Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანდრო გირგვლიანის ოჯახის წევრები გენერალურ პროკურორს მიმართავენ


"გაერთიანებული ქართული ბანკის" ახალგაზრდა თანამშრომლის სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან თითქმის სამი თვე გავიდა,

მაგრამ ამ ხნის განმავლობაში, როგორც მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, დანაშაულში მონაწილე ყველა ადამიანი დაკავებული არ არის. სანდრო გირგვლიანის დედის ირინე ენუქიძის ადვოკატ-წარმომადგენლის შალვა შავგულიძის თქმით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი არ აკმაყოფილებს ან, საერთოდ, უპასუხოდ ტოვებს დაზარალებული მხარის ყველა შუამდგომლობას, რის გამოც პოლიციის ყოფილი ოფიცრები, რომლებსაც მკვლელობაში ედებათ ბრალი, კანონის უხეში დარღვევით, დღემდე ერთ საკანში იმყოფებიან. შალვა შავგულიძე, ამ და სხვა ფაქტებზე დაყრდნობით, გამოთქვამს ვარაუდს, რომ თბილისის პროკურატურა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის გახსნით დაინტერესებული არ არის.

სანდრო გირგვლიანი 27 იანვარს გვიან ღამით მოკლეს, მაგრამ მისი დასახიჩრებული ცხედარი ოქროყანის სასაფლაოზე მხოლოდ 28 იანვარს იპოვეს. საქმე დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით აღიძრა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს მკვლელობაში ეჭვმიტანილ პირთა ერთი ნაწილის - პოლიციის ოფიცრების - დასაკავებულად თითქმის თვე-ნახევარი დასჭირდა.

[ვანო მერაბიშვილის ხმა] "ესენი არიან: გია ალანია, კონსტიტუციური უსაფრთხოების სამმართველოს დეპარტამენტის უფროსი, და ამავე დეპარტამენტის სხვა ოფიცრები. ამჟამად მიმდინარეობს მათი ამოცნობა და დაკითხვა. ეს საქმე იყო პირადად ჩემი და შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესტიჟის საქმე. ამიტომ, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, დანაშაულის გახსნაზე მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტრო."

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გირგვლიანის მკვლელობის საქმე გამოსაძიებლად თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილს 2006 წლის 5 მარტს გადასცა. მოკლულის ბაბუა ირწმუნება, რომ ამ ხნის განმავლობაში გამოძიებას იოტისოდენადაც კი არ წაუწევია წინ. ჯიმშერ ენუქიძეს ესმის იმ პოლიტიკოსების და საზოგადოების წევრებისა, რომლებიც ხმის ამოღებას ვერ ბედავენ:

[ჯიმშერ ენუქიძის ხმა] "რას იზამ, შიშს დიდი თვალები აქვს, სანდრო კი ჯალათებს არ შეუშინდა. შარვალი ვერ გახადეს, შეურაცხყოფის უფლება არ მისცა იმ ნაძირალებს, რაც, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალებით დამთავრდა. მან ლაჩრობას მოწამეობრივი სიკვდილი არჩია. ამიტომ ხმა აიმაღლეთ, რათა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფთა ბოგინი შეწყდეს."

ჯიმშერ ენუქიძის თქმით, დედაქალაქის პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენის ქვეშ იმყოფება, რის გამოც გამოძიება უარს ამბობს მოწმეების - შინაგან საქმეთა მინისტრის ვანო მერაბიშვილის მეუღლისა და სამინისტროს მაღალი თანამდებობის პირთა განმეორებით დაკითხვაზე. ადვოკატ შალვა შავგულიძის თქმით, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილმა დაზარალებულთა არც სხვა შუამდგომლობა დააკმაყოფილა:

[შალვა შავგულიძის ხმა] "რას, რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ის, რომ გამოძიება არ აცალკევებს ერთ საქმეზე ბრალდებულ პირებს და ოთხი ბრალდებული ერთ საკანში ჰყავთ. ეს ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ აღნიშნულმა ბრალდებულებმა საპყრობილეში თავი უნდა იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად, არ უნდა შეშინდნენ და, მოსალოდნელი კანონიერი პასუხისმგებლობის შიშით, არ უნდა ამხილონ ამ დანაშაულში თანამონაწილე სხვა, უფრო მაღალი რანგის, თანამდებობის პირები."

შალვა შავგულიძე არ ენდობა თბილისის პროკურატურის გამომძიებლებს და საქმის გენერალური პროკურატურისათვის გადაცემას მოითხოვს. თუმცა იმედი იმისა, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდება და მკვლელობის ყველა მონაწილე სათანადოდ დაისჯება, მოკლულის დედასაც არა აქვს. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ირინე ენუქიძე ფარ-ხმლის დაყრას აპირებს:

[ირინე ენუქიძის ხმა] "მე მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტს და მოვითხოვ: სასწრაფოდ გასცენ ბრძანება და გახსნან ეს ისედაც გახსნილი საქმე, ნუ ბლოკავენ! გახსნან ეს საქმე! არ ვიცი, როდემდე უნდა ვიძახო ერთი და იგივე!"
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG