Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანი პალესტინას ფინანსურ დახმარებას გაუწევს


გუშინ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა ფინანსურ გასაჭირში მყოფ პალესტინის ხელისუფლებას 50 მილიონი დოლარით დაეხმარება.

იმ პირობებში, როცა შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა პალესტინის ახალ ხელისუფლებას ფინანსური დახმარება შეუწყვიტეს, ისრაელმა კი შეწყვიტა საგადასახადო და საბაჟო შემოსავლების გადარიცხვა პალესტინისთვის, ირანის ხელისუფლების გადაწყვეტილება დიდი სიხარულით მიიღო პალესტინის მთავრობამ. თუმცა საერთაშორისო საზოგადოებისთვის ირანის ამგვარი ნაბიჯი დამაფიქრებელი უნდა იყოს. მინდა ირანის მიერ პალესტინისთვის დახმარების გაწევის შესაძლო მოტივაციაზე გესაუბროთ:

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა მანუჩერ მოტაკიმ განაცხადა, რომ ირანის, როგორც პალესტინის მეგობარი ქვეყნის, ვალია დაეხმაროს მას, თუმცა არ დაუზუსტებია, როდის გადასცემს ის ამ საჩუქარს პალესტინის ხელისუფლებას. გარდა ამისა, ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა საერთაშორისო საზოგადოებას პალესტინის დახმარებისკენ მოუწოდა:

[მოტაკის ხმა]
“საერთაშორისო საზოგადოება და ისლამური სამყარო უნდა დაეხმარონ პალესტინის ახალ ხელისუფლებას მიმდინარე პრობლემების გადაჭრაში.”

დუბაიში არსებული სპარსეთის ყურის კვლევის ცენტრის რეგიონული ექსპერტის მუსტაფა ალანის თქმით, ირანის ნაბიჯი იმას მიანიშნებს, რომ დასავლეთის მხრიდან ირანის იზოლირების მცდელობას შედეგად რეგიონში ირანის გავლენის ზრდა მოაქვს:

[ალანის ხმა]
“ეს არის შედეგი და ამგვარი მოქმედებით ჰამასს ირანელებისკენ ვუბიძგებთ. ყოველივე ამის გრძელვადიანი შედეგი კი მასშტაბური იქნება, - პალესტინის საკითხს ვგულისხმობ. ამ ეტაპზე ირანელებს ერთგვარი გავლენაც კი აქვთ ჰამასზე.”

ალანისავე აზრით, არაბულენოვან ქვეყნებს უნდა აშფოთებდეთ შიიტური ირანის მზარდი ზეგავლენა რეგიონში. ირანის მიერ პალესტინისთვის დახმარების გაწევის განზრახვას საფუძვლად არა რელიგიური, არამედ ირანის სტრატეგიული ინტერესი უდევს:

[ალანის ხმა]
“მე არ ვუყურებ ამ ნაბიჯს, როგორც ისლამურ სოლიდარობას. მე ამას ირანელთა სტრატეგიულ გადაწყვეტილებად მივიჩნევ. არ მიმაჩნია, რომ საქმე ეხება ისლამურ სოლიდარობას. ჰამასი სუნიტური ფუნდამენტალისტური მოძრაობაა. ირანი ფუნდამენტალისტური შიიტური სახელმწიფოა. ასე რომ, არა მგონია, აქ პოზიციების თანხვედრასთან გვქონდეს საქმე. ირანის ამ გადაწყვეტილებას უფრო სტრატეგიული და არა რეგლიგიური საზომით უნდა მივუდგეთ.”

არ უნდა დაგვავიწყდეს, აგრეთვე, რომ ირანი არ არის ერთადერთი სახელმწიფო, რომელიც პალესტინის ხელისუფლებას დახმარებას სთავაზობს. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა პალესტინის პრეზიდენტ მაჰმუდ აბასთან სატელეფონო საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში რუსეთი ფინანსურ დახმარებას გაუწევს პალესტინას. რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელი არ აზუსტებს დახმარების ოდენობას. მარტში რუსეთი ჰამასის წარმომადგენლობით დელეგაციას მასპინძლობდა, რითაც დაირღვა ჰამასის საერთაშორისო იზოლირების პრინციპი. რუსეთის ეს ნაბიჯი აღქმულ იქნა როგორც პუტინის ერთგვარი მცდელობა გაააქტიუროს რუსეთის როლი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე სამშვიდობო პროცესში.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG