Accessibility links

ევროსაბჭოს რეზოლუცია სამხრეთი კავკასიის ქვეყნების ლტოლვილებისა და იძულებით ადგილნაცვალი პირებისათვის


გუშინ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიამ დაამტკიცა რეზოლუცია საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა

მდგომარეობის შესახებ.ძირითადი რეკომენდაცია, რომელიც ევროსაბჭოს რეზოლუციით განესაზღვრათ სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს, ლტოლვილთა და ადგილნაცვალ მოქალაქეთა შიდა ინტეგრაციის უზრუნველყოფაა. საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაში საქართველოს პარლამენტის ხუთკაციანი დელეგაციაც მონაწილეობდა. მათ შორისაა ქალბატონი ელენე თევდორაძეც, რომელსაც სტრასბურგში ტელეფონით დავუკავშირდი.

[ელენე თევდორაძის ხმა] “საერთო რეზიუმე რომ გავაკეთოთ, იქ არის მითითება, რომ ეროვნულმა ხელისუფლებამ, ამ შემთხვევაში - საქართველოს ხელისუფლებამ, მეტი ყურადღება უნდა მიაქციოს იძულებით გადაადგილებული პირების მიმართ ჰუმანიტარული, სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ და ყველაფერი გააკეთონ, რომ მათი ინტეგრირება, მათი შრომის მოწყობა უნდა იყოს პრიორიტეტული ქვეყნისთვის და რა წონა აქვს რეზოლუციას, ეს გააჩნია უკვე მთავრობას, როგორ ღებულობს ან არ ღებულობს რეზოლუციას.“ (სტილი დაცულია)

საქართველოს მთავრობას სტრასბურგში მყოფი საქართველოს დელეგაცია რეზოლუციას სამშობლოში დაბრუნებისთანავე გადასცემს. როგორც ელენე თევდორაძე შენიშნავს, ევროსაბჭოს ლტოლვილთა და მიგრაციის კომიტეტის წევრის, ლატვიის დეპუტატის ბორის სელევიჩის მიერ მომზადებულ მოხსენებაში საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული პროგრესული ნაბიჯები ისედაც იყო მითითებული. ეს ეხება, ერთი მხრივ, ცვლილებებს საარჩევნო კოდექსში, რომლის თანახმად, იძულებით ადგილნაცვალ პირებს არჩევნებში მონაწილეობის საშუალება მიეცათ და, მეორე მხრივ, მათი ნაწილისათვის საბინაო უზრუნველყოფის მიზნით გადაცემულ მატერიალურ სახსრებს. ეს, რაც შეეხება ეგრეთ წოდებულ მცირე დადებით ძვრებს. თუმცა ამავე მოხსენებაში აღნიშნული იყო ის მძიმე სოციალური მდგომარეობაც, რომელშიც იმყოფებიან იძულებით ადგილნაცვალი პირები საქართველოში, განსაკუთრებით - წყალტუბოსა და ზუგდიდში.

საერთოდ კი, როგორც ელენე თევდორაძე შენიშნავს, ევროპის საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე, სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ლტოლვილთა და იძულებით ადგილნაცვალ პირთა მდგომარეობის შეფასებისას, ძირითად საცხოვრებელ ადგილებში მათი დაბრუნების მექანიზმზე საუბარი არ ყოფილა. თუმცა ამ საკითხის აქცენტირება თავად ქალბატონმა ელენემ სცადა.

[ელენე თევდორაძის ხმა] “მე იქ აღვნიშნე, რომ ჩვენი სამშვიდობო ინიციატივები, რომლებიც პრეზიდენტის მიერ იყო გამოტანილი ევროსაბჭოს ასამბლეაზე, პრაქტიკულად იმის შემდეგ არანაირი ნაბიჯი არ გადადგმულა, რომ ამას ეწინააღმდეგებიან სეპარატისტული ხელმძღვანელები და რომ მათ უკან დგას, რა თქმა უნდა, რუსეთი. მე, სხვათა შორის, იქ ჩემი სიტყვა დავამთავრე იმით, რომ ჩემთვის, ჩვენთვის, საქართველოსთვის უფრო მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დევნილები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.“ (სტილი დაცულია)

ევროსაბჭო, საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციის თანახმად, მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებსაც, არ შეწყვიტონ ჰუმანიტარული დახმარება საქართველოსთვის და უშუალოდ ქვეყნის მოსახლეობის ამ სპეციფიკური კონტინგენტისათვის, რომელიც გადაუდებელ თანადგომას საჭიროებს.
XS
SM
MD
LG