Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შესაძლო ცვლილებები ხელისუფლებაში ის თემაა, რომელსაც პრესა განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს


შესაძლო ცვლილებები ხელისუფლებაში ის თემაა, რომელსაც პრესა განსაკუთრებული მონდომებით აშუქებს ხოლმე. თავდაცვის მინისტრისთვის ”ღვინის დესპანობის”

დავალება საკმარისი მიზეზი აღმოჩნდა იმისთვის, რომ მედიაში დაწყებულიყო მსჯელობა მთავრობაში მორიგი გადაადგილების შესახებ. გთავაზობთ რამდენიმე პუბლიკაციის მიმოხილვას:

”ოპერაცია ”ღვინო” - გამოსაცდელი დავალება” - ასე აფასებს ”რეზონანსი” პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებას. მიმომხილველი წერს: ”თავისთავად ის ფაქტი, რომ ქართული ღვინის იმპორტის მენეჯერად თავდაცვის მინისტრი სახელდება, საკმაოდ ბევრ კითხვას აჩენს. ოპოზიციის მთავარი ეჭვი კი ის არის, რომ მთავრობაში სერიოზული საკადრო ცვლილებები, მართლაც, მზადდება”, - წერს ”რეზონანსი”, რომლის ვერსიასაც ”ახალი თაობა” ასე ავითარებს: ”ხმები ირაკლი ოქრუაშვილის გაპრემიერების შესახებ უკვე დიდი ხანია, რაც დადის. შესაძლოა, მას ეს თანამდებობა უკვე დაკავებულიც ჰქონოდა, რომ არა რამდენიმე ფაქტორი. არავისთვის უცხო არ არის, რომ ბოლო პერიოდში ირაკლი ოქრუაშვილს პრეზიდენტთან ურთიერთობა გაუფუჭდა, რაც, როგორც ამბობენ, იმ თანაგუნდელების ბრალია, რომლებიც ვერაფრით ეგუებიან თავდაცვის მინისტრის მზარდ პოპულარობას”, - წერს ”ახალი თაობის” კორესპონდენტი. ”ალია” უფრო კატეგორიულია, როცა წერს: ”ზურაბ ნოღაიდელის მემკვიდრე უკვე ცნობილია. პრემიერ-მინისტრის პოსტს მალე ირაკლი ოქრუაშვილი დაიკავებს. თითქმის ყველამ ასე წაიკითხა პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ ჩინეთში გაკეთებული განცხადება. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ არაფერი სააკაშვილის ქმედებებსა თუ განცხადებებში შემთხვევითი არ არის. შესაბამისად, არც მემკვიდრის ”დაბადების” ადგილია სპონტანური. თუმცა, ”პიარშჩიკების” შეფასებით, სააკაშვილის მიზანი სწორედ ეს იყო. ანუ მას უნდოდა ყველა დაერწმუნებინა, რომ ეს გადაწყვეტილება სპონტანურად მიიღო და ოპოზიციის ბოიკოტთან საერთო არაფერი აქვს”, - წერს ”ალია” და დასძენს, რომ ”თუ ოპოზიციისა და ექსპერტთა ვერსია გამართლდა, ვერტიკალს, უმეტესად, ჟვანიას გუნდის წევრები დატოვებენ - მათ შორის, ალბათ, ბენდუქიძეც, რომელიც შეიძლება კომფორტულად გრძნობდა თავს ჟვანიას მინისტრთა კაბინეტში, კარგად იყო ნოღაიდელთან, მაგრამ თავისი ლიბერალური შეხედულებებით ვერ შეეწყობა ოქრუაშვილს. თუ ოქრუაშვილი იქნება პრემიერი, შესაძლოა, ახალი ეკონომიკური გუნდი გაჩნდეს - უფრო რადიკალური, ვიდრე იყო ჟვანია და ნოღაიდელი”, - ასე მიაჩნია ”ალიას” მიმომხილველს.

პრეზიდენტ სააკაშვილის გადაწყვეტილებამ, ბუნებრივია, ექსპერტებსაც გაუღვიძა მსჯელობის სურვილი. გაზეთი ”ხვალინდელი დღე” აქვეყნებს ინტერვიუს ეკონომიკის ექსპერტ ნიკო ორველაშვილთან, რომელიც მან სააგენტო ”ინტერპრესნიუსს” მისცა. ორველაშვილი ამბობს: ”როგორც ეკონომისტი, გეტყვით, რომ ბაზარი, ანუ მომხმარებელი, მსგავს გადაწყვეტილებებზე ნაკლებად რეაგირებს. რაც შეეხება სახელმწიფო ურთიერთობებს, რა თქმა უნდა, ამ გადაწყვეტილებას ზიანის მომტანი პოტენცია აქვს, რადგან ირაკლი ოქრუაშვილი იმ იმიჯით, რომელიც მან საზოგადოებაში დაიმკვიდრა, ამ შემთხვევაში მშვიდობის მტრედად წარმოსახული ნამდვილად ვერ იქნება. ირაკლი ოქრუაშვილისგან დიდხანს ცდილობდნენ ქორი და სვავი შეექმნათ, ახლა მისი მტრედად გახდომა მოინდომეს. რამდენად აზრიანია ეს, თქვენ თავად განსაჯეთ”, - ასე უპასუხებს ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტის შეკითხვას, რამდენად შედეგიანი იქნება სააკაშვილის გადაწყვეტილება, ექსპერტი ნიკო ორველაშვილი. ინტერვიუს ”ხვალინდელი დღე” აქვეყნებს.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG