Accessibility links

logo-print

არის თუ არა ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ეფექტური ხერხი


თამარ ჩიქოვანი, თბილისი ხუთშაბათს პარლამენტის სესიამ კვლავ საპარლამენტო ოპოზიციის გარეშე განაგრძო მუშაობა. საპარლამენტო ოპოზიცია, მოთხოვნების შეუსრულებლობამდე,

პარლამენტის დარბაზში დაბრუნებას არ აპირებს. საპარლამენტო უმრავლესობა კი ირწმუნება, რომ ულტიმატუმის ენით მმართველ პარტიასთან საუბარს შედეგი არ მოჰყვება. არის თუ არა ბოიკოტი პოლიტიკური ბრძოლის ეფექტური ხერხი?

[ ნინო ბურჯანაძის ხმა] ” მე მინდა კიდევ ერთხელ აღვნიშნო, რომ პარლამენტის სხდომა და პარლამენტი არის ყველა ქვეყანაში ყველაზე საუკეთესო ადგილი, - ყოველ შემთხვევაში, დემოკრატიულ ქვეყნებს, ხარვეზების მიუხედავად, სხვა არაფერი მოუფიქრებიათ, - პარლამენტი არის საუკეთესო ადგილი იმისთვის, რომ ყველაზე რადიკალურად განსხვავებული მოსაზრებები ისმოდეს და იყოს აზრთა ჭიდილი, რომელშიც, როგორც წესი, სიმართლის მარცვალი ან სწორი გადაწყვეტილება გამოჩნდება ხოლმე. ამიტომ, მე კიდევ ერთხელ მინდა, მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, მოვუწოდო ჩვენს კოლეგებს, რომ შემოუერთდნენ ჩვენს მუშაობას.”(სტილი დაცულია)


პარლამენტის თავჯდომარის მოწოდებას შედეგი ჯერ არ მოჰყოლია: საპარლამენტო ოპოზიციური ფრაქციები პარლამენტის სხდომათა დარბაზში დაბრუნებას არ აპირებენ, თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდა. მოთხოვნების ჩამონათვალი ასე ჟღერს: შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან გათავისუფლება, თბილისისა და დიდი ქალაქების მერების პირდაპირი არჩევნების დაკანონება, საარჩევნო ადმინისტრაციის პარიტეტულ საფუძველზე დაკომპლექტება. პლუს - მრეწველების მოთხოვნა, გადადგეს მთავრობა, სრული შემადგენლობით.

საქართველოს საპარლამენტო ცხოვრებაში სხდომების ბოიკოტირება ახალი ხილი ნამდვილად არ არის. სხვადასხვა მოწვევის პარლამენტებში ოპოზიცია სხდომებს ბოიკოტს სხვადასხვა მოთხოვნით უცხადებდა - მაგალითად, თავისუფალი ეკონომიკური ზონის კანონის მიღების ან თბილისისა და დიდი ქალაქების მერების პირდაპირი წესით არჩევის მოთხოვნით.
ის პოლიტიკოსები, ვინც სხვადასხვა დროს თავად იყვნენ პარლამენტარები და, მაშასადამე, ან თავად მონაწილეობდნენ ბოიკოტში, ან მათ უცხადებდნენ ბოიკოტს, დღევანდელი საპარლამენტო ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტს განსხვავებულად აფასებენ. ვახტანგ ძაბირაძე - ის 1992-95 წლების პარლამენტის წევრი იყო - ფიქრობს, რომ ოპოზიციამ მოთხოვნების შერჩევისას ტაქტიკური შეცდომა დაუშვა:

[ ვახტანგ ძაბირაძის ხმა] ” ეს ის საკითხებია, რომელთა აქტუალიზაცია, კარგა ხანია, მოხდა და საზოგადოების ფართო წრისთვის ცნობილია. ანუ მეტი ყურადღების განახვილება ამაზე ვერ მოხერხდება, მეტი აქტუალიზაცია ვერ მოხერხდება.”(სტილი დაცულია)

ყოფილ პარლამენტარ გია ჟორჟოლიანს ბოიკოტირების ფორმა არ მოსწონს:

[ გია ჟორჟოლიანის ხმა] ” ეს არის რადიკალიზება კონფლიქტისა. მაგრამ თვითონ ფორმა...სხვანაირადაც შეიძლება მოხდეს რადიკალიზება. მაგალითად, შეიძლება იყო დაბრაზში და იქ მოახდინო რადიკალიზება. დაძაბულობა მხოლოდ ბოიკოტით ხომ არ არის?” (სტილი დაცულია)

ქართული პოლიტიკის ერთ-ერთი მოჰიკანი, ტრადიციონალისტთა კავშირის თავმჯდომარე აკაკი ასათიანი, ოპოზიციის მიერ გამოცხადებულ ბოიკოტთან დაკავშირებით ოპტიმისტურადაა განწყობილი. თავის განწყობას ის ასე ხსნის:

[ აკაკი ასათიანის ხმა] ” აი, ნულოვანზე, თუ გახსოვთ, იყო ნულოვანი წერტილი, ათვლის წერტილი დისკრედიტაციის მაშინდელი ხელისუფლების. მაგალითად, ჟვანიას დაუჯდა, პრაქტიკულად, კარიერის და, მთლიანობაში, სიცოცხლის ფასად - დამოუკიდებელი პოლიტიკოსობა ვეღარ გააგრძელა, მიეკედლა სააკაშვილს და შედეგები ვიცით. ამიტომ ეს ზომა, რაც გინდა უსინდისო ხელისუფლება იყოს, ერთგვარად მოქმედებს ყველაზე და საზოგადოებაც სტიმულს იღებს ამით. არის, არის, რა თქმა უნდა. პარლამენტში ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. საპარლამენტო ოპოზიციისთვის.”

საპარლამენტო უმრავლესობა ჯერჯერობით ოპოზიციის ბოიკოტს ირონიით ხვდება. საპარლამენტო ოპოზიცია კი უახლოეს ხანში სხდომათა დარბაზში დაბრუნებას არ გეგმავს.
XS
SM
MD
LG