Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

“ღვინის კრიზისის” შესაძლო პოლიტიკური შედეგები


საზოგადოება გაოცებული დარჩა, როდესაც საქართველოს პრეზიდენტმა ღვინის კრიზისის მოგვარება თავდაცვის მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილს დაავალა.

მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ოქრუაშვილს კარგი ბიზნეს-გამოცდილება აქვს და, თან, ყველა დავალებას წარმატებით ართმევს თავს. ეს ორი არგუმენტი მაინც არასაკმარისი აღმოჩნდა პრეზიდენტის ერთობ უცნაური გადაწყვეტილების ასახსნელად. ღვინის კრიზისის შესაძლო პოლიტიკურ შედეგებზე მინდა გესაუბროთ.

შეიძლებოდა, მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება, რომ ქართული ღვინისთვის ახალი ბაზარი თავდაცვის მინისტრმა უნდა მოძებნოს, განსაკუთრებული აჟიოტაჟის მიზეზი არც გამხდარიყო. მაგრამ ამ დავალებას ოპოზიციის მხრიდან მოჰყვა მნიშვნელოვანი პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მთელი დღის განმავლობაში პირველ სიუჟეტად გადასცემდა ტელეკომპანია “იმედის” საინფორმაციო სამსახური. ოპოზიციის თვალსაზრისით, ამიერიდან პრეზიდენტი ირაკლი ოქრუაშვილს განიხილავდა არა იმდენად თავდაცვის მინისტრად, რამდენადაც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად.

საქმე ისაა, რომ ოპოზიცია, რომელიც ბოლოხანს დაჟინებით ითხოვს ვანო მერაბიშვილის გადადგომას, ყოველთვის ან დელიკატურად უვლის გვერდს ირაკლი ოქრუაშვილს, ან მის მაღალ რეიტინგზე საუბრობს. კიდევ უფრო შორს მიდის ტელეკომპანია “იმედი”, რომელიც მხოლოდ დადებით სიუჟეტებს ამზადებს ირაკლი ოქრუაშვილის საქმიანობაზე. ამიტომ დაკვირვებული თვალისთვის ძნელი არ არის ამ სამი რგოლის ერთმანეთთან დაკავშირება: პრეზიდენტმა თავდაცვის მინისტრს ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარება დაავალა, ოპოზიციამ ამ ფაქტში ირაკლი ოქრუაშვილის გაპრემიერების განზრახვა ამოიცნო, ტელეკომპანია “იმედმა” კი ამ მოსაზრებას ფართო გზა მისცა.

თუმცა რამდენიმე რგოლის აწყობა პოლიტიკაში ბევრს არაფერს ნიშნავს, თუ მოვლენები საერთო კონტექსტს არ ეხამება. მედია კონტექსტს აღარ ჩაღრმავებია და ამის გამო, ფაქტობრივად, შეუფასებელი დარჩა როგორც პრეზიდენტის, ისე ოპოზიციის განცხადებების რეალური წონა.

იმის შემდეგ, რაც ხელისუფლებაში ორი გუნდი ჩამოყალიბდა, მერაბიშვილისა და ოქრუაშვილის ლიდერობით, ყოველგვარი, მეტ-ნაკლებად მნიშვნელოვანი, პოლიტიკური მოვლენა მათ შორის ფარულ ბრძოლას ასახავდა. კარგა ხნის განმავლობაში ვანო მერაბიშვილის გუნდი უფრო ძლიერად გამოიყურებოდა და, საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე, ძალთა არსებული ბალანსის შენარჩუნებას ცდილობდა.

თავდაპირველად დანაკარგი ოქრუაშვილის გუნდმა განიცადა, როდესაც პარლამენტიდან კობა ბექაური წავიდა, თანაც, სკანდალის ფონზე. თუმცა ამის შემდეგ სერიოზული რყევები დაიწყო ვანო მერაბიშვილის ძლიერ ბანაკშიც. პირველი დამანგრეველი ბიძგი სანდრო გირგვლიანის მკვლელობა და ამ ფაქტის ირგვლივ განვითარებული მოვლენები აღმოჩნდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა დაკარგა უახლოესი თანამებრძოლები და შეიძინა ლოზუნგი: “ხელისუფლებაში მკვლელები არიან”. მეორე დამანგრეველი ბიძგი, რომელმაც კიდევ მეტად გაამყარა ლოზუნგის დედააზრი, აღმოჩნდა ციხის ამბოხი და ამ ამბოხის ჩახშობისას პატიმრების გარდაცვალების ფაქტი. იმის მიუხედავად, რომ ციხეები იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაშია, ამბოხის თემამ არსებითი დარტყმა ისევ და ისევ ვანო მერაბიშვილს და მის ბანაკს მიაყენა. მესამე საკითხი, რომელმაც, შესაძლოა, წერტილი დაუსვას ბალანსს და თანასწორობას სახელისუფლო გუნდებს შორის, გაზეთ “რეზონანსის” რამდენიმე ნომერში გამოქვეყნებული ჟურნალისტური გამოძიებაა. გამოძიების მასალების მიხედვით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი კონსტიტუციას არღვევს, თანაც, საფრთხეს უქმნის ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას. ენერგოსექტორი კი - გათვითცნობიერებულმა ადამიანებმა კარგად იციან - ვანო მერაბიშვილის გავლენის სფეროა. ოპოზიციამ საგანგებო პრეს-კონფერენცია მიუძღვნა “რეზონანსის” გამოძიებას და, უეჭველია, ეს თემა კიდევ არაერთხელ დაუბრუნდება საინფორმაციო სივრცეს.

გამოდის, ბოლო თვეების განმავლობაში ირაკლი ოქრუაშვილმა, როგორც ლიდერმა, ერთი საშუალო სიმძიმის დანაკარგი განიცადა, ვანო მერაბიშვილმა კი სამი უმძიმესი დარტყმა მიიღო. ადვილი მისახვედრია, რომ მერაბიშვილის იმიჯის რყევაში გადამწყვეტი როლი ტელევიზიამ და პრესამ შეასრულა. და თუ ოქრუაშვილის გუნდი ყოველთვის შედარებით მოკრძალებულად გამოიყურებოდა, სამაგიეროდ, მისი გავლენა საინფორმაციო სივრცეზე ყოველთვის უფრო ძლიერი და რაფინირებული იყო, ვიდრე გურამ დონაძის ფსევდოწარმატებული პროექტები.

ასე რომ, პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით, ღვინის კრიზისის მოგვარებაში თავდაცვის მინისტრის ჩართვა საკმაოდ ლოგიკური ჩანს. ახლა მნიშვნელოვანია, როგორ შეეცდება და შეძლებს თუ ვერა წონასწორობის აღდგენას ვანო მერაბიშვილის სახელისუფლო გუნდი. სწორედ ამაზეა დამოკიდებული ირაკლი ოქრუაშვილის გაპრემიერების პერსპექტივა.
XS
SM
MD
LG