Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვში ქართული მინერალური წყლის, ”ბორჯომის”, რეალიზაციაც შეაჩერეს


ქართული და მოლდავური ღვინის აკრძალვის შემდეგ რუსეთის სანიტარული სამსახური ქართული მინერალური წყლებითაც დაინტერესდა.

15 აპრილს რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განაცხადა, რომ ”ბორჯომის” ხარისხი არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს. ამის გამო მოსკოვის ოლქში მდებარე საწყობებიდან “ბორჯომის” საბითუმო რეალიზაცია შეჩერებულად გამოცხადდა. მე შევეცადე გამერკვია, გაიზიარებს თუ არა “ბორჯომიც” ქართული ღვინის ბედს.

15 აპრილს ჩინეთიდან სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომლის 5 დღიანი ოფიციალური ვიზიტის მთავარი მიზანი ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზება იყო. მიხეილ სააკაშვილმა შანხაიში, ერთ-ერთ სუპერმარკეტში, ქართული პროდუქციის რუსეთის ბაზარზე დაბრუნების იმედი გამოთქვა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ფაქტია, რომ ჩვენ გაგვაძევეს იმ ბაზრიდან. გვაძევებენ, აძევებენ ქართულ პროდუქციას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დროებითია და ჩვენ მოვახერხებთ რუსეთის ბაზრის დაბრუნებას.”

სააკაშვილი ჯერ ჩინეთში იმყოფებოდა, როდესაც რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ რუსეთის ბაზარზე ფართოდ წარმოდგენილი კიდევ ერთი ქართული პროდუქციის, ”ბორჯომის”, წინააღმდეგაც გაილაშქრა.

ონიშჩენკოს განცხადებით, ახლახან ”როსპოტრებნადზორმა” აღმოაჩინა, რომ ქართული მინერალური წყლის ფაქტობრივი შემადგენლობა არ შეესაბამებოდა “ბორჯომის” საქვეყნოდ აღიარებულ სტანდარტებს.

ამ ფაქტზე დაწყებულმა გამოძიებამ ”როსპოტრებნადზორი” მოსკოვის გარეუბანში მდებარე საბითუმო საწყობებამდე მიიყვანა. იქ ამ მომენტისთვის აიკრძალა “ბორჯომის” საბითუმო რეალიზაცია, რადგან ონიშჩენკოს წარგზავნილებმა ვერ მოიპოვეს “ბორჯომის” წარმომავლობისა და მისი ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტები.

რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა დასძინა, უახლოეს დღეებში “ბორჯომის” ხარისხის საკითხებით სერიოზულად დავინტერესდებითო. მას ჯერჯერობით “ბორჯომის” საბოლოოდ აკრძალვის გადაწყვეტილება არ მიუღია.

მოსკოვში ონიშჩენკოს მიერ ქართულ პროდუქციაზე გამოცხადებულ ლაშქრობას ოპონენტებიც გამოუჩნდნენ. ”მომხმარებელთა კავშირების საერთაშორისო კონფედერაციის” დირექტორმა დმიტრი იანინმა რადიო ”მაიაკს” განუცხადა, რომ მინერალური წყლის ის კონკრეტული პარტიები უნდა აიკრძალოს, რომლებიც სანიტარულ ნორმებს არ შეესაბამება:

[დმიტრი იანინის ხმა] ”წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება კეთლსინდისიერი მწარმოებლების დისკრედიტაცია. ეს შეიძლება გახდეს სასამართლო პრეტენზიების საფუძველი ლეგალური მწარმოებლების მხრიდან, რომლებიც რუსეთის ყველა მოთხოვნას იცავენ.”

მიმართავს თუ არა სასამართლოს “ბორჯომის” მინერალური წყლების მწარმოებელი ”საქართველოს მინისა და მინერალური წყლების კომპანია”, ჯერჯერობით უცნობი რჩება. მისმა ვიცე-პრეზიდენტმა, ბადრი ჯაფარიძემ, სააგენტო “ინტერპრესნიუსს” მხოლოდ ის განუცხადა, რომ რუსეთს "ბორჯომის" რეალიზაციის აკრძალვის ობიექტური საფუძველი არ გააჩნია.

მისივე თქმით, რუსეთში “მინისა და მინერალური წყლების კომპანიის” წარმომადგენლობა მზად არის, ონიშჩენკოს ყველა კითხვას პასუხი გასცეს.

ქართველი პოლიტიკოსები კი რუსეთში ქართული ღვინის შემდეგ ქართული მინერალური წყლებისთვის შექმნილ პრობლემებს მკაცრად აკრიტიკებენ. ”ეს უკვე ქსენოფობია და ზიზღიაო,” - განაცხადა კოტე გაბაშვილმა, საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ.

რუსეთში ბორჯომის მინერალური წყალი უკვე 130 წელზე მეტია, რაც იყიდება. სულ კი, “ბორჯომის” ექსპორტი 27 ქვეყანაში ხორციელდება.
XS
SM
MD
LG