Accessibility links

logo-print

ყოველკვირეულ პროგრამას ”ახალი ევროპა”


ყოველკვირეულ პროგრამას ”ახალი ევროპა”

ჩვენ დროდადრო ევროპის, ევროკავშირის თუ ევროპული ინსტიტუტების საკითხებზე მომუშავე ანალიტიკოსებთან საუბრებს ვუთმობთ. ეს საშუალებას გვაძლევს ევროპისთვის აქტუალურ საკითხებსა თუ პროცესებზე ხშირად ღრმა და განსხვავებულ პერსპექტივებს გავეცნოთ. სწორედ ასეთ ინტერვიუს გთავაზობთ დღეს. მე შევხვდი და ევროკავშირისთვის აქტუალურ რამდენიმე საკითხზე ვესაუბრე ისტორიკოს ბო სტრათს, ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორს. პირველ რიგში, მე მას ევროკავშირის წინაშე მდგარი, მისი აზრით, ყველაზე მწვავე პრობლემის ფორმულირება ვთხოვე.


[სტრათის ხმა] ”ყველაზე დიდი პრობლემა, რომელიც ევროპის კავშირის წინაშე გაფართოების შემდეგ დადგა, ევროპაში სოციალური თანასწორობის მიღწევაა. ეს თუ არ მოხდა, ჩემი აზრით, პოლიტიკოსებს ძალიან გაუჭირდებათ სოციალური პრობლემის გადაჭრა. გაფართოებამდე ამაზე ბევრი არავის უფიქრია, მაგრამ გაფართოების შემდეგ, ვხედავთ, როგორი უთანასწორობა მეფობს ევროპაში - მაგალითად, თუ ახალი წევრებიდან ყველაზე ღარიბ ქვეყნებში მინიმალურ ხელფასს ავიღებთ და მდიდარი ქვეყნების მაღალ ანაზღაურებებს შევადარებთ, ამას ძალიან მკაფიოდ დავინახავთ.”

ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბო სტრათი ამბობს, რომ კიდევ ერთი პრობლემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი გაფართოების შემდეგ დადგა,
ძველი წევრი ქვეყნების მოსახლეობაში ახალი წევრი ქვეყნებიდან მოსული იაფი მუშახელის შიშია. ბო სტრათი ფიქრობს, რომ ეს შიში, დიდწილად, უსაფუძვლოა და მას არათანამიმდევრული სოციალური პოლიტიკა იწვევს. ამდენად, ბო სტრათი მიიჩნევს, რომ დღეს აქტუალური დისკუსიებიდან - მაგალითად, ”ევროპული იდენტობის” ცნების თაობაზე - აუცილებელია აქცენტი უშუალოდ პოლიტიკურ მოქმედებაზე გადავიდეს:

[სტრათის ხმა] ”არ ვიცი, რას ნიშნავს ”ევროპული იდენტობის” ზოგადი ცნება. ჩემი აზრით, ამაზე ბევრად უფრო მეტად საჭირო საქმეა ევროპის, როგორც პოლიტიკური მოცემულობის, ფორმირება. აუცილებელია დაიწყოს დისკუსია, როგორ შეიძლება ევროპის ერთიანი პოლიტიკური წყობის ჩამოყალიბება და როგორ შეიძლება ევროპაში არსებულ უთანასწორობებთან ბრძოლა. ამას მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური მოქმედება სჭირდება და თუ ჩვენ ამას ”ევროპული იდენტობის” შესახებ ზოგად დისკუსიებში გავექცევით, არაფერი მოხდება, გარდა იმისა, რომ მოსახლეობაში არსებული შიში გაიზრდება. ჩვენ გვჭირდება გატარება სერიოზული პოლიტიკისა, რომელიც აღიარებს, რომ ევროპა მხოლოდ ფასადია და მის მიღმა უთანასწორობის მრავალი გამოვლინება არსებობს.”

ბო სტრათის აზრით, ერთ-ერთი სფერო, სადაც ევროპაში არსებული უთანასწორობა განსაკუთრებული ინტენსივობით იჩენს თავს, იმიგრანტი მოსახლეობის საზოგადოებიდან გარიყვა და მათ მიმართ არსებული სტერეოტიპებია:

[სტრათის ხმა] ”ევროპა გლობალური სამყაროს ნაწილია და არ შეიძლება მისი საზღვრები ჩავკეტოთ გარედან მოსული შემოქმედებითი და მრავალფეროვანი იმპულსებისთვის - განსაკუთრებით, რამდენიმე ტერორისტის გამო. იმიგრანტ მოსახლეობას ცხოვრების პირობები უნდა გავუუმჯობესოთ და არ უნდა დავუშვათ მათი გეტოებში მოქცევა. ეს, ჩემი აზრით, ერთადერთი გამოსავალია - თუმცა მე ძალიან პესიმისტურად ვარ განწყობილი ევროპის მომავალთან დაკავშირებით და არა მგონია, რომ ასეთი რამ მოხდეს. ამის გაკეთებასაც პოლიტიკის გატარება სჭირდება. პოლიტიკური ხედვა აუცილებელია როგორც სოციალური პრობლემის, ისე იმიგრანტების საკითხის გადაჭრისთვის. და ისიც ცხადია, რომ ეს ორი საკითხი მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან.”




