Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გასული კვირა პოლიტიკურ–ეკონომიკური მოვლენებით დატვირთული გამოდგა.


გასული კვირა პოლიტიკურ–ეკონომიკური მოვლენებით დატვირთული გამოდგა.

მიუხედავად იმისა, რომ კვირის დასაწყისიდანვე ცდილობდნენ რუსეთ–საქართველოს შორის არსებული ღვინის კონფლიქტის განმუხტვას, კვირის ბოლოსთვის გაჩნდა საფრთხე, რუსეთის ბაზრებზე ქართული მინერალური წყლის, „ბორჯომის“, რეალიზებაც აიკრძალოს. მოვლენების ამგვარად განვითარება, რიგით ეკონომისტებსა და პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველოს პრემიერ–მინისტრმაც იწინასწარმეტყველა. ქვეყნის მთავრობა ქართულ ნაწარმზე დაწესებული ემბარგოს მოსახსნელად განსაკუთრებულ რეჟიმში ამუშავდა, თუმცა თვალშისაცემად წარმატებული ნაბიჯები მაინც ვერ გადადგა.

საქართველოს დელეგაცია, სოფლის მეურნეობის მინისტრის ხელმძღვანელობით, მოსკოვიდან თბილისში შაბათს დაბრუნდა. სწორედ შაბათს გახდა ცნობილი, რომ რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა გენადი ონიშჩენკომ განსაკუთრებულ კონტროლზე ბორჯომის მინერალური წყალიც აიყვანა. მანამდე კი თბილისიდან მოსკოვში საგანგებოდ ღვინის ფალსიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გასაცნობად და ქართული ღვინის რუსეთის ბაზრებზე დაბრუნების უზრუნველსაყოფად ჩასულ დელეგაციას გენადი ონიშჩენკო არ შეხვდა. სამაგიეროდ, გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, ეგრეთ წოდებული უხარისხო ქართული და მოლდავური ღვინით ბაზრის გაჯერებაში გამოჩენილი პასიურობის გამო, სასჯელს თავადაც იმსახურებს:

[გენადი ონიშჩენკოს ხმა] “ჩვენ წავედით ისეთ ძალიან არაპოპულარულ ზომაზე, როგორიცაა ამ ქვეყნების ღვინოების მთლიანი აკრძალვა. იმისათვის, რომ აქამდე არ მივაქციე ამას ყურადღება, სამართალში მიცემას ვიმსახურებ.“

გენადი ონიშჩენკოს სიხისტის მიუხედავად, ქართველებს მოსკოვში ცუდად არ დახვედრიან. და მიუხედავად იმისა, რომ ღვინოში პესტიციდების შემცველობის დამადასტურებელი ლაბორატორიული ანალიზის შედეგები არ წარუდგენიათ, მაინც მოისმინეს საქართველოს დელეგაციის წევრებისა და ამ დელეგაციის მეთაურის, მინისტრ მიხეილ სვიმონიშვილის, მთავარი მოთხოვნა:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა]“ ჩვენი მხრიდან კონკრეტულად დაისვა საკითხი, სასწრაფოდ იქნეს დაშვებული ყველა ხარისხიანი ღვინო რუსეთის ბაზარზე. დანარჩენზე, სადაც არის პრეტენზია, ლაპარაკი წავიდეს კონკრეტულ ფაქტებზე და არა ზოგადად, რომ ქართული ღვინო არის ცუდი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს დელეგაციის რუსეთში ვიზიტის ერთადერთი შედეგი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაზე შეთანხმებაა. ჯგუფი შეამოწმებს, დაირღვა თუ არა სანიტარული ნორმები რუსეთში ექსპორტირებული ქართული ღვინის წარმოებისას. ქართული ღვინის სკანდალი ჩინეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა სენსაციური განცხადებით დააგვირგვინა. მან ქართული ღვინისთვის ევროპული ბაზრის მოძიება საქართველოს თავდაცვის მინისტრს ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა. მინისტრი ამ დროს ბრიუსელში იმყოფებოდა, სადაც, ნატოს შტაბბინაში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე, საქართველოს ნატოსთან ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის შესრულების მდგომარეობა შეფასდა. შეფასდა დადებითად, რის შემდეგაც საქართველოს ხელისუფლების ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადავა. ანგარიშის განხილვაში მონაწილეობდა ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი გიორგი ბარამიძეც.

[გიორგი ბარამიძის ხმა]“ ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ უკვე ამ გაზაფხულზე მივიღებთ ინტენსიურ დიალოგს, რომლის სრული სახელწოდება არის “ინტენსიური დიალოგი საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით”. და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ, საერთოდ, ამ წლის ბოლომდე - ეს არ არის დაკავშირებული მაინცდამინც სამიტთან - საქართველომ უნდა მიიღოს, ინტეგრაციის თვალსაზრისით, შემდგომი ეტაპი. ესაა გაწევრიანების სამოქმედო გეგმა, ეგრეთ წოდებული მაპი.“ (სტილი დაცულია)

ჩრდილოატლანტიკური ალიანსის საბჭოს სხდომა, ფორმატით 26+1, რომელზეც საქართველოს ინდივიდუალური პარტნიორობის სამოქმედო გეგმის, აიპაპის, შესრულებას მაღალი შეფასება მიეცა, 13 აპრილს გაიმართა. ამავე დღეს საქართველოს პარლამენტმა 31 მარტს სოჭში დადებული შეთანხმების რატიფიცირება მოახდინა. დოკუმენტის თანახმად, რუსეთის სამხედრო ნაწილები 2007 წლის ბოლომდე დატოვებენ ახალქალაქის სამხედრო ბაზას, ერთი წლის შემდეგ კი აჭარის ტერიტორიიდანაც გავლენ. საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გასვლის გადაწყვეტილებას, რაღა თქმა უნდა, მიესალმება ოპოზიციაც, რომელმაც 31 მრტს სოჭში ხელმოწერილი დოკუმენტის რევიზია მიმდინარე კვირაშიც განაგრძო. საქმე ეხება მუხლს, რომლის თანახმად, ბათუმში საქართველო–რუსეთის ანტიტერორისტული ცენტრი უნდა დაფუძნდეს. კობა დავითაშვილმა ანტიტერორისტულ ცენტრს სახეცვლილი ბაზა უწოდა:

