Accessibility links

რატომ გახშირდა ევროკავშირის ქვეყნებში დემონსტრაციები და გაფიცვები?


რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ საფრანგეთში ახალგაზრდებისა და პროფკავშირების საპროტესტო გამოსვლებს შედეგი მოჰყვა:

ქვეყნის ხელისუფლება გადასინჯავს ახალგაზრდობის შრომითი მოწყობის ახალ კანონს, რომელსაც მრავალათასიანი ხმაურიანი დემონსტრაციები მოჰყვა. ხელისუფლების გადაწყვეტილება, შესაძლოა, დემონსტრაციების მონაწილეთა გამარჯვებად ჩაითვალოს, მაგრამ როგორ გაუმკლავდება ქვეყანა რთულ ეკონომიკურ მდგომარეობას, ეს ისევ ბურუსით მოცული რჩება. და არა მარტო საფრანგეთის შემთხვევაში.

ელის მაქგლონის 15 წელია, შეაქვს ფული საპენსიო ფონდში იმ იმედით, რომ როცა 60 წლის ასაკში პენსიაზე გავა, საკმარისი დაუგროვდება რიგიანი ყოველთვიური შემოსავლისთვის. ელისი ადგილობრივი მმართველობის უწყებაში მუშაობს. მაგრამ ბრიტანეთში დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილების შესაბამისად, მას ან 65 წლის ასაკამდე მოუწევს მუშაობა, ან, თუ პენსიაზე 60 წლისამ მოისურვა გასვლა, ნაკლებ შემოსავალს უნდა დასჯერდეს. ამის გამო ელისი მხარში ამოუდგა მილიონამდე გაფიცულს: ბრიტანეთში მარტში მოწყობილი ერთდღიანი გაფიცვის მონაწილეებს.

[მაქგლონის ხმა]: ”ეს ნამდვილად არ არის დიდი პენსიები. საშუალოდ, საჯარო სტრუქტურებში მომუშავეთა პენსია წელიწადში 6 600 ამერიკულ დოლარს უტოლდება. ასეთ სამუშაოებზე ხელფასი დიდი არ არის, და თუ იმის საშუალება მაინც გაქვთ, რომ პენსიაზე ადრე გახვიდეთ, ვფიქრობ, ამ უფლებისთვის ბრძოლა ღირს”.


გაფიცვები ევროპის სხვა ქვეყნებშიც იმართება და მათი საფუძველია შიში, რომ ეკონომიკური სტაგნაციის დასაძლევად შემუშავებული რეფორმები ადამიანებს ადვილად დააკარგინებს სამსახურს, ბოლოს მოუღებს ჩვეული სოციალური უზრუნველყოფის სისტემას.

საბერძნეთში ბანკების თანამშრომლებმა ერთდღიანი გაფიცვით გამოთქვეს პროტესტი დაგეგმილი საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ. გერმანიაში საჯარო სამსახურში დასაქმებულთა ბოლო ათწლეულის უდიდესი გაფიცვა მოჰყვა სამუშაო დროის გაზრდის გეგმას.

[უოლესის ხმა]: ”ევროპის ბევრ ქვეყანაში ჩამოყალიბდა შეხედულება, რომ სულ უფრო მეტად მკაცრ და კონკურენტუნარიან ეკონომიკურ გარემოში გარკვეული ტრადიციები - განსაკუთრებით, თუ ისინი შრომის ბაზარს ეხება - უნდა გადაისინჯოს”, - განმარტავს ჰელენ უოლესი, ფლორენციის ევროპის უნივერსიტეტის ექსპერტი.

ეკონომიკური რეფორმის მომხრეები ირწმუნებიან, რომ ცვლილება აუცილებელია ევროპის ქვეყნების ეკონომიკური კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად, უმუშევრობის შესამცირებლად. დემონსტრაციები კი იმას ცხადყოფს, რამდენად მტკივნეულია რეფორმა რიგითი მოქალაქისთვის.

თუ საფრანგეთში გამართულ დემონსტრაციებს დავუბრუნდებით, ჰელენ უოლესის შეფასებით, პროტესტი აჩვენებს, რომ აუცილებელია რეფორმის რიგიანად გააზრება, რომ სახიფათოა მისი ნაჩქარევი მიღება. ვაშინგტონელი პოლიტოლოგი საიმონ სერფატი კი უფრო შორს მიდის და დაასკვნის: საფრანგეთში რაც მოხდა, ცხადჰყოფს, რომ ამჟამად ევროპაში ეკონომიკური რეფორმების წამოწყება “პოლიტიკური თვითმკვლელობის” ტოლფასია.

ეს გაკვეთილი, დასძენს საიმონ სერფატი, უწინარეს ყოვლისა უნდა გაითვალისწინოს კაცმა, რომელსაც იტალიის ახალი მთავრობის გაძღოლა მოუწევს - ეს კი, როგორც ჩანს, მოუხდება რომანო პროდის, მემარცხენე-ცენტრისტული ალიანსის ლიდერს. [საიმონ სერფატის ხმა] ”საფრანგეთის რეაქციით გამოჩნდა, როგორი რთულია ასეთ საკითხებთან მიმართებით ცვლილებების გატარება. საფრანგეთში ეს ყოველთვის ძნელი იყო. თუმცა თუ საჭირო სტრუქტურული ცვლილებების გატარებას აპირებს, ეს პროდისაც ძალიან გაუძნელდება. უმთავრესი გაკვეთილი, რომელიც საფრანგეთმა გვასწავლა, ის არის, რომ საჭირო ნაბიჯების გადადგმა დღეს ძალიან გართულებულია”.
XS
SM
MD
LG