Accessibility links

საქართველოს ტურისტული პერსპექტივები და ახალი პრიორიტეტები


უკვე მერვე გაზაფხულია, რაც თბილისში საგამოფენო კომპლექს ”ექსპო ჯორჯიაში” ტურისტული გამოფენა იმართება. წლევანდელ ტურისტულ სეზონს გამოფენის ორგანიზატორები

ახალი პრიორიტეტებით შეხვდნენ და ”ექსპო ჯორჯიას” პავილიონში, ძირითადად, საქართველოს შიდა ბაზარზე მომუშავე კომპანიებს მოუყარეს თავი. რას სთავაზობენ ისინი ტურისტებს, რამდენად ხელმისაწვდომია მათი სერვისი და სხვა რა სიახლეებია ქართულ ტურისტულ ბიზნესში?

[ისმის ხმაური]
[ისმის ხევსურული სიმღერა]

[ვაჟა ჭინჭარაულის ხმა] ”...ჩვენს ორგანიზაციას ჰქვია ”ალიონი ტური” და, ძირითადად, მთიან რეგიონებში მოგზაურობას ვთავაზობთ...”

ვაჟა ჭინჭარაულის სააგენტოს გარდა, საქართველოს მთაში მოგზაურობას ტურისტებს კიდევ ბევრი სხვა კომპანიაც სთავაზობს. ერთ-ერთი მათგანი, ინდმეწარმე ნათია გიგანი, ირწმუნება, რომ სვანეთში მოგზაურობა ხელმისაწვდომი და, ამასთანავე, უსაფრთხოც გახდა:

[ნათია გიგანის ხმა] ”წელს უკვე თითქოს ქართველებიც გამოჩნდნენ. რაც ახალი ხელისუფლება მოვიდა, გარანტირებულია უსაფრთხოება.”

სვანეთსა და ხევსურეთში მოგზაურობაზე უფრო ხელმისაწვდომია გასეირნება ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკში. პიკნიკების მოყვარულებს და შაბათ-კვირას დედაქალაქიდან გასვლის მსურველებს შეუძლიათ 25 ლარად იმოგზაურონ უმშვენიერეს სამყაროში. ბორჯომ-ხარაგაულის ტყეპარკის წარმომადგენელ ნათია მულაძეს მოვუსმინოთ:

[ნათია მულაძის ხმა] ”აი, მაგალითად, ბილიკი, ნომერი მეექვსე, რომელიც იწყება ლიკანში, ავდივართ მთაზე... აი, ეს არის უიკენდებისთვის.”

[ისმის ხმაური]

[ისმის აჭარული მუსიკა]

ბოლო ორი წელია აჭარა საქართველოს ტურისტული ინდუსტრიის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტია. წელსაც აჭარა ფართოდაა წარმოდგენილი ტურისტულ გამოფენაზე. ზღვაზე დასვენების სერვისთან ერთად წელს აჭარა ტურისტებს ეკოტურიზმს, აგროტურიზმს, სამთო და რელიგიურ ტურიზმსაც კი სთავაზობს. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის ირაკლი თავართქილაძის განცხადებით, წელს ტურისტების ნაკადის გაორმაგებას ელიან:

[ირაკლი თავართქილაძის ხმა] ”იცით, რომ ერთადერთი შემთხვევა მოხდა ფრინველის გრიპის და ისიც დავიწყებას მიეცა. მინდა ყველა დავარწმუნო, რომ წელს აჭარაში ფრინველის გრიპი ტურიზმზე არ იმოქმედებს.”

ტურისტულ გამოფენაზე, საქართველოს რეგიონების გარდა, ტურისტულ სერვისს ქართველ მომხმარებლებს იტალიური და თურქული ტურისტული კომპანიებიც სთავაზობენ. უფრო მეტს კი წლევანდელი გამოფენის პრიორიტეტებზე პროექტის მენეჯერის, ნინო გამრეკელისგან შეიტყობთ.

[ნინო გამრეკელის ხმა] ”ფანტასტიური, საინტერესო უიკენდ პაკეტები აქვთ მათთვის, ვისაც პარასკევი, შაბათ-კვირა უნდა ბუნებაში გასვლა... ეს ახლა ძალიან მოდაში შემოდის. ნელ-ნელა, ჯანსაღი ცხოვრების სტილთან ერთად, ეს თანდათან შემოვა ფართო მომხმარებლებში. შარშან პირველი მცდელობა იყო ნაკრძალებისა და დაცული ტერიტორიების ერთად წარმოდგენის და, როგორც ჩანს, კარგი შედეგი ჰქონდა...”(სტილი დაცულია)

რა შედეგი ექნება წლევანდელ ტურისტულ გამოფენას, ეს უფრო ახლახან დაწყებული ტურისტული სეზონის დასასრულისკენ გამოჩნდება. ტურისტული გამოფენა კი “ექსპო ჯორჯიას” პავილიონში 14 აპრილამდე გასტანს.

[ისმის მუსიკა და ხმაური]

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG