Accessibility links

logo-print

ქართული პრესა


დავით პაიჭაძე, თბილისი გასული კვირის ქართულ გაზეთებს გადმოჰყვა წინა კვირის პრობლემატიკა - ღვინის კრიზისი და ოპოზიციის ბოიკოტი პარლამენტში.

ვინაიდან მკვეთრი და მნიშვნელოვანი ძვრები ამ ორი მიმართულებით არ მომხდარა, პრესის მიმოხილვაში სხვა მოვლენებზე ვილაპარაკებთ. თუმცა აღვნიშნავთ, რომ პარლამენტში არსებული ვითარება არაერთ გაზეთს ექცა საბაბად გამოეთქვა ვარაუდი, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი დაითხოვს მთავრობას, პარლამენტს ან ორივეს ერთად.

”ხელისუფლებამ უნდა შექმნას ეფექტური და არა ავტორიტარული სახელმწიფო”, წერდა გაზეთი ”რეზონანსი”. ეს სიტყვები ეკუთვნის ევროპისა და ევრაზიის საქმეებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს დანიელ ფრიდს. მან მოუწოდა თბილისს, რომ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისას ქვეყანამ ძალა არ გამოიყენოს. პოლიტოლოგი ალექსანდრე რონდელი გაზეთთან საუბრისას აღნიშნავს, რომ საქართველო არ ავლენს აფხაზებისა და ოსების მიმართ ძალის გამოყენების ნიშნებს. ძალის გამოყენებით ჩვენ ბევრს ვერაფერს მივაღწევთ. ამავე დროს, რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, საქართველო წარმოაჩინოს აგრესორად, რომელიც ომისათვის ემზადება და ამით საკუთარ, ე.წ., სამშვიდობო მისიას გამოკვეთს. დასავლეთში ზედმეტი თავის ტკივილი არავის სურს. იქ მზარდი ენერგეტიკული პრობლემა აქვთ, რუსეთი კი ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს ენერგომიწოდების თვალსაზრისით. შედეგად, მასთან ხისტი დაპირისპირება არავის უნდა. ანუ საქართველოში არ არის ისეთი მაღალი ფსონი, რომ დასავლეთი და რუსეთი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ,” - ვკითხულობთ ”რეზონანსში”.

”ახალმა ვერსიამ” კი მკითხველს შესთავაზა პუბლიკაცია, რომელიც საქართველოში სექსუალურ უმცირესობათა სოციალურ დისკრიმინაციას ეხება. როგორც წესი, სექსუალურ უმცირესობებზე წერის დროს ქართულ გაზეთებს თვითონ აქვთ დისკრიმინაციული დისკურსი. ”ახალი ვერსია” გასულ კვირაში გამონაკლისი აღმოჩნდა: ჯერ ერთი, გაზეთი ბეჭდავს ასეთი უმცირესობის წარმომადგენლის კომენტარს, მისი ვინაობის მითითებით. მეორეც, სტატია დაწერილია ყოველგვარი სკანდალური შეფერადების გარეშე. აქ ლაპარაკობს ფსიქოლოგი, რომელიც მცირე კვლევაზე დაფუძნებულ დაკვირვებას უზიარებს მკითხველს: ”საზოგადოების დაახლოებით 80%-ისთვის მისაღებია ჰომოსექსუალობის პრივატული ფორმა (იცხოვროს, როგორც უნდა, ოღონდ მე ნუ შემიქმნის პრობლემას), მაგრამ ამავე ადამიანებისათვის მიუღებელია ჰომოსექსუალიზმის საჯარო აღიარება. რესპონდენტთა დიდი ნაწილი არ მიესალმება სქესისა და სექსუალური ორიენტაციის გამო დისკრიმინაციას, მათ შორის - კარიერასთან დაკავშირებულს, მაგრამ არც მათ თავისუფალ ცხოვრებას აღიარებს. ასეთი ურთიერთგამომრიცხავი შეფასებების ფონზე საქართველოში მცხოვრები ქართველი ჰომოსექსუალისტები სოციალურ იზოლაციაში არიან,” - წერს ”ახალი ვერსია”.

ზოგიერთი რამ შაბათის, 15 აპრილის, გაზეთებიდან: გაზეთი ”ალია” ეხმიანება თბილისში პარასკევს გამართულ სასამართლო პროცესს, სადაც მექრთამეობაში ბრალდებულ 14 პოლიციელს გირაო შეუფარდეს აღმკვეთ ღონისძიებად. ”ალია” ამ ამბავს პოლიციაში მოსალოდნელ საკადრო ცვლილებებს უკავშირებს. გაზეთი ირწმუნება, რომ ჯერი მიდგა შინაგან საქმეთა თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მერაბ ბაღათურიას გათავისუფლებაზე. ქალაქის პოლიციის შეფის ახალ კანდიდატურად კი ”ალია” სამინისტროს კრიმინალური დეპარტამენტის უფროსს ირაკლი ქადაგიძეს ასახელებს.

სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებულთა რეპატრიაცია დაიწყო - იუწყება გაზეთი ”ხვალინდელი დღე”. გორის რაიონში ჩასახლდა აზერბაიჯანში მცხოვრები 6 ოჯახი, რომელიც აქ ადრეც ცხოვრობდა, მაგრამ 90-იან წლებში აიძულეს, ხელმეორედ დაეტოვებინათ საქართველო. რეპატრიაციის პროცესისადმი სამხრეთ საქართველოში - დეპორტირებულთა მიერ დატოვებულ ტერიტორიებზე -მოსახლეთა განწყობა არცთუ დადებითია, - წერს გაზეთი და იქვე აღნიშნავს, რომ საქართველოსგან არ მოითხოვენ დეპორტირებული მოქალაქეები მაინცდამაინც იქ ჩაასახლონ, საიდანაც გაასახლეს.
XS
SM
MD
LG