Accessibility links

მთავრობა ფიქსირებული სატელეფონო კავშირის უმსხვილეს კომპანიას, ყოფილ „ელექტროკავშირს“, ყიდის


ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ ორიოდე კვირის წინ მთავრობის სხდომაზე გასაყიდი ობიექტების ახალი ნუსხა წარმოადგინა. რამდენიმე ჰიდროელექტროსადგურთან ერთად

კონკურსის წესით იყიდება „საქართველოს გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის“, ყოფილი „ელექტროკავშირის“, აქციათა 90 პროცენტი. საქართველოში ფიქსირებული სატელეფონო კავშირის უმსხვილესი კომპანია, რომელიც, სეპარატისტული რეგიონების ჩათვლით, 350 ათას აბონენტს ემსახურება, 50 მილიონ ამერიკულ დოლარადაა შეფასებული. ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, განაცხადების მიღების ვადა ერთ თვეში, მიმდინარე წლის12 მაისს, საღამოს ექვს საათზე იწურება. რა პირობით იყიდება ყოფილი „ელექტროკავშირი“ და ხომ არ ასუსტებს ქვეყნის უსაფრთხოებას ფიქსირებული სატელეფონო კავშირის უმსხვილესი კომპანიის კერძო საკუთრებაში გადაცემა?

ეკონომიკური განვითარების სამინისტრო განაგრძობს სახელმწიფო საკუთრებაში დარჩენილი ობიექტების დაჩქარებული ტემპით განკერძოებას. ეკონომიკის რადიკალური დერეგულაციის მომხრე მთავრობა სულ მალე, როგორც მინისტრი ირაკლი ჩოგოვაძე ამბობს, მორიგ ტვირთს, „გაერთიანებულ სატელეკომუნიკაციო კომპანიასაც“, შეელევა:

[ირაკლი ჩოგოვაძის ხმა] „50 მილიონია სასტარტო ღირებულება და ველოდებით მნიშვნელოვან ზრდას. ჩატარდება საერთაშორისო კონკურსი, რომელშიც ყველა მსურველი მიიღებს მონაწილეობას.“

მინისტრი იმედოვნებს, რომ ყოფილი „ელექტროკავშირი“ საკმაოდ მაღალ ფასში გაიყიდება. ამგვარი ვარაუდის საფუძველს კომპანიის გასული წლის ფინანსური მაჩვენებლები იძლევა: 2005 წლის მონაცემების მიხედვით, “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანია”’ მომგებიანი ორგანიზაციაა, ხოლო მისი დებიტორული დავალიანება აღემატება კრედიტორულს. ამ და მთელი რიგი სხვა მიზეზების გამო, მინისტრის მოადგილე კახა დამენია დარწმუნებულია, რომ კონკურენცია მძაფრი იქნება:

[კახა დამენიას ხმა] „პირობები არის ძალიან მარტივი. ეს არის პროფილისა და მომსახურების არეალის შენარჩუნება. ყველაზე მთავარი პირობაა მაქსიმალური ფასის გადახდა. საკმაოდ ბევრი კომპანიაა დაინტერესებული, თუმცა ამ ეტაპზე მეტად დაზუსტება არ შემიძლია. ისე, ვადასტურებ, რომ საკმაოდ ბევრია დაინტერესებული.“

სამინისტროს ხელმძღვანელობისაგან განსხვავებით, სოციალურად დაუცველი ადამიანების დიდი ნაწილი “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” გაყიდვას შიშით ელოდება. შეღავათებით მოსარგებლე აბონენტები ეჭვობენ, რომ პრივატიზების შემდეგ სააბონენტო გადასახადის სრულად დაფარვა მოუწევთ.

[აბონენტის ხმა] „ტელეფონის გადასახადი ძალიან იმოქმედებს ჩემი ოჯახის ბიუჯეტზე. შემოსავალი იმდენი არაფერი გვაქვს, რაც გადასახადები გვაქვს და როგორ უნდა გადავიხადოთ, არ ვიცი.“

შეღავათებით მოსარგებლე აბონენტების რიცხვი, როგორც “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” წარმომადგენელი თეონა წერეთელი ამბობს, თბილისის მასშტაბით, 21 ათასამდე აღწევს, თუმცა:

[თეონა წერეთლის ხმა] „აი, ამ ტიპის დანახარჯებს ანაზღაურებენ ადგილობრივი მმართველობის ორგანოები, ამ შემთხვევაში - თბილისის მერია.“

ეს კი იმას ნიშნავს, რომ სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის კომპანიის პრივატიზებით პრინციპულად არაფერი შეიცვლება, თუკი, რასაკვირველია, ადგილობრივმა ხელისუფლებამ თავად არ შეცვალა საბიუჯეტო პოლიტიკა. თუმცა იურისტი ლია მუხაშავრია, ვინც საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში წლების მანძილზე მომხმარებელთა უფლებებს იცავდა, სულ სხვა ტიპის საფრთხეზე ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, იყიდება სატელეფონო ქსელი, რომელშიც თითქმის მთელი მოსახლეობა და ყველა სახელმწიფო ორგანიზაციაა ჩართული:

[ლია მუხაშავრიას ხმა] „ვისაც ამ სატელეფონო ქსელის კონტროლი შეუძლია, ის ასევე გააკონტროლებს თითოეულ ჩვენგანს, მოისმენს იმას, თუ ვინ ვისთან რაზე საუბრობს. დღეს თუ სახელმწიფო სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე გვისმენს, სულ მალე კერძო ინტერესებიდან გამომდინარე მოგვისმენენ. თანაც არ ვართ გარანტირებული, რომ ეს იქნება ერთი მხარე და ერთი პირი, შეიძლება იყოს ათასი, ისევე როგორც, ამავე კომპანიის თანხმობით, შესაძლებელი იქნება მთავრობის წევრებისა და სამხედრო ხელმძღვანელობის მოსმენა.“

ლია მუხაშავრიას თქმით, ხელისუფლებას არ უნდა ეჩქარა და პრივატიზებამდე, დამცავი მექანიზმის სახით, მთელი რიგი დათქმები უნდა გაეკეთებინა. თუმცა გადაწყვეტილება უკვე მიღებულია: “გაერთიანებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის” შეძენის მსურველთა ვინაობა სულ მალე, დაახლოებით ერთ თვეში, გაირკვევა.
XS
SM
MD
LG