Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მთავრობა ქართული ღვინის პრესტიჟის ამაღლებაზე ზრუნავს


საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრო, ქართული ღვინის კვირეულის პროგრამის ფარგლებში, 17-დან 20 აპრილის ჩათვლით რუსეთის

ფედერაციის პრესის, სატელევიზიო არხებისა და „ალკოჰოლური პროდუქციის ბაზრის მონაწილეთა კავშირის“ წარმომადგენლებს მასპინძლობს. ოთხი დღის მანძილზე რუს და რუსეთში აკრედიტებულ უცხოელ ჟურნალისტებს საშუალება ექნებათ ადგილზე გაეცნონ ვაზის მოვლის მრავალსაუკუნოვან ტრადიციას, ღვინის დაყენებისა და შენახვის ტექნოლოგიას. პარალელურად, როგორც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროში განმარტავენ, საქართველოს მთავრობა არ წყვეტს კონტაქტს რუსეთის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურთან, რომლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ერთობლივი ქართულ-რუსული სამუშაო ჯგუფის შექმნა გადაწყდა.

საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელობა რუსეთიდან ორიოდე დღის წინ დაბრუნდა. მიხეილ სვიმონიშვილი სამი-ოთხი დღის განმავლობაში ამაოდ ცდილობდა ქართული ღვინის უვნებლობაში რუსი სახელმწიფო მოხელეების დარწმუნებას. თუმცა გამგზავრებამდე მინისტრი სხვას არც არაფერს ელოდა:

[მიხეილ სვიმონიშვილის ხმა] „ყველა ის წერილი, რომელიც ბატონმა ონიშჩენკომ გამოაქვეყნა, არის აბსოლუტურად არაკანონიერი და უსამართლო. ამიტომ, მოგეხსენებათ, უსამართლობას რთულია სამართლიანად ებრძოლო.“(სტილი დაცულია)

მიხეილ ონიშჩენკომ, რუსეთის მთავარმა სანიტარულმა ექიმმა, უსამართლობასთან საბრძოლველად მოსკოვში ჩასული მინისტრი არ მიიღო. სამაგიეროდ, დელეგაციის წევრებს ონიშჩენკოს მოადგილე შეხვდა. საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის მოადგილის მირიან დეკანოიძის თქმით, შეხვედრას ფუჭად არ ჩაუვლია:

[მირიან დეკანოიძის ხმა] „ჩვენ დავაყენეთ საკითხი, რომ შევქმნათ ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც იმუშავებს მიმდინარე საკითხებზე როგორც საქართველოში, - დაწყებული მინდვრიდან, ვენახიდან, ქარხნიდან ნიმუშების აღებით, წყლიდან ნიმუშების აღებით, - ასევე რუსეთის ტერიტორიაზეც მოხდეს ადგილზე იმ ნიმუშებისა და სინჯების შემოწმება, რომელშიც ვითომ აღმოაჩინეს მეორე და მესამე კლასის პესტიციდები და რომელიც არის მავნე ადამიანის ჯანმრთელობისთვის.“(სტილი დაცულია)

ეს შეთანხმება წერილობით არ გაფორმებულა. ამიტომაც ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაიწყებს ერთობლივი სამუშაო ჯგუფი მოქმედებას, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოს ხელისუფლება ლოდინს არ აპირებს. სოფლის მეუონეობისა და სურსათის სამინისტრო 17-დან 20 აპრილის ჩათვლით, რუსეთის ფედერაციის პრესისა და სატელევიზიო არხების თანამშრომლებთან ერთად, რუსეთში აკრეტიდებულ უცხოელ ჟურნალისტებსაც უმასპინძლებს.

[მირიან დეკანოიძის ხმა]„სამშაბათს ჩაბრძანდებიან კახეთში, ყვარელში იქნება მიკროზონების დათვალიერება. ლაპარაკია ახაშენზე, ქინძმარაულსა და მუკუზანზე. დაათვალიერებენ ქინძმარაულის მარანს, გლეხურ მეურნეობებს, „კახეთის ღვინის მარანს“. წაბრძანდებიან წინანდალში. ნახავენ „შუმის“, „თელიანი ველის“, „ჯი-ვი-ეს“-ის ქარხნებს და ბევრ სხვა რამეს, იმის მიხედვით, დროში როგორ ჩავეტევით.“

დელეგაციის შემადგენლობაში, სამ ათეულამდე კორესპონდენტის გარდა, ასევე შედიან „რუსეთის ალკოჰოლური პროდუქციის ბაზრის მონაწილეთა კავშირის“ წარმომადგენლები, მათ შორის, ღვინის ცნობილი დეგუსტატორები, რომლებიც ეწვევიან ღვინის ლაბორატორიებს და გაეცნობიან იმ პროცედურას, რომლის მიხედვითაც საქართველოში ღვინის ხარისხის სერტიფიკატი გაიცემა. 19 მარტს დელეგაციის წევრები სასტუმრო „მეტეხში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა, ეკონომიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროების ხელმძღვანელებთან, საპარლამენტო კომიტეტის წევრებსა და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებთან ერთად სამამულო წარმოების სამარკო ღვინოებს დააჭაშნიკებენ. საქართველოს მთავრობაში იმედოვნებენ, რომ რუსეთის მთავარი სანიტარული ექიმის მიერ ათვალწუნებული ქართული ღვინო სტუმრებს ჭეშმარიტების დადგენაში დაეხმარება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG