Accessibility links

logo-print

“პერესტროიკა” – 20


ზუსტად 20 წელი გავიდა მას შემდეგ,

რაც 1986 წლის 14 აპრილს, ქალაქ ტოლიატიში ვიზიტის დროს, იქაურ ავტოქარხანაში საგანგებოდ მოწყობილ კრებაზე საბჭოთა კავშირის კომპარტიის პირველმა მდივანმა, შემდეგ კი საბჭოთა კავშირის პირველმა და უკანასკნელმა პრეზიდენტმა მიხეილ გორბაჩოვმა, ახსენა სიტყვა “პერესტროიკა”, რომელიც მოგვიანებით ქართულად თარგმნეს, როგორც “გარდაქმნა”. ამის შემდეგ გორბაჩოვის იდეოლოგები და, რა თქმა უნდა, თავად გორბაჩოვიც ამ სიტყვას იმდენად ხშირად იმეორებდნენ, რომ ხალხმა ანეგდოტების შეთხზვა დაიწყო “პერესტროიკის” თემაზე. საზოგადოებამ ჯერ არ იცოდა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი გახდებოდა ეს სიტყვა მეოცე საუკუნის ისტორიაში. “პერესტროიკის” შესახებ დღეს მთელი ტომები შეიქმნა, გადაიღეს ფილმები, დადგეს სპექტაკლები. ასე რომ, ისტორიის მოყვარულებმა კარგად იციან, როგორ დაიწყო და როგორ დასრულდა გორბაჩოვის რეფორმა. ამიტომ ჩვენს ყოველკვირეულ პროგრამაში “ოქროს საუკუნე”დღეს ამ ეპოქის მხოლოდ ერთ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან, შესაძლებელია, ყველაზე მნიშვნელოვან ატრიბუტზე ვისაუბრებ – გორბაჩოვის ეპოქის ცენტრალურ ტელევიზიაზე.

“სტავროპოლელი დავითი, რომელსაც საბჭოთა გოლიათის დამარცხება მოუხდა” – ასე ახასიათებს მიხეილ გორბაჩოვს მისი ყოფილი თანამშემწე ანდრეი გრაჩევი. სწორედ გრაჩევის წიგნიდან ირკვევა ერთი საინტერესო ამბავი: მიხეილ გორბაჩოვს, რომელმაც 1985 წელს, კონსტანტინ ჩერნენკოს გარდაცვალების შემდეგ, ცეკას პირველი მდივნის პოსტი დაიკავა, სიტყვა “პერესტროიკა” პირველად 1986 წლის იანვარში ბიჭვინთაში აუტაცია. მიხეილ გორბაჩოვი იქ კომპარტიის 27-ე ყრილობის მოხსენებისთვის ემზადებოდა. მაგრამ ვერ გაბედა - მხოლოდ ბიუროკრატიის წინააღმდეგ გაილაშქრა, ისიც ძალზე ზოგადად. ბიჭვინთაში გორბაჩოვს თავის გარემოცვაში ლიბერალური იდეებით გამორჩეული ადამიანები – იაკოვლევი და ბოვინი გამოუძახებია. მოგვიანებით ალექსანდრ იაკოვლევი აღიარებს, რომ გორბაჩოვი, პირველ რიგში, საზოგადოების ცნობიერების გარდაქმნას ცდილობდა, რაც ყველაზე მეტად კულტურისა და მედიის სფეროს უნდა დასტყობოდა.

გორბაჩოვმა “პერესტროიკა” ახსენა და ეკრანზე თენგიზ აბულაძის “მონანიებაც” გამოუშვეს, თაროებიდან ჩამოიღეს აკრძალული წიგნები, გამოსცეს თხზულებები, რომელთა ავტორებს აქამდე დისიდენტებად მიიჩნევდნენ. ხალხმა ისევ დაიწყო კინოში სიარული, ისევ დაიწყო კითხვა – ლიტერატურული ჟურნალები ხელიდან ხელში გადადიოდა. მაგრამ “პერესტროიკის” ყველაზე მძლავრი იარაღი ცენტრალური ტელევიზია უნდა გამხდარიყო.

[ალა პუგაჩოვა]

ალა პუგაჩოვა უკვე ყოველდღე ჩნდებოდა ცენტრალური ტელევიზიის ეკრანზე. ლენინგრადის ტელევიზია პროგრამაში “რინგი” უკვე თავისუფლად ამღერებდა გრებენშიკოვსა და ალექსანდრ ბარიკინს. 1986 წლის 12 თებერვალს სატელევიზიო ტოკ-შოუში “მე-12 სართული” სიტყვა “პერესტროიკა” ჯერ არ უხსენებიათ, მაგრამ დისკუსიაში, რომელიც “თავისუფალ დროს” მიეძღვნა, კომკავშირის მდივნები იმდენად უსუსურნი იყვნენ, რომ მეორე დღეს “იზვესტიამ” მათზე პატარა ფელეტონი დაბეჭდა. ამავე წლის 28 სექტემბერს “უძრაობის ეპოქის” ცნობილი საერთაშორისო მიმომხილველის, ბოროვიკის, პროგრამაში “კამერა უყურებს სამყაროს”, რომელიც შეერთებულ შტატებში რუსი ემიგრანტების ცხოვრებას მიეძღვნა, მოულოდნელ;ად გაიპარა ინტერვიუ ახალგაზრდა კაცთან, რომელმაც აღნიშნა, რომ “ამერიკაში სამოთხეს მიაგნო”. 1987 წლის 3 მარტს ჟურნალ “ბურდას” რუსული გამოცემის ტელეპრეზენტაციაზე, საბჭოთა ტელევიზიის ისტორიაში პირველად, წამყვანს ბაფთა - “პეპელა” - ეკეთა ყელზე. ამავე წლის 27 მარტს ფილ დონახაუ მიუბრუნდა საბჭოთა ჯარისკაცებს და ასე მიმართა: “ჯენტლმენებო”... 1988 წელზე უკვე აღარ შევჩერდებით – პროგრამებში “შუაღამემდე და შუაღამის მერე”, “ვზგლიად”, ურმას ოტის საავტორო გადაცემაში, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა აკრძალული თემა. გორბაჩოვის შემდეგ ტელევიზიის ყველაზე ხშირი სტუმარი ბორის ელცინი გახდა. ტელეხიდში მოსკოვსა და ნიუ-იორკს შორის ფრიად სანდომიანმა ქალბატონმა განაცხადა: “საბჭოთა კავშირში სექსი არა გვაქვსო”, რაზეც გორბაჩოვის ეპოქის საბჭოთა კავშირში ყველამ ბევრი იცინა, მათ შორის, იმ ადამიანებმაც, რომლებმაც 1991 წლის აგვისტოში მიხეილ გორბაჩოვს პუტჩი მოუწყეს, იმ საღამოს ცენტრალურმა ტელევიზიამ მოულოდნელად შეცვალა პროგრამები – აღარც “ვზგლიადი” და აღარც ალა პუგაჩოვა. მთელი საღამო “გედის ტბას” აჩვენებდნენ და აი, ამას აცხადებდნენ:

[გკჩპ.ხმა] “ჩვენს დიად სამშობლოს ხიფათი დაემუქრა. მიხეილ გორბაჩოვის მიერ დაწყებული რეფორმების პოლიტიკა, რომელიც ქვეყნის დინამიკურ განვითარებასა და საზოგადოებრივი ცხოვრების დემოკრატიზაციას ისახავდა მიზნად, მთელი რიგი მიზეზების გამო ჩიხში მოექცა, თავდაპირველი ენთუზიაზმი და იმედი შეიცვალა უიმედობით, აპათიით და სასოწარკვეთით. ხელისუფლების ყველა შტომ მოსახლეობის ნდობა დაკარგა... ქვეყანა, ფაქტობრივად, უმართავი გახდა.”

მოგვიანებით გორბაჩოვის ყოფილი თანამებრძოლი, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის დროს ბორის ელცინს დაუჭირა მხარი, რუსეთის დუმის დეპუტატი ვიქტორ შეინისი იტყვის:

[ვიქტორ შეინისის ხმა] “გორბაჩოვის შეცდომა ისაა, რომ მან, მაპატიეთ უხეში გამოთქმა, არ გახლიჩა შუაზე, არ დაშალა პარტია. მან არ გამოიყენა შესაძლებლობა, რომელიც ჯერ კიდევ ჰქონდა 80-იანი წლების ბოლოს.. ეს რომ გაეკეთებინა, მაშინვე ჩამოყალიბდებოდა ქვეყანაში ის სოციალ-დემოკრატია, რომლის საჭიროებასაც ასე განვიცდით დღეს ჩვენ.”
მიხეილ გორბაჩოვის თანამებრძოლებიც კი აღიარებენ, რომ 80-იანი წლების მეორე ნახევარში გარდაქმნა, ფაქტობრივად, მხოლოდ კულტურისა და მედიის სფეროში მოხდა. საბჭოთა საზოგადოება გორბაჩოვს დაეთანხმა, რომ ძველებურად ცხოვრება აღარ შეიძლებოდა, თუმცა უმრავლესობამ არ იცოდა, როგორ უნდა ეცხოვრა სხვანაირად. ამას ხალხს არც კულტურა ეუბნებოდა, არც მედია და არც გორბაჩოვი. მის გარემოცვაში თითქოს ერთი კაციც არ აღმოჩნდა, რომელიც ეტყოდა, რომ ამ რეჟიმისთვის “ადამიანური სახის” მინიჭება იმით დასრულდება, რომ დაიმსხვრევა სისტემაც და სახელმწიფოც. ეს ექსპერიმენტი ერთხელ უკვე სცადა დუბჩეკმა ჩეხოსლოვაკიაში, რაც 1968 წელს პრაღაში საბჭოთა ტანკების შესვლით დასრულდა. მაგრამ მოსკოვში ხომ არავინ შემოუყვანდა ტანკებს გორბაჩოვს? ამის სჯეროდა სწორედ “პერესტროიკის” ავტორს, რომელსაც სურდა სოციალიზმი კაპიტალიზმის რეალურ ალტერნატივად გადაექცია... ხელოვნურად შექმნილ იმპერიაში...

[ივლიანე ხაინდრავას ხმა] “მე ვფიქრობ, რომ ხშირად მოთხოვნილება წინ უსწრებს მზაობას... შეიძლება თხუთმეტი წლის ბიჭმა მოიყვანოს ცოლი, მაგრამ არ იყოს მზად ცოლქმრული ცხოვრებისთვის...კი, ძალიან მცირე ნაწილში თუ იყო მზაობა... უმალვე დავიწყეთ ისეთი შეცდომების დაშვება, რომელმაც დაასაბუთა, რომ ჩვენ მზად არ ვიყავით.”

ეს იყო პარლამენტარი ივლიანე ხაინდრავა, რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩაწერილ ამ ინტერვიუში ეროვნულ მოძრაობასა და მთლიანად ქართულ საზოგადოებაზე საუბრობდა. რა თქმა უნდა, იგივე შეიძლება ითქვას გორბაჩოვის ეპოქის მთელ საბჭოთა საზოგადოებაზეც. გორბაჩოვის ეპოქაში მნიშვნელოვანი გარდაქმნები მოხდა, მაგრამ კომუნისტური სისტემის კოსმეტიკური რემონტი ცნობიერების “პერესტროიკას” სწრაფად ვერ შეცვლიდა. ალა პუგაჩოვა გორბაჩოვამდეც პოპულარული იყო, გორბაჩოვის ეპოქაშიც და პოპულარულია დღესაც, თანამედროვე რუსეთში.

[ალა პუგაჩოვა]
XS
SM
MD
LG