Accessibility links

არის თუ არა სანიტარული დარღვევები რუსეთში ექსპორტირებულ ქართულ ღვინოებში?


ქართველი და რუსი სპეციალისტები ერთობლივ მუშა ჯგუფს შექმნიან იმის დასადგენად, მართლაც არის თუ არა სანიტარული დარღვევები

რუსეთში ექსპორტირებულ ქართულ ღვინოებში. აღნიშნულის შესახებ შეთანხმებას მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებებზე საქართველოს დელეგაციამ მიაღწია სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის მეთაურობით. “შეხვედრები მოსკოვში კონსტრუქციულად, თბილ გარემოში წარიმართა, თუმცა ჩვენთვის მთავარი ეს კი არა, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნებააო,” - აღნიშნა მოსკოვში მყოფმა მინისტრმა პარასკევს რადიო “თავისუფლებისთვის” მიცემულ ინტერვიუში. მიხეილ სვიმონიშვილს თბილისიდან ტელეფონით ვესაუბრე.


[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”27 მარტიდან ისე გავიდა დრო, რომ არანაირ კონტაქტზე არ გამოდიოდნენ. დღეს პირველად მოხდა, რომ შევხვდით. არაფერი კონკრეტული არ წარმოუდგენიათ. ჩვენი მხრიდან იყო ძალიან პროფესიული დადასტურება პესტიციდებთან დაკავშირებით. ვერაფერზე პასუხი ვერ გაგვცეს და ვერც ერთი კონკრეტული ანალიზის წარმოდგენა ვერ მოხერხდა.” (სტილი დაცულია)

შეხვედრა, სადაც, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მიხეილ სვიმონიშვილის თქმით, რუს სპეციალისტებს საქართველოს დელეგაციის წევრების პრეტენზიებზე პასუხი არ ჰქონდათ და სადაც ქართული ღვინოების ცუდი ხარისხის დამადასტურებელი არც ერთი კონკრეტული ანალიზის პასუხი არ წარმოუდგენიათ, მოსკოვში, ”მომხმარებელთა ზედამხედველობის სამსახურში”, შედგა. საქართველოს დელეგაციას სურდა შეხვედრა რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმთან, გენადი ონიშჩენკოსთან (შეგახსენებთ, რუსეთის საბაჟო სამსახურისათვის გაგზავნილი მისი წერილი გახდა რუსეთის ბაზრიდან ქართული ღვინოების გაძევების მიზეზი). ონიშჩენკოსთან შეხვედრა არ შედგა. ის სანკტ-პეტერბურგიდან შეეხმიანა მოსკოვში მიმდინარე მოლაპარაკებებს და რუსეთის ბაზრიდან ქართული და მოლდავური ღვინოების გაძევებას დაგვიანებულიც კი უწოდა:

[გენადი ონიშჩენკოს ხმა] ”ჩვენ წავედით ისეთ ძალიან არაპოპულარულ ზომაზე, რასაც ამ ქვეყნების ღვინოების მთლიანი აკრძალვა წარმოადგენს. იმისათვის, რომ აქამდე არ მივაქციე ამას ყურადღება, სამართალში მიცემას ვიმსახურებ."

”ჩვენ მზად ვართ, ევროგაერთიანების ნებისმიერ ქვეყანაში ან თუნდაც რუსეთში, ნეიტრალურ ლაბორატორიაში, იქნეს შესწავლილი ქართული ღვინოების ხარისხი,” - რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინოების აკრძალვასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ მოსკოვში გამგზავრებამდე აცხადებდა მიხეილ სვიმონიშვილი.

მოსკოვის უარი ქართულ ღვინოზე თბილისში პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნიეს. საქართველოს დელეგაცია, სოფლის მეურნობის მინისტრის მეთაურობით, მოსკოვში 13 აპრილს ჩავიდა, სხვათა შორის, იმ მიზნითაც, რომ ქართული ღვინოების ფალსიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაცია მიეღო. საქართველოს დელეგაციამ ასეთი დოკუმენტაცია ვერ მიიღო, თუმცა მიაღწია შეთანხმებას იმ ერთობლივი ჯგუფის შექმნის თაობაზე, რომელიც რუსეთში ექსპორტირებული ქართულ ღვინოების ხარისხს შეამოწმებს, უფრო ზუსტად, შეამოწმებს იმას, ჰქონდა თუ არა ადგილი სანიტარულ დარღვევებს ამ ღვინოების წარმოებისას. საქართველოს დელეგაციამ ვითარების ადგილზე შესასწავლად რუს ექსპერტებს საქართველოში ჩამოსვლაც შესთავაზა.

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] ”ჩვენი მხრიდან კონკრეტულად დაისვა საკითხი, სასწრაფოდ იქნეს დაშვებული ყველა ხარისხიანი ღვინო რუსეთის ბაზარზე. დანარჩენზე, სადაც არის პრეტენზია, ლაპარაკი წავიდეს კონკრეტულ ფაქტებზე და არა ზოგადად, რომ ქართული ღვინო არის ცუდი.” (სტილი დაცულია)

საქართველოს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის მეთაურობით, მოსკოვიდან თბილისში შაბათს დაბრუნდება. თუმცა როდის დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე, ისევ გაურკვეველია. ქართული მეღვინეობისათვის რუსეთიდან მიყენებული დარტყმა საქართველოს წინააღმდეგ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯად იქნა აღქმული ლიტვაშიც. საქართველოს მხარდაჭერა ლიტველმა სტუდენტებმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციის გამართვით გამოხატეს.
XS
SM
MD
LG