[კობა დავითაშვილის ხმა]“ პირდაპირი საუბარია კონტინგენტზე, რომ შეიარაღება გადაეცეს ანტიტერორისტულ ცენტრს, რომელიც ბაზის სახეცვლილებაა მხოლოდ და არა გაუქმება. თუ ეს შეთანხმება არ შესრულდა, ანუ უმოკლეს ვადაში ეს არ გაფორმდა, ამ შეთანხმების 22–ე მუხლის თანახმად და ვენის კონვენციის თანახმად, ეს განხილული იქნება, როგორც მნიშვნელოვანი დარღვევა და, აქედან გამომდინარე, რუსეთის მხარეს მიეცემა იურიდიული საფუძველი, შეაჩეროს ან შეწყვიტოს ბაზების გაყვანის პროცესი.“(სტილი დაცულია)

ოპოზიციის ბრალდებებს უმრავლესობის ცნობილი სახეები გამოეხმაურნენ. მათი თქმით, ხელშეკრულებაში საქართველოს საზიანო არც ერთი მუხლი არ არის ჩადებული და შეთანხმებაც მხოლოდ ანტიტერორისტული ცენტრის შექმნის შესახებ მოლაპარაკებების წარმოებას ითვალისწინებს.

სოჭში 31 მარტს გაფორმებული ხელშეკრულების რატიფიკაცია საქართველოს პარლამენტში ოპოზიციის ბოიკოტის პირობებში გაიმართა. ოპოზიცია გასულ სამუშაო კვირაში მემორანდუმის მოთხოვნების ერთგული დარჩა. შესაბამისად, მხოლოდ საკომიტეტო მოსმენებში მონაწილეობით შემოიფარგლა და ბიუროსა და პლენარული სხდომის დარბაზში არ შევიდა. თუმცა, როგორც ჩანს, მომავალ სასესიო კვირაში ეს არ განმეორდება. საქმე ისაა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფრაქცია “მრეწველთა” ლიდერის მოთხოვნა გაითვალისწინა და საგადასახადო კოდექსში ცვლილებების პროექტის განხილვა მომავალი პლენარული სხდომისათვის გადადო.

[ნინო ბურჯანაძის ხმა]“ მე მქონდა გუშინ კონსულტაციები “მრეწველებთან” (ძალიან გამიკვირდა, რომ დღეს ისინი არ იყვნენ პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში), ჩვენ შევთანხმდით, რომ რამდენიმე საკითხთან დაკავშირებით... საგადასახადო კოდექსის განხილვას გადავიტან, იმიტომ რომ იყო კონსტრუქციული შემოთავაზება ამ საკითხების განხილვისა. ჩვენის მხრიდან ნაბიჯები იდგმება და არის წინადადება და შეთავაზება, რომ გადავიდეთ კონსტრუქციულ ტონალობაში და თუნდაც ყველაზე მწვავე საკითხი ერთი მაგიდის ირგვლივ ვეცადოთ, რომ გავარკვიოთ და მოვაგვაროთ.”(სტილი დაცულია)

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის დიალოგის წარმოების აუცილებლობაზე საუბრობს, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ დიალოგი და ერთიანობა გასულ კვირაში რიგიანად არც ოპოზიციის რიგებში შეიმჩნეოდა. ეს განსაკუთრებით მას შემდეგ გამოიკვეთა, რაც საგადასახადო კოდექსის საპარლამენტო განხილვის გადადება გარკვეულ წრეებში ბოიკოტის ერთ–ერთი მოთხოვნის შესრულებად შეფასდა. მემარჯვენე ოპოზიციამ ამასთან დაკავშირებით შენიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის შესწორება მემორანდუმის პირობა არ ყოფილა, “დემოკრატიული ფრონტი” კი ცუდს ვერაფერს ხედავს იმაში, თუ “მრეწველები” აღნიშნულ საკითხზე თავიანთ მოსაზრებას პლენარული სხდომის დარბაზში დააფიქსირებენ.

დატვირთული სამუშაო კვირის დასასრულს ჩინეთიდან დაგეგმილზე ერთი დღით ადრე დაბრუნდა საქართველოს დელეგაცია, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მეთაურობით. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება რაიმე საგანგებო ღონისძიებას კი არა, ოფიციალური შეხვედრების დასრულებას უკავშირდებოდა. ჩინეთში ვიზიტისას საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა რესპუბლიკის პრეზიდენტს ჰუ ძინტაოს, პრემიერ–მინისტრ ვენ ძიაბაოს, სახალხო წარმომადგენელთა ეროვნული ყრილობის თავმჯდომარეს ვუ ბანგუს და ბიზნესმენებს. მათთან საუბრის ერთ–ერთი მთავარი თემა ქართული ღვინის მიწოდების მსოფლიო ბაზარზე დივერსიფიკაცია იყო. როგორც ჩანს, მომავალი კვირიდან, ღვინოსთან ერთად, მინერალური წყლის ბაზრის დივერსიფიკაციაც აქტუალური გახდება.
XS
SM
MD
LG