Accessibility links

logo-print

ნატო დადებითად აფასებს საქართველოს მიერ IPAP-ის შესრულებას


დღეს ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ჩრადილოატლანტიკრი საბჭოს სხდომა ფორმატით 26+1, რომელზეც განხილულ იქნა საქართველოს

ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, IPAP-ის, იმპლემენტაციის შეფასების ანგარიში.

როგორც ბრიუსელიდან იტყობინებიან, საქართველოს მიერ გეგმის შესრულება დადებითად შეფასდა, რაც, როგორც საქართველოს ხელისუფლება იმედოვნებს, ქვეყანას მალე გზას გაუხსნის ნატოში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებისკენ.

ბრიუსელში ჩვენი რადიოს კორესპონდენტი აჰტო ლობიაკასი, ისევე როგორც რამდენიმე საინფორმაციო სააგენტო, იუწყება ნატოს შტაბ-ბინაში წარმომადგენლობითი ქართული დელეგაციის სტუმრობის შესახებ. ლაპარაკია ვიზიტზე საგარეო საქმეთა, თავდაცვის მინისტრების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მონაწილეობით.

ქართველი მინისტრები შეხვდნენ ნატოს გენერალურ მდივან იაპ დე ჰოოპ სხეფერს. რაც შეეხება ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე საქართველოს მიერ IPAP-ის შესრულებაზე ზემოხსენებულ დადებით რეაქციას, ჩვენს კორესპონდენტს ვთხოვეთ, დაეკონკრეტებინა, მაინც რა მოეწონათ ნატოს წევრებს.
[აჰტო ლობიაკასის ხმა] “პოზიტიური იყო რეაქცია რამდენიმე საკითხთან მიმართებაში. როგორც შევიტყვე, ნატო, გნებავთ - ნატოს წევრი ქვეყნები, ძალიან კმაყოფილი არიან საქართველოში მიმდინარე რეფორმებით. საუბარი შეეხო აგრეთვე სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარების გეგმას, საუბარი შეეხო სოჭში 31 მარტს რუსეთ-საქართველოს შეთანხმებას ბაზების გაყვანის შესახებ. და საერთოდ, ფართო გამოხმაურება მოჰყვა საქართველოს თხოვნას, თვალსაწიერ მომავალში ინტენსიური დიალოგის დაწყების შესახებ. ეს გადაწყვეტილება ნატოს, მართალია, არ მიუღია, მაგრამ წინადადებას, რომ გადაიდგას მორიგი ნაბიჯი ნატოსა და საქართველოს ურთიერთობაში, მიემხრო რამდენიმე ქვეყანა - მათ შორის აშშ, ბრიტანეთი, თურქეთი, და ნატოს ახალი წევრების უმრავლესობა. ეს კი ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების წინასწარ და აშკარა აღიარებას ნიშნავს”.

ჩვენმა კორესპონდენტმა “ინტენსიური დიალოგი” ახსენა - ამ ცნებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო მინისტრი ევროინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძე განმარტავს: [გიორგი ბარამიძის ხმა] “იქ არის პირველ ყოვლისა ნახსენები “ინტენსიური დიალოგი”, რომელიც არის საფეხური “გაწევრიანების სამოქმედო გეგმამდე”, ანუ MAP-მდე. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე გაზაფხულზე მივიღებთ “ინტენსიურ დიალოგს”, რომლის სრული სახელწოდება არის “ინტენსიური დიალოგი საქართველოს ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით”.

ახლა კი ისევ ბრიუსელში ჩვენს კორესპონდენტს დავუბრუნდეთ. მან გვაუწყა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, მისი ინფორმაციით, არავინ შეწინააღმდეგებია ნატოსთან საქართველოს დაახლოების პროცესს. რამდენიმე წევრმა კი აღნიშნა, რომ ნატოში ახალი წევრის მიღებისას მესამე ქვეყანას არ უნდა მიეცეს ვეტოს დადების საშუალება. ეს “მესამე ქვეყანა” არავის დაუკონკრეტებია, მაგრამ მოწინააღმდეგის როლში - ნატოში ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების მიღების პერსპექტივაზე ლაპარაკისას - როგორც წესი, რუსეთი გამოდის ხოლმე. ჩვენი კორესპონდენტის შეფასებით, [აჰტო ლობიაკასის ხმა] “საქართველოს აქვს იმისი კარგი შესაძლებლობა, გაჰყვეს უკრაინის გზას, ყოველ შემთხვევაში, ნატოსთან ინტენსიური დიალოგის საკითხში. საქართველო აშშ-ის მხარდაჭერით სარგებლობს და მას ნატოს წევრებიდან არავინ ეწინააღმდეგება. არადა, ნატოში ხშირია ხოლმე დაპირისპირება, როცა ამათუიმ საკითხში ერთ მხარეს შეერთებული შტატები დგას, მეორე მხარეს - საფრანგეთი. მაგრამ საქართველოს შემთხვევაში ასე არ ხდება”.

საფრანგეთის წარმომადგენელმა, დასძენს ჩვენი კორესპონდენტი, დღეს აღნიშნა, რომ პარიზი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. და კიდევ ერთი ინფორმაცია რომელიც ბრიუსელიდან ჩვენმა კორესპონდენტმა მოგვაწოდა.

[აჰტო ლობიაკასის ხმა] “საქართველო ნატოს სთხოვს, გააგზავნოს წარმომადგენლები საქართველოს ტერიტორიიდან რუსეთის ბაზების გაყვანის სამეთვალყურეოდ. “ნატოს” პასუხი ჯერ არ გაუცია, მაგრამ საქართველომ მას უკვე მიმართა ასეთი თხოვნით”.

ეს ინფორმაცია მოგვაწოდა ბრიუსელში “რადიო თავისუფლების” კორესპონდენტმა აჰტო ლობიაკასმა. დღესვე ბრიუსელში დავუკავშირდით საქართველოს სახელმწიფო მინისტრს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, გიორგი ბარამიძეს.
XS
SM
MD
LG