Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აქვს თუ არა პერსპექტივა ჩინეთ-საქართველოს სამხედრო ურთიერთობას


ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს

პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ისე დატოვა მასპინძელი ქვეყანა, რომ სამხედრო ურთიერთობის საკითხზე ყურადღება საგანგებოდ არ გაუმახვილებია. მაგრამ ნუ ვიჩქარებთ, საქართველოს ლიდერი ჩინეთის სამხედრო პოტენციალის უცოდინრობაში დავადანაშაულოთ. საქართველოსა და ჩინეთს შორის სამხედრო სფეროში შეთანხმება ჯერ კიდევ 1999 წლიდან არსებობს. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ აღმავალი ხაზით დაწყებული სამხედრო კონტაქტები სულ მალე მივიწყებას მიეცა. დღევანდელ სამხედრო პროგრამაში “ჯარისკაცი და სახელმწიფო” მინდა საქართველო-ჩინეთის სამხედრო ურთიერთობის 6 წლიანი ისტორიის ნაცნობ და უცნობ ფაქტებზე გესაუბროთ.

1999 წლის აგვისტოში საქართველოს იმჟამინდელმა თავდაცვის მინისტრმა დავით თევზაძემ პეკინში ჩინელ კოლეგასთან ერთად სამხედრო-ტექნიკური დახმარების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა. თუმცა, როგორც ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით თევზაძე იხსენებს, ვიდრე ქართული დელეგაცია მოლაპარაკებას შეუდგებოდა, მას ერთგვარი ფიზიკური მოთელვის შესრულება მოუხდა:

[დავით თევზაძის ხმა] “ჩვენ მაშინ ჩინელები გადავრიეთ! მაგათ აქვთ გამოსაცდელი ტური. ჩინეთის კედელზე გატარებენ, გატარებენ და ჩვენც იმდენი ვიარეთ, რომ თითონ გვითხრეს, რომ ეს კედელი სულ ასე იქნებაო. მერე-მეთქი? მერე დავბრუნდეთ, ოღონდ დავისვენოთო, გვითხრეს.”(სტილი დაცულია)

თუმცა, როგორც უნდა დასრულებულიყო საქართველოს სამხედრო დელეგაციის მოგზაურობა ჩინეთის დიდ კედელზე, სამხედრო-ტექნიკური დახმარების ბედი წინდაწინვე გადაწყვეტილი იყო. ეს დახმარება, ცხადია, არ იყო ისეთი მასშტაბური, როგორიც თურქული, ამერიკული ან გერმანული, მაგრამ იმ პერიოდში, როდესაც ქრონიკული დაუფინანსებლობის გამო თავდაცვის სამინისტრო სამხედრო უნიფორმითაც კი ვერ უზრუნველყოფდა პირად შემადგენლობას, ჩინეთიდან მიღებულ სამხედრო ტვირთს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

[დავით თევზაძის ხმა] “ჩინეთში ჩვენ 10 დღე ვიყავით. ჩამოვიტანეთ გრანტები და მის ფარგლებში ისინი ყოველ წელს გვაწვდიდნენ ავტომობილებს, ქსოვილს ფორმის ტანსაცმლისათვის. მეტიც, ჩვენი სამხედროებისათვის მაგათ უნდა გაეკეთებინათ (მანამდე მათი სპეცნაზი ვნახე) მოსამზადებელი კურსები ქართველი ინსტრუქტორებისათვის.” (სტილი დაცულია)

სპეციალური დანიშნულების ინსტრუქტორების მომზადება ჩინური პროგრამით ვერ განხორციელდა. სამაგიეროდ, ჩინეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უმაღლეს აკადემიაში, მასპინძელთა სრული დაფინანსებით, საქართველოსათვის გამოიყო ორი ადგილი. 2000 წელს საქართველოდან წარგზავნილებს შორის იყო გენერალი კობა კობალაძე, რომელიც ახლაც სიამოვნებით იხსენებს ჩინეთის გენერალური შტაბის აკადემიაში გატარებულ 10 თვეს და გაოცებულია სამხედრო ტაქტიკისა და სტრატეგიის სწავლების ჩინური მეთოდით:

