Accessibility links

logo-print

მოკვეთეს თუ არა თავი cosa nostra-ს?


ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ემალებოდა პოლიციას იტალიის მაფიის “ბოსთა ბოსი”,

მაგრამ 11 აპრილი უიღბლო აღმოჩნდა ბერნარდო პროვენძანოსთვის, იგი ბოლოს და ბოლოს დააკავეს. პროვენძანო გადამწყვეტ როლს თამაშობდა სიცილიის მაფიის, cosa nostra-ს ტრანსფორმაციაში საერთაშორისო ორგანიზაციად, რომელსაც საქმიანი კავშირები აქვს რუსეთიდან კოლუმბიამდე.

პროვენძანოს პოლიცია 43 წლის განმავლობაში დაეძებდა. იგი თავისი მშობლიური ქალაქის, ლეგენდარული კორლეონეს მახლობლად ცხოვრობდა მარტო, სოფლის უბრალო ქოხში.

როცა დააპატიმრეს, იგი უიარაღო იყო და პოლიციას იოლად ჩაბარდა. “დიახ, მე გახლავართ ბერნარდო პროვენძანოო”, უთხრა სამართალდამცავებს ჯინსებსა და პულოვერში ჩაცმულმა 73 წლის მოხუცმა.

პროვენძანო დაუსწრებლად არის უკვე გასამართლებული და მას რამდენჯერმე მიესაჯა სამუდამო პატიმრობა. მის მიერ ჩადენილ მრავალრიცხოვან მკვლელობათა შორის არის 1992 წელს მაფიის წინააღმდეგ მებრძოლი მაგისტრატების, ჯიოვანი ფალკონესა და პაოლო ბორსელინოს მოკვლაც.

შინაგან საქმეთა მინისტრ ჯუზეპე პიზანუს თქმით, პროვენძანოს დაპატიმრება მაფიისთვის მიყენებული უდიდესი დარტყმაა 1993 წელს პალერმოში მისი წინამორბედის, სალვატორე რიინას დაპატიმრების შემდეგ.

[პიზანუს ხმა] “ეჭვგარეშეა, მაფია კარგავს თავის ყველაზე სახელოვან მეთაურს. ეს სრულიად აშკარა დარტყმაა მაფიის სტრუქტურისთვის, ეს მისთვის თავის მოჭრის ტოლფასია. იმასაც ვიტყვი, რომ პროვენძანოს დაპატიმრება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის დაგვირგვინებაა როგორც იტალიაში, ისე საერთაშორისო მასშტაბიით.”

თუმცა ამგვარ ოპტიმიზმს მრავალი ექსპერტი არ იზიარებს. მათი აზრით მაფიას ძალზე ღრმად აქვს გადგმული ფესვები ბიზნესსა და პოლიტიკაში.

ჩვენმა რადიომ სატელეფონო ინტერვიუ აიღო მაფიის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სპეციალისტთან, პალერმოს ყოფილ მერს, ლეოლუკა ორლანდოსთან.

შეგახსენებთ, რომ პალერმო თბილისის პარტნიორი ქალაქია და სწორედ ორლანდოს მერობის დროს მოხდა ორი ქალაქის დაძმობილება.

ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, როგორ აკეთებს cosa nostra ფულს, ორლანდომ თქვა:

[ორლანდოს ხმა] “მაფია მიდის ყველგან, სადაც ფულს მიაგნებს. როცა სიცილიაში ფული სოფელში იყო, მაფიაც სოფელში იყო. როცა ფული სამშენებლო საქმეში იყო, ის ქალაქში იმყოფებოდა. როცა ფული სიგარეტის კონტრაბანდაში იყო, ის პალერმოს პორტის მახლობლად იმყოფებოდა. როცა ფული ნარკოტიკების კონტრაბანდაში იყო, იგი ნარკოტიკების გადამამუშავებელ ლაბორატორიებთან იყო. დარწმუნებული ვარ, რომ დღეს მაფია იქ მიდის, სადაც ახალი ბიზნესია. ახალი ბიზნესი საინფორმაციო ტექნოლოგიასთან, ნარჩენების მენეჯმენტთან, ენერგიის პროდუქციასთან, იარაღის კონტრაბანდასთან არის მჭიდროდ დაკავშირებული. მსოფლოში ყოველი ბიზნესის მიღმა მაფიოზო დგას.”

რა კავშირები აქვს სიცილიის მაფიას ორგანიზებული დანაშაულის ჯგუფებთან ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში?

[ორლანდოს ხმა] “... თუკი ძველი მაფიის წინააღმდეგ საბრძოლველად საჭირო იყო ტერიტორიის კონტროლი, ახალი მაფიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის აუცილებელია ბანკების გაკონტროლება. ვინაიდან ბანკების გარეშე მაფიები ვერ არსებობენ და ბანკების გარეშე მაფიოზები ვერ თანამშრომლობენ. ვერასოდეს იპოვით რუს მაფიოზოს სიცილიაში ან სიცილიელ მაფიოზოს რუსეთში. სამაგიეროდ ნახავთ რუს მაფიოზოს, რომელსაც სიცილიელ მაფიოზოსთან ურთიერთობა აქვს გერმანიაში ან რომელიმე კუნძულზე მდებარე ბანკის მეშვეობით.”

დაბოლოს, ბატონ ორლანდოს ვკითხეთ, რა რჩევას მისცემდა თავის კოლეგებს რუსეთში, რუმინეთში, უკრაინასა თუ საქართველოში.

[ორლანდოს ხმა] “პალერმოს მსგავსად, ბევრ ქვეყანაში ხალხი ფიქრობს, რომ ფულის გაკეთება მხოლოდ უკანონოდ, მხოლოდ მაფიის გზით შეიძლება. შეიძლება ეს სწორი იყო ოდესღაც, უფრო ჩაკეტილ სამყაროში. მაგრამ დღევანდელ გლობალიზებულ მსოფლიოში ქალაქი ვერ განავითარებს ეკონომიკას, ბიზნესს, იგი ვერ გახდება ტურიზმისა და ინვესტიციების ცენტრი, თუკი არ შეებრძოლება უკანონობას... ცივილიზებულ ქვეყნებში... ვინც კანონებს იცავს, სამსახურს შოულობს, კარიერას აკეთებს, ბიზნესი აქვს. თუკი ჩემს კოლეგებს მსოფლიოს სხვა ქალაქებში, უკრაინაში, რუსეთში, თურქეთში, რუმინეთსა თუ საქართველოში სურთ, რომ მათი ქალაქები ცივილიზებული იყოს, მაშინ უნდა გაავრცელონ მესიჯი, რომ გლობალიზებულ მსოფლიოში ადამიანები, რომლებიც კანონებს იცავენ, იშოვიან სამსახურს, გააკეთებენ კარიერას და გამდიდრდებიან.”

მაფიას ბევრი ჩვენგანი იცნობს ფრენსის ფორდ კოპოლას ცნობილი ფილმით “ნათლია”, რომლის მთავარი გმირი სწორედ კორლეონედან არის. ჩვენი კორესპონდენტის შეკითხვაზე, თუ რამდენად ზუსტად არის მასში ასახული მაფია, ლეოლუკა ორლანდომ თქვა, რომ ეს ფილმი - მიუხედავად მისი მაღალი კინემატოგრაფიული ღირსებებისა - სიცილიელებისთვის დიდი ტრაგედიაა, ვინაიდან იგი ახდენს ამ საშინელი მოვლენის რომანტიზაციას და სინამდვილეს ამახინჯებს.
XS
SM
MD
LG