Accessibility links

სახელმწიფო ენის პრობლემები ქართულ ეროვნულ უმცირესობებში


28 წლის წინათ, საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენად ქართულის დატოვების მოთხოვნით, დედაქალაქის ქუჩებში ათასობით ადამიანი გამოვიდა.

მას შემდეგ 14 აპრილი ქართული ენის კალენდარული დღეა. ქართულს, როგორც სახელმწიფო ენას, ქვეყანაში საფრთხე ნამდვილად აღარ ემუქრება, თუმცა ეთნიკური უმცირესობების კომპაქტური დასახლების რეგიონებში მისი მასობრივად ცოდნისა და მოხმარების პრობლემა ჯერაც მოუგვარებელია. ამ პროცესებში ყველაზე აქტიურად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროა ჩართული.

საქართველოს მასშტაბით დღეისათვის სულ 456 არაქართული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა მოქმედებს. მათგან უმრავლესი, 70 პროცენტი, ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის რეგიონებზე მოდის. სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სკოლებში მოსწავლეთა 100 პროცენტი ერთ ეთნიკურ ჯგუფს მიეკუთვნება, რასაც ვერ ვიტყვით რუსულენოვან სკოლებზე, სადაც ეთნიკურ რუსებთან ერთად სწავლობენ ქართველები, სომხები, აზერბაიჯანელები და სხვა ეროვნული წარმოშობის მოსწავლეები. ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა დიდი ნაწილის შეფასებით, სახელმწიფო ენის შესწავლას არაქართულ სკოლებში არასაკმარისი, კერძოდ, კვირაში 3 აკადემიური საათი ეთმობა. გაცილებით დიდი და მწვავე პრობლემაა პედაგოგიური კადრები–არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგთა საერთო რაოდენობიდან 50 პედაგოგს ქართულად წერა–კითხვა უჭირს, 11–ს კი საერთოდ არ შეუძლია ქართულ ენაზე საუბარი. ასეთ ფონზე გასაკვირი არ არის, რომ სახელმწიფო ენა მოსწავლეთა უმრავლესობამ არ იცის. ასე მაგალითად, ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა დიდ ნაწილს, გაეროს განვითარების ფონდის დაფინანსებით კომპანია ეისითის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, გაკვეთილის ახსნა სხვა ენებზე უხდება. ეს მაჩვენებელი განსაკუთრებით მაღალია დაწყებით კლასებში. რაც შეეხება რეგიონებს, ამ თვალსაზრისით ყველაზე რთული ვითარება ქვემო ქართლისა და სამცხე–ჯავახეთის სკოლებშია.

[ბელა წიფურიას ხმა]“ არაქართულენოვან სკოლებში, განსაკუთრებით ეროვნულ უმცირესობათა კომპაქტური განსახლების რეგიონებში, მდგომარეობა აქამდე არ იყო სახარბიელო, მაგრამ ახლა აქტიური ღონისძიებებია დაწყებული. ერთი მხრივ, მიმდინარეობს პედაგოგთა კვალიფიკაციაზე ზრუნვა და მათი კვალიფიკაციის ამაღლება, მეორე მხრივ კი, მიმდინარეობს ახალი სახელმძღვანელოებისა და ახალი მეთოდოლოგიის დამუშავება. შესაბამისად, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შედარებით რეალისტურ ვადაში, ვთქვათ, წელიწად-ნახევრის თუ ერთი წლის, მაქსიმუმ ორი წლის მანძილზე, ასეთი ძალიან მიზანმიმართული ღონისძიებებით, პრობლემა უნდა დაიძლიოს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ბელა წიფურიას განცხადებით, პედაგოგთა ტრენინგებს სამცხე–ჯავახეთში ეუთოს ეროვნულ უმცირესობათა კომისარი აფინანსებს, ხოლო ქვემო ქართლში - ევრაზიის ფონდი. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში საქართველოს არაქართულენოვანი სკოლებისათვის მომზადდა ასევე ქართული ენის სახელმძღვანელო „თავთავი“, რომელიც 5 ნაწილად გამოვა. ჯერჯერობით სახელმძღვანელოს 1 ნაწილი გამოიცა, რომლითაც მეშვიდე და მეთერთმეტე კლასელები სწავლობენ. მისი ტირაჟი 70 000 ცალია. განათლების სამინისტროს განმარტებით, „თავთავი” აკმაყოფილებს საკომუნიკაციო ენის სახელმძღვანელოსადმი არსებულ ყველა მოთხოვნას. როგორც ბელა წიფურია იმედოვნებს, განათლების რეფორმის გარდამავალ ეტაპზე „თავთავი“ არაქართულენოვან სკოლებში ქართული ენის ცოდნის პრობლემის გადაჭრას შეძლებს.
არსებული ვითარებით კი, არაქართულენოვანი სკოლების ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგთა ნაწილს თავად აქვს ქართული ენის ცოდნის სირთულეები, მაშინ როცა არაქართულენოვანი მოსახლეობა ეკონომიკურად, სოციალურად, ინფორმაციულად და კულტურულად იზოლირებულია დანარჩენი საქართველოსგან. ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები რეალობასთან არაადეკვატური და არაეფექტურია, ვინაიდან არ ითვალისწინებს მოსწავლეთა მიერ ქართული ენის ცოდნის დაბალ დონეს. შესაბამისად, მოსწავლეთა ქართულ ენაზე საკომუნიკაციო უნარ–ჩვევების გამომუშავება სასაუბრო მასალების საფუძველზე, გამარტივებული, ადაპტირებული სახელმძღვანელოებით უნდა მოხდეს. ასეთია ანალიტიკოსთა რეკომენდაცია, რომელსაც განათლების სამინისტრო უნდა მიჰყვეს.
XS
SM
MD
LG