Accessibility links

რა გავლენის მოხდენა შეუძლია ”ღვინის ომს” საქართველოს ეკონომიკაზე


”სავაჭრო ომი” - თავად რუსეთში უწოდეს ასე რუსეთის ბაზრიდან ქართული ღვინოების გაძევებას. ეს სავაჭრო ომი გრძელდება, თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა

მინისტრის მოადგილემ გრიგორი კარასინმა ორშაბათს თბილისში ერთგვარი დამაიმედებელი განცხადება გააკეთა, როცა თქვა, რუსეთში ქართული ღვინის იმპორტის აკრძალვა ხარისხთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება და ის შეიძლება რიგი ტექნიკური საკითხების მოგვარების შემდეგ მოიხსნასო. ტექნიკური თუ ხარისხთან დაკავშირებული საკითხები, გასულ კვირაში მოსკოვში შემდგარი შეთანხმების თანახმად, ქართველი და რუსი სპეციალისტების მუშა ჯგუფმა უნდა შეისწავლოს. ამდენად, ზუსტად როდის დაბრუნდება ქართული ღვინო რუსეთის ბაზარზე, უწინდებურად გაურკვეველია. საქართველოს წინააღმდეგ ”სავაჭრო ომის ” გაგრძელების შემთხვევაში, ექსპერტები ცუდ ეკონომიკურ პროგნოზებს აკეთებენ.

უკანასკნელი წლების განმავლობაში საქართველოდან რუსეთში ღვინის ექსპორტი უფრო და უფრო იზრდებოდა. სხვადასხვა მონაცემებით, რუსეთის ბაზარი საქართველოში წარმოებული ღვინის 85 პროცენტს ითვისებდა. ღვინის ექსპორტის აკრძალვა პირდაპირ აზარალებს ღვინის მწარმოებელს, არაპირდაპირ კი სხვებს, კერძოდ, იმას, ვისაც ღვინის მწარმოებლამდე მიაქვს ღვინის მასალა, ანუ გლეხს.
თუ ქართული ღვინი რუსეთის ბაზარზე ძველ პოზიციებს ვერ დაიბრუნებს, ღვინის მწარმოებლებს და გლეხებს სერიოზული პრობლემები შეექმნებათ.

[გოგა ყიფიანის ხმა] ”ეს სიტუაცია გამოიწვევს ფასების ვარდნას, მოგებების შემცირებას. ეს გამოიწვევს აქცენტების გაკეთებას სხვა ბაზრებზე, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ინდუსტრია შენარჩუნდება, იმავე რაოდენობის ღვინო ჩამოისხმება და იმავე რაოდენობის ყურძენს გაყიდის გლეხი, რაც გაიყიდა შარშან. ” (სტილი დაცულია)

ეს კომპანია ”თელიანი ველის” კომერციული დირექტორი გოგა ყიფიანი გახლდათ. კომპანია ”თელიანი ველი” საკუთრი ღვინის 35 პროცენტს ყიდის რუსეთის ბაზარზე. სხვა ბაზრების ძებნა აღნიშნული კომპანიის მესვეურებმა 2-3 წელია დაიწყეს. ” თელიანი ველის” ღვინოები იყიდება უკრაინაში ( წელს იქ ნახევარი მილიონი ბოთლის გაყიდვაა დაგეგმილი), შეერთებულ შტატებში, აღმოსავლეთ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში. ალტერნატიულ ბაზრებზე შესვლა ხარისხიანი ქართული ღვინის მწარმოებელ ამ კომპანიას, გარკვეულწილად, უმსუბუქებს იმ პრობლემას, რაც ქართველ მეღვინეებს რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვამ შეუქმნა, თუმცა, ”აკრძალვის შენარჩუნების შემთხვევაში, ჩვენი კომპანიაც სერიოზულად დაზარალდებაო,”-თქვა ჩვენთან საუბრისას ”თელიანი ველის” კომერციულმა დირექტორმა.


ქართველი ღვინის მწარმოებლებისთვის რუსეთის ბაზარი ჯერჯერობით შეუცვლელია. და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის დაბრუნების იმედი ჯერ არ გადაწურულა, ქვეყნის საგარეო სავაჭრო ბაზრების დივერსიფიკაცია ყველას აუცილებლად მიაჩნია - ყველასთვის ცხადია, რომ ცუდი პოლიტიკური ურთიერთობების პირობებში ქართველ ექსპორტიორებს ექმნებათ და კვლავაც შეექმნებათ პრობლემები რუსეთის ბაზარზე. როგორც სახელმწიფო მინისტრი ეკონომიკის საკითხებში კახა ბენდუქიძე ამბობს, სწორედ დივერსიფიკაცია იქნება გრძელვადიანი საფუძველი ეკონომიკის სტაბილური განვითარებისა, მაგრამ სანამ ეს მოხდება საქართველოსთვის გამოცხადებული სავაჭრო ომი ( თუკი ის გაგრძელდა) თავის შედეგებს მოიტანს. ეკონომიკური ექსპერტის ნიკო ორველაშვილის თქმით, რუსეთის ბაზარზე ქართული ღვინის აკრძალვა პრაქტიკულად დაუსაქმებელს დატოვებს საქართველოს ერთ დიდ რეგიონს, კახეთს, მას დაემატება რაჭა და იმერეთი. ექსპერტი არ ვარაუდობს დარტყმას ბიუჯეტზე, რადგან ექსპორტი, წახალისების მიზნით, განთავისუფლებულია რიგი გადასახადებისგან და მასზე დარტყმა ბიუჯეტს სერიოზულად ვერ დააზარალებს, თუმცა პრობლემებს სხვა, მეტად მტკივნეული, მიმართულებით არ გამორიცხავს. საქართველოს წინააღმდეგ სავაჭრო ომმა ნიკო ორველაშვილის აზრით, შესაძლოა, ეროვნული ვალუტის სტაბილურობას შეუქმნას საფრთხე.

საქართველოს ხელისუფლებაში იმედოვნებენ, რომ პროცესები ყველაზე ცუდი სცენარით არ განვითარდება, რომ ღვინის საკითხზე რუსეთთან კონსტრუქციული დიალოგის აწყობა მოხერხდება და ქართული ღვინო ძველ ბაზარზე დაბრუნდება.
XS
SM
MD
LG