Accessibility links

logo-print

ღია წერილი საქართველოს პრეზიდენტს – პრეზიდენტი გირგვლიანის საქმის გამოძიებაზე ზედამხედველობას არ აპირებს


17 აპრილს ბეჭდური მედიის თითქმის ყველა საშუალებამ გამოაქვეყნა საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართული ღია წერილი, რომელშიც ინტელიგენციის 100–მდე წარმომადგენელი

სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებას ითხოვს. წერილის თანახმად, მაშინ როცა „გაერთიანებული ქართული ბანკის“ ახალგაზრდა თანამშრომლის წამებით მოკვლაში სამართალდამცავი ორგანოების მაღალი რანგის თანამდებობის პირები იმხილებიან, ტრაგედია ერთი ოჯახის ფარგლებს სცილდება და საზოგადოების გამთლიანების ლოგიკური საბაბი ხდება. ღია წერილის ხელმომწერნი ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის გაბზარული ნდობის აღდგენის ერთადერთ საშუალებად პირუთვნელი სიმართლის გამომზეურებას მიიჩნევენ, ქვეყანაში დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტების არარსებობის პირობებში კი დანაშაულში მონაწილე ყველა პირის გამოვლენისა და დასჯის გარანტიას პრეზიდენტის პოლიტიკურ ნებაში ხედავენ.

საზოგადო მოღვაწეთა ღია წერილს, პრეზიდენტის ნაცვლად, მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გამოეხმაურა. გიორგი არველაძის განცხადებით, მკვლელობის საქმეს კომპეტენტური ორგანოები ობიექტურად იძიებენ და საზარელ დანაშაულში ეჭვმიტანილი ყველა პირი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება:

[გიორგი არველაძის ხმა]“ პრეზიდენტი, პრეზიდენტი არ არის გამომძიებელი. გამოძიებას იძიებენ შესაბამისი კომპეტენტური ორგანოები და მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ყველა დამნაშავე.“

პრეზიდენტი რომ გამომძიებელი არ არის, ეს ღია წერილზე ხელმომწერებმაც უწყიან. მათ შორის, კონორეჟისორმა მერაბ კოკოჩაშვილმა, რომელიც აღნიშნავს, რომ ერთობლივი წერილის ადრესატად მიხეილ სააკაშვილის და არა საგამოძიებო ორგანოების პირველი პირების არჩევა სწორედაც რომ საგანგებოდ მოხდა.სხვათა შორის, წერილი დაბალანსებული, სახელმწიფოებრივად ორიენტირებული დოკუმენტია და რომელიმე კონკრეტული ჯგუფის ინტერესებს არ გამოხატავს.

[მერაბ კოკოჩაშვილის ხმა]“ როდესაც ხანგრძლივად იწელება და გაურკვევლობა რჩება, მრავალი მაგალითის მოყვანა შეიძლება, რაც გაუხსნელია და დაუსრულებელია. ამ შემთხვევაში, ალბათ, საბოლოო ინსტანცია არის პრეზიდენტი, ვისაც უნდა, ქვეყნის ყველა მოქალაქეს აქვს უფლება მიმართოს მას. თუკი რაღაც არ წყდება. და ახლა ვფიქრობ, რომ დადგა მომენტი, როდესაც ყველაფერი უნდა იყოს გარკვეული, თუკი ჩვენ გვინდა ერთიანობა გვქონდეს.” (სტილი დაცულია)

ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის სასურველი ერთიანობის უზრუნველყოფაში სანდრო გირგვლიანის საქმე სწორედაც რომ არ ეწერება. ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის გამო დაკავებულები არიან შინაგან საქმეთა მაღალჩინოსნები - როგორც გირგვლიანის ადვოკატი და ოჯახის წევრები ირწმუნებიან, მხოლოდ მკვლელობის შემსრულებლები და არა დამკვეთები. მათივე ინფორმაციით, დედაქალაქის პროკურატურა შინაგან საქმეთა სამინისტროს გავლენის ქვეშ იმყოფება და უარს ამბობს მოწმეების განმეორებით დაკითხვაზე, არ აკმაყოფილებს დაცვის მხარის მიერ წარდგენილ შუამდგომლობებს და ასე შემდეგ. არსებულიდან გამომდინარე, მწერლების, ხელოვნების სფეროს მოღვაწეებისა თუ მეცნიერების აზრით, პრეზიდენტისთვის საგულისხმო და დასაფიქრებელი უნდა ყოფილიყო საზოგადოების განწყობა. მოისმინეთ ფრაგმენტი ღია წერილიდან:

„ ამ საქმის ირგვლივ გაჩენილი კითხვების ამომწურავი პასუხი გაანელებს იმ აგრესიულ და უარყოფით მუხტს, რომელიც ამ დანაშაულმა საზოგადოებაში გააჩინა. ყველა სხვა გზა მიგვიყვანს მთელი სახელისუფლებო ვერტიკალის საბოლოო კომპრომეტირებასთან, რაც თავისთავად საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესებს.“

შეგახსენებთ, რომ ეს იყო ნაწყვეტი საქართველოს პრეზიდენტისადმი ინტელიგენციის ერთი მსხვილი ჯგუფის მიერ გაგზავნილი ღია წერილიდან, რომელზე პასუხიც, ფაქტობრივად, უკვე გაცემულია– კიდევ ერთხელ შევნიშნავ, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის გამოძიების საქმე ობიექტურად მიმდინარეობს.

[რატი ამაღლობელის ხმა]“ესე იგი, თუ თვითონ გამომძიებლების საქმეში არ ერევიან, საიდან იციან, ობიექტურად მიმდინარეობს თუ არა გამოძიება. აქაც ძალიან წინააღმდეგობრივია ხშირად ჩვენი ხელისუფლება, საკუთარ გამონათქვამებთან მიმართებაშიც კი. რა ვიცი, მოლოდინი არის ერთადერთი რამისა, რომ რაც უფრო აქტიური იქნება საზოგადოება, რაც უფრო პრინციპული იქნება და ურყევი თავის ნებელობაში, მით უფრო ბევრ დათმობაზე წამოვა ხელისუფლება. სამწუხაროდ, გვიწევს ამაზე ლაპარაკი, რომ ხელისუფლებას რამე აქვს დასათმობი საზოგადოებასთან, იმიტომ რომ, მოგეხსენებათ, ჩვენ ასე ნამდვილად არ ვფიქრობდით 2–3 წლის წინ.“(სტილი დაცულია)
XS
SM
MD
LG