[კობა კობალაძის ხმა] “ტაქტიკა და სტრატეგია გამოირჩევა თუნდაც კომპიუტერული ვირუსის დამუშავების თვალსაზრისით. ძალიან სპეციფიკური მიდგომა აქვთ. ამავე დროს, ძალიან აქვთ განვითარებული სიღრმითი დაზვერვა, აგენტურული დაზვერვა. შესაბამისად, საკმაოდ განვითარებულია სპეცქვედანაყოფების მოქმედების ტაქტიკა. მრავალ რამეზე შეიძლება ისაუბრო. საკმაოდ კარგად აქვთ, აგრეთვე, კოპირებული სხვადასახვა ქვეყნის შეიარაღებები.”


ჩინეთის გენერალური შტაბის აკადემია ყველაზე პრესტიჟული სამხედრო სასწავლებელია და მას ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკური ელიტა ამთავრებს. როგორც სტრატეგიული დონის სამხედრო სასწავლებელში, იქ, სამხედრო მეცნიერების გარდა, ისწავლება ქვეყნის პოლიტიკური მართვის გამოცდილება. თეორიული კურსის გავლის შემდეგ მსმენელებს შესაძლებლობა ეძლევათ, დაათვალიერონ ეკონომიკურად ყველაზე უფრო დაწინაურებული გეოგრაფიული რაიონები და ჩასწვდნენ ჩინეთის ეკონომიკური სასწაულის საიდუმლოს. ამიტომაც, როგორც გენერალი კობა კობალაძე ამბობს, უმაღლესი ოფიცრების 10 თვიანი კურსი ჩინეთის გენერალური შტაბის უმაღლეს აკადემიაში საკმაოდ ძვირად ფასობდა.
[კობა კობალაძის ხმა] “მთელი კურსი თეორიული მუშაობის შემდეგ მივდიოდით ორი კვირით, ვთქვათ, შანხაიში. ვეცნობოდით, პრაქტიკაში როგორ განხორციელდა ეს თემა. დავათვალიერეთ რამდენიმე ეკონომიკური ზონა... თანხები? მე არ დავინტერესებულვარ ამ საკითხით, მაგრამ რამდენიმე ასეული ათასი დოლარი დაჯდებოდა ასეთი კურსი.”(სტილი დაცულია)

ჩინეთის გენერალური შტაბის აკადემია სულ ორმა ქართველმა გენერალმა და ერთმა პოლკოვნიკმა დაამთავრა. მაგრამ მათგან, როგორც ჩვენ დავადგინეთ, სამწყობრო ასაკის მიუხედავად, სამხედრო სამსახურში არც ერთი აღარ იმყოფება. ჩინეთის მხარე “ვარდების რევოლუციის” შემდეგაც შეეცადა საქართველოსათვის, სამხედრო ატაშეს პირით, რამდენიმე პროექტი შეეთავაზებინა და მზად იყო ოფიციალური ვიზიტით მიეწვია საქართველოს თავდაცვის მინისტრი, მაგრამ, როგორც გაზეთ “კვირის პალიტრის” სამხედრო მიმომხილველი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, ჩინეთის მხარის ეს მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა:
[ირაკლი ალადაშვილის ხმა] “შემდგომშიც უნდოდათ ქართველი ოფიცრების გაგზავნა ჩინეთის სამხედრო სასწავლებლებში. ჩინეთის ელჩმა და ატაშემ ვიზიტის შესახებ მიწვევაც გაუგზავნეს ერთი წლის წინ საქართველოს თავდაცვის მინისტრს, მაგრამ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ პასუხიც არ აღირსა ამ შემოთავაზებაზე.”(სტილი დაცულია)


მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს გასულ კვირაში ახალი მისია - ღვინის საგარეო ბაზრების მოპოვება - დააკისრა, ჩინეთში საქართველოს სამხედრო უწყების ხელმძღვანელის ვიზიტის საკითხი შორეულ პერსპექტივაშიც კი სათუო გახდა. თუმცა, რაკი შეთანხმება ორ ქვეყანას შორის უკვე არსებობს, სურვილის შემთხვევაში, კონკრეტული სამხედრო პროექტების საკითხი უფრო ქვედა დონეზეც შეიძლება მოგვარდეს.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG