Accessibility links

logo-print

ვალერი გელაშვილი პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის


13 აპრილს რესპუბლიკური და კონსერვატიული პარტიების წევრებმა საკონსტიტუციო სასამართლოს კანცელარიაში ვალერი გელაშვილის მიერ ხელმოწერილი საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანეს.

ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს, პარლამენტის დადგენილებით, უფლებამოსილება ორიოდე კვირის წინ, 2006 წლის 31 მარტს, შეუწყდა. ამჟამად ლიტვაში მყოფი ვალერი გელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს 31 მარტის დადგენილების გაუქმებასა და დეპუტატის უფლებამოსილების აღდგენას სთხოვს.

სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების ცენტრში ვალერი გელაშვილის თანაპარტიელმა ზურაბ მარაქველიძემ და დეპუტატმა კახა კუკავამ შეიტანეს. პარლამენტის წევრის თქმით, საკანონმდებლო ორგანომ ხაშურის მაჟორიტარ დეპუტატს უფლებამოსილება კონსტიტუციის 53-ე და და 54-ე მუხლების დარღვევით შეუწყვიტა:

[კახა კუკავას ხმა] „კონსტიტუცია ითვალისწინებს დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტას იმ შემთხვევაში, თუკი ის ეწევა სამეწარმოე საქმიანობას. არც ერთი დოკუმენტი იმისა, რომ ვალერი გელაშვილი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, წარმოდგენილი არ იქნა. ერთადერთი, რაც იყო, ეს არის კახა ლომაიასთან ხუთი თვის წინ შემდგარი საუბარი, რომელზეც ლომაიამ განაცხადა, რომ კარგად ვერ იხსენებს საუბრის შინაარსს.“

სარჩელს ხელს თავად ვალერი გელაშვილი აწერს, თუმცა, როგორც ზურაბ მარაქველიძე ამბობს, პროცესზე მოსარჩელის ინტერესებს მისი წარმომადგენლები დაიცავენ:

[ზურაბ მარაქველიძის ხმა] „კანონმდებლობით, სარჩელის შეტანა შეუძლია მხოლოდ დაზარალებულ მხარეს, ამ შემთხვევაში, ვალერი გელაშვილს. თუმცა მას ეყოლება წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში - წარმომადგენელი რესპუბლიკური პარტიიდან და წარმომადგენელი დემოკრატიული ფრონტიდან.“(სტილი დაცულია)

სწორედ დემოკრატიული ფრონტის წევრებმა გაავრცელეს დღეს ინფორმაცია, რომ ფინანსურმა პოლიციამ ვალერი გელაშვილის მიერ დაფუძნებული კომპანიების შემოწმება დაიწყო და რომ ეს ფაქტი საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის შეტანას უკავშირდება. მე, ამ ინფორმაციის შემოწმების მიზნით, ფინანსური პოლიციის საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსს ლევან მხეიძეს დავურეკე.

[ლევან მხეიძის ხმა] „არასწორი ინფორმაციაა. ჩვენი დანაყოფები არ ამოწმებენ გელაშვილის კომპანიებს. მეც ვუსმინე ტელევიზორში და გამიკვირდა. ვიმეორებ, ჩვენი დანაყოფები არსად შესულან.“

ირკვევა, რომ გელაშვილის კომპანიებს არა ფინანსური პოლიცია, არამედ საგადასახადო ინსპექცია ამოწმებს. გორში რამდენიმე ობიექტიც კი დალუქეს. თუმცა დავუბრუნდეთ სარჩელს, რომელიც ვალერი გელაშვილის ნდობით აღჭურვილმა პირებმა საკონსტიტუციო სასამართლოში შეიტანეს. როგორც სასამართლოს აპარატის უფროსი ქეთევან ერემაძე ამბობს, საკითხის არსებით განხილვამდე სარჩელმა საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიაროს. თავად განსაჯეთ: ფორმალური ხარვეზების აღმოფხვრის შემდეგ კანცელარიის ხელმძღვანელი სარჩელს გადასცემს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, თავის მხრივ, სამი დღის ვადაში სარჩელს გადაუგზავნის კოლეგიის თავმჯდომარეს. ეს უკანასკნელი იმავე დღეს განსაზღვრავს განმწესრიგებელი სხდომის ჩატარების თარიღს და დანიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს. ამის შემდეგ, არაუგვიანეს შვიდი დღისა, გაიმართება განმწესრიგებელი სხდომა, რომელზეც გადაწყდება, სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოს განსახილველია თუ არა. თუმცა, სარჩელის მიღების შემთხვევაში, როგორც ქეთევან ერემაძე ამბობს, ვალერი გელაშვილის წარმომადგენლებს დიდხანს ლოდინი აღარ მოუწევთ:

[ქეთევან ერემაძის ხმა] „კოლეგიის განსჯად საკითხებშიც არის მთელი რიგი კომპეტენციებისა. მაგალითად, არჩევნების კონსტიტუციურობაზე დავა, რეფერენდუმის კონსტიტუციურობაზე დავა, სასამართლოს წარდგინებები და ასე შემდეგ... ეს საკითხიც - ვადამდე ადრე დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის კონსტიტუციურობის საკითხიც - რიგგარეშე განხილვას ექვემდებარება. ანუ სასამართლო დაამთავრებს იმ კონკრეტული საქმის განხილვას, რომელსაც ამ კონკრეტულ ეტაპზე იხილავს და შემდგომში რიგგარეშე დაიწყებს ამ სარჩელის განხილვას, თუ, რა თქმა უნდა, სარჩელი არსებითად მიღებული იქნება.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG