Accessibility links

ოპოზიცია და ხელისუფლება სოჭში დადებულ ხელშეკრულებას სხვადასხვაგვარად განმარტავს


ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში საქართველოს პარლამენტის ხუთშაბათის სხდომაზე სოჭში 31 მარტს დადებული შეთანხმების რატიფიკაცია გაიმართა. დოკუმენტში,

რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებული რუსეთის სამხედრო ბაზების დროებითი ფუნქციონირებისა და მათი გაყვანის საბოლოო ვადებს განსაზღვრავს, ოპოზიცია ეროვნული ინტერესების საზიანო პუნქტებსაც ხედავს. უმრავლესობა კი ფიქრობს, რომ ოპოზიცია, პოლიტიკური ქულების მოსაპოვებლად ღია კარებს ამტვრევს.

სოჭში ხელმოწერილი შეთანხმების თანახმად, რუსეთის ორი 62-ე და მე-12 სამხედრო ბაზა შემდეგი თანამიმდევრობით დატოვებს საქართველოს ტერიტორიას: 2007 წლის ბოლომდე რუსეთის სამხედრო ნაწილები გავლენ ახალქალაქიდან, ერთი წლის შემდეგ კი - აჭარის ტერიტორიიდან. თუმცა 31 მარტს სოჭში ხელმოწერილ შეთანხმებაში ჩაიწერა, რომ ბათუმში უნდა დაფუძნდეს საქართველო-რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი, რაზეც მხარეებმა უმოკლეს ვადაში უნდა დაასრულონ მუშაობა. სამხედრო ბაზის ნაცვლად ასეთი ანტიტერორისტული ცენტრის შექმნაში ხედავენ მთავარ საფრთხეს საპარლამენტო ოპოზიციური ძალები. მეტიც, “კონსერვატორთა” ლიდერი, პარლამენტარი კობა დავითაშვილი, ანტიტერორისტულ ცენტრს სახეცვლილ ბაზასაც უწოდებს.

[კობა დავითაშვილის ხმა]

საპარლამენტო ოპოზიცია ეროვნული ინტერესებისათვის საზიანოდ მიიჩნევს რუსეთისათვის, საქართველოს ტერიტორიის გავლით, ხუთწლიანი უფასო ტრანზიტის უფლების მიცემას და აღშფოთებულია, რომ ხელშეკრულების ტექსტიდან ამოვარდა გუდაუთის ყოფილი სამხედრო ბაზის საერთაშორისო მონიტორინგი, რომელზეც, პარლამენტარ ივლიანე ხაინდრავას თქმით, საუბარი იყო სალომე ზურაბიშვილისა და სერგეი ლავროვის მიერ შარშან მიღწეულ შეთანხმების ვარიანტში.

[ივლიანე ხაინდრავას ხმა]

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგა ბოკერია ოპონენტების კრიტიკას უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნით რუსეთი სამხედრო ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე ვერ გაიხანგრძლივებს.

[გიგა ბოკერიას ხმა]

საქართველოს პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი კი ოპოზიციას პატრიოტიზმის დეფიციტს საყვედურობს და აცხადებს, რომ დანართში ანტიტერორისტული ცენტრის მოხსენიება გავლენას ვერ მოახდენს შეთანხმების შესრულებაზე.

[კოტე გაბაშვილის ხმა]

თუმცა შეთანხმების ზოგიერთ პუნქტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობა და ოპოზიცია თავ-თავის აზრზე დარჩნენ, ხუთშაბათს, ოპოზიციის ბოიკოტის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა სამხედრო ბაზების შესახებ 31 მარტის შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. ჯერი ახლა რუსეთის საკანონმდებლო ორგანოზეა, სადაც, წინასწარი ვარაუდით, ამ საკითხის განხილვისას კიდევ უფრო დიდი ხმაური იქნება.
XS
SM
MD
LG