგენლები აღნიშნავენ და განმარტავენ, რომ ტენდერში “გეოანალიტიკის” პრიორიტეტულობა განპირობებული იყო, ერთი მხრივ, ტექნიკური წინადადების ხარისხით, მეორე მხრივ კი, სამუშაოების დასრულების ხელსაყრელი ვადით.
ორი თვის შემდეგ ცენტრალური საარჩევნო კომისია ამომრჩეველთა ბაზის სრულყოფას შეუდგება. თავად “გეოანალიტიკა” კი პირობას დებს, რომ მომავალი არჩევნებისთვის მინიმუმამდე იქნება დაყვანილი ისეთი, აქამდე ტიპიური, საარჩევნო სიურპრიზები, როგორიცაა ამომრჩევლის გამორჩენა ანდა, პირიქით, მისი ერთდროულად რამდენიმე უბანზე აღრიცხვა და სხვა.

[თენგიზ გორგაძის ხმა]“ ამომრჩეველთა ერთიანი სია არსებობს. ამომრჩეველთა ერთიან სიას ადგენს იუსტიციის სამინისტრო. ჩვენ უზრუნველვყოფთ სიის განახლების პროგრამული საშუალებების შექმნას იმისათვის, რომ სახელმწიფოს შეეძლოს ამ სიის განახლება სწრაფად და კორექტულად. რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ პროგრამა ვერ შეძლებს. სახელმწიფო ბიუროკრატიამ უნდა უზრუნველყოს ინფორმაციის სწრაფი გაცვლა მის სხვადასხვა ქვედანაყოფებს შორის, ხოლო პროგრამული საშუალება ეხმარება, როგორც სახელმწიფო ბიუროკრატიას, ასევე უშუალოდ იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ ამომრჩეველთა ერთიან ბაზაზე.“(სტილი დაცულია)

როგორც ფირმა“გეორგიკას“ დირექტორი თენგიზ გორგაძე ამბობს, ორი თვის თავზე საარჩევნო კომისია 2 დონის პროგრამული საშუალებით იქნება აღჭურვილი. ერთია ოლქებში ინფორმაციის შეყვანა, მეორე კი მისი ცენტრში ექსპორტირება, რედაქტირებისა და ადმინისტრირების მიზნით. ამას გარდა, შემუშავდება მისამართების სტრუქტურაც, რათა ამომრჩეველთა ბაზა სამისამართო ბაზას კორექტულად მიებას. ტენდერის პირობების თანახმად, “გეორგიკა” პროგრამულ ტრენინგებს ჩაატარებს საარჩევნო კომისიებში და ორი წლის განმავლობაში ტექნიკურადაც მოემსახურება მათ.

ამომრჩეველთა ბაზის მოწესრიგების იდეალური სისტემა ამომრჩევლის თვითდარეგისტრირების პრინციპს უნდა გამორიცხავდეს. თენგიზ გორგაძის თქმით, ამაზე იზრუნებს როგორც პროგრამულ–ანალიტიკური გუნდი, ისე ბიუროკრატიული იერარქია. თუმცა, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარე თამარ ჟვანია ამბობს, საარჩევნო ადმინისტრაციების პასუხისმგებლობის გარეშე საარჩევნო სიების მოწესრიგება შეუძლებელი იქნება. თამარ ჟვანია ყურადღებას ცენტრალური საარჩევნო კომისიის ერთ–ერთ საკანონმდებლო ინიციატივაზე ამახვილებს:

[თამარ ჟვანიას ხმა]“ წინასწარ ბარათები დაურიგდებათ ამომრჩევლებს, რომელიც იქნება გარკვეულწილად გაფრთხილება ამ ამომრჩევლისა, რომ თქვენ ხართ სიაში. მიუხედავად იმისა, რომ სცკ კომპიუტერული პროგრამით და შემდგომ ოლქები, დამატებითი დაზუსტებებით ტერიტორიულ ორგანოებში, ასე თუ ისე გარკვეულ პასუხისმგებლობას იღებენ ერთიანი სიის შექმნაზე,მაინც ბოლო ეტაპზე ამომრჩეველთა სიების სიზუსტე დამოკიდებულია ამომრჩეველთა აქტივობასა და მათ სურვილზე, გაივლიან თუ არა რეგისტრაციას.“(სტილი დაცულია)

როგორც თამარ ჟვანია შენიშნავს, რეგისტრაციის კანდიდატები იქნებიან ის ამომრჩევლები, რომლებიც ეგრეთ წოდებულ წინასწარ საარჩევნო ბარათს არ მიიღებენ. წინასწარი ბარათები უბნებზე კარდაკარ შემოვლისა და აღწერის პროცედურას ჩაენაცვლება. ამომრჩეველს მათ, თუ ეს საკანონმდებლო ნორმად იქცა, არჩევნებამდე ორმოციოდე დღით ადრე დაურიგებენ.
XS
SM
MD
LG