ბო სტრათი ევროკავშირის შემდგომი გაფართოების პერსპექტივაზეც გვესაუბრა. როგორც აღმოჩნდა, ის ფიქრობს, რომ კონტექსტი, რომელშიც ეს გაფართოების პერსპექტივა განიხილება, მცდარია:

[სტრათის ხმა] ”მე ძალიან ვეწინააღმდეგები ევროპის შემდგომი გაფართოების განხილვას კულტურულ ან ეთნიკურ ჭრილში. ახლა თურქეთის საკითხზე მსჯელობენ ბევრს - არის თუ არა თურქეთი ევროპა, ”ნამდვილი” ევროპა; ისინი მუსულმანები არიან და, ამდენად, ევროპელები ვერ იქნებიან, რადგან ვიცით, რომ ევროპელები ქრისტიანები არიან და ა.შ. მე ასეთ დისკუსიებს რადიკალურად ვეწინააღმდეგები და ისინი საშიშად მიმაჩნია. კულტურული თვალსაზრისით, ევროპა ყოველთვის ღია უნდა იყოს - ამ ჭრილში მე ვერ ვხედავ შეზღუდვებს. იქნებ საჭირო იყოს ”ევრაზიურ” კულტურულ კონტინენტზე დავფიქრდეთ. შუა საუკუნეების სპეციალისტი ისტორიკოსები უკვე მუშაობენ ამ საკითხზე. რადგან იმ პერიოდში სწორედ ასეთი ვითარება იყო - არსებობდა დიდი ევრაზიის კონტინენტი, რომელიც ჩინეთს და ინდოეთს ესაზღვრებოდა. ჩემი აზრით, ასეთ პერსპექტივაზე ახალი ისტორიის აგება ახლაც შესაძლებელია.”

ისტორიკოსის აზრით, აუცილებელია ევროპის კავშირის შიგნით მოხდეს უფრო მჭიდრო კონსოლიდაცია, რაც ევროპას ეფექტიანი პოლიტიკური მოქმედების საშუალებას მისცემს:

[სტრათის ხმა] ”კულტურასა და იდენტობაზე დისკუსიებმა მეორე პლანზე გადასწია პოლიტიკურ შესაძლებლობებზე საუბარი. ამ დროს, ჩემი აზრით, მთავარი სწორედ ეს არის. უნდა დავფიქრდეთ, როგორ შეიძლება ევროპა ერთიანი იყოს და, ამავე დროს, მოქმედების შესაძლებლობა ჰქონდეს. ევროპის კავშირის სადისკუსიო კლუბად გადაქცევა არავის წაადგება - მით უმეტეს, თუ ყველა ერთმანეთის ბლოკირებას და ერთმანეთის წინადადებებზე ვეტოს დადებას შეეცდება.”



საუბრის დასასრულს ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორს პოსტსაბჭოთა სივრცეში განვითარებულ ”ფერად რევოლუციებზე” ვკითხე. ბო სტრათი ეთანხმება მოსაზრებას, რომ საქართველოსა და უკრაინაში განვითარებულ პროცესებს, მართლაც, ჰქონდათ კავშირი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში 80-იანი წლების ბოლოს მომხდარ მოვლენებთან. თუმცა ანალიტიკოსი ამ პროცესების თანმდევ საფრთხეებზეც საუბრობს:

[სტრათის ხმა] ”ჩემი აზრით, ეს პროცესები 1989 წლის მოვლენებს, მართლაც, უკავშირდება და, რასაკვირველია, მნიშვნელოვანია ასეთი დემოკრატიული და ღია საზოგადოებების ფორმირება. თუმცა, თუ ამ პროცესების წარმმართველი, ძირითადად, ამერიკის გეოპოლიტიკური ძალაუფლებაა, მაშინ ეს ყოველივე პრობლემური ხდება. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, როგორც საზოგადოებრივ მოძრაობას, ამ პროცესებს ვამართლებ და ვეთანხმები. თავისთავად ეს მოძრაობა ხალხიდან მოდის - როდესაც ხალხი ქუჩებში გადის, ხელისუფლებას ქვეყნის მართვა აღარ შეუძლია და იძულებულია გადადგეს, ეს, ცხადია, ხალხის წიაღში განვითარებული მოძრაობაა. თუმცა, მე ვფიქრობ, ხშირად ამ მოძრაობებს გეოპოლიტიკაში ჩართული ძალები თავიანთ სასარგებლოდ იყენებენ და რეალურად არავის აინტერესებს, რა ხდება ამ საზოგადოებების წიაღში. ეს ქმნის საშიშროებას, დემოკრატია მხილოდ ფასადური გახდეს.”

[აუტრო]: ეს გახლდათ ფლორენციის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი, ისტორიკოსი ბო სტრათი. ევროკავშირისა და ზოგადად, ევროპის სივრცისთვის აქტუალურ საკითხებზე მას სალომე ასათიანი ესაუბრა.
XS
SM
MD
LG