Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გივი თარგამაძე სკანდალში გაეხვია - რუსი ჟურნალისტის თანახმად, ქართველი დეპუტატი ბელორუსიის ოპოზიციის ლიდერის მკვლელობას გეგმავდა


17 აპრილს რუსეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ საკუთარი ეთერით გადასცა საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის სატელეფონო

საუბრის ჩანაწერი, რომელიც, გადაცემა „ოდნაკოს“ წამყვანის მიხეილ ლეონტიევის თქმით, ტელევიზიას საქართველოს სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ადამიანებმა მიაწოდეს. ჩანაწერის თანახმად, გივი თარგამაძე ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს, ვინმე ალბინასს, ბელორუსიის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერის ალექსანდრ მილინკევიჩის მკვლელობის მიზანშეწონილობაზე ელაპარაკება. რამდენად სარწმუნო მასალა გამოაქვეყნა რუსეთის საზოგადოებრივმა ტელევიზიამ და რას ფიქრობს სკანდალური ჩანაწერის შესახებ თავად გივი თარგამაძე?

გადაცემა "ოდნაკო" რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის პირველი არხის ეთერში რეგულარულად გადაიცემა მთავარი საინფორმაციო გამოშვების დამთავრების შემდეგ. 17 აპრილის გადაცემა რუსმა ჟურნალისტმა საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის გივი თარგამაძის რევოლუციურ საქმიანობას მიუძღვნა. ტრადიციული მისალმების შემდეგ მიხეილ ლეონტიევმა ანონიმ ინფორმატორთა ძღვენი ახსენა:

[მიხეილ ლეონტიევის ხმა] „ეს დოკუმენტი ჩვენ საქართველოს სპეცსამსახურებთან დაახლოებულმა ადამიანებმა გადმოგვცეს და მის ჭეშმარიტებაში ეჭვის შეტანის საფუძველი არა გვაქვს. ეს დოკუმენტი, ჩანაწერი, უბრალოდ, აჩვენებს, თუ ვის მიერ და როგორ კეთდება ნარინჯისფერი რევოლუციები.“

ამის შემდეგ მიხეილ ლეონტიევი ეთერში უშვებს გივი თარგამაძისა და ვინმე ალბინასის, ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის, სატელეფონო საუბრის ჩანაწერს. იქვე, ეკრანზე, მითითებულია მოსაუბრეთა ტელეფონის ნომრები.

[ისმის ხმები]:

-
გამარჯობა, გივი.
-
მისმინე, როგორ ხარ?
-
ისე რა, დღენიადაგ ბელორუსიაზე ვზრუნავ, იმიტომ რომ მილინკევიჩი მთელ ევროპაში დასეირნობს და საკუთარ პიარ-კომპანიას აწარმოებს.
-
ხო, ასეა, სამწუხაროდ, ასეა!
-
ხო, ასეთია რეალობა.
-
ახლახან ტურინში ყოფილა, იქ კი ჩემი და ცხოვრობს. მე ახლა ჩემს სიძეს მოველაპარაკები, რომ მოკლას ის.

თუმცა ეს არ არის ერთადერთი ჩანაწერი. გადაცემის წამყვანი ორიოდე წუთის შემდეგ მაყურებელს ასმენინებს გივი თარგამაძისა და ვინმე რენატასის სატელეფონო ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, აქტიურობს ქართველი დეპუტატი:

[გივი თარგამაძის ხმა]„ტურინში, უბრალოდ, გიორგი მიემგზავრება, იქ იქნება მილინკევიჩი, იქ ჩემი დაც ცხოვრობს. მე ალბინასს უკვე ველაპარაკე. ჩემს სიძეს ვუთხარი, რომ მივცემ 10 ათას ან 20 ათას დოლარს, თუკი იგი მილინკევიჩს მოკლავს. იცი, დღემდე გონზე ვერ მოვსულვარ და სიმართლეს გეუბნები, შვილს გეფიცები, ყოველ ღამით მხოლოდ ეს მესიზმრება.“

რას ერჩის გივი თარგამაძე ბელორუსიის დემოკრატიული ოპოზიციის ლიდერს, რატომ იმეტებს მას სასიკვდილოდ? გივი თარგამაძის კოლეგას, საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს, უბრალოდ, თავად გადაცემის წამყვანის, მიხეილ ლეონტიევის, პატიოსნებაში შეაქვს ეჭვი:

[დავით ბაქრაძის ხმა] „ბატონი ლეონტიევი არის აბსოლუტურად ტენდენციური და არაობიექტური ჟურნალისტი, რაც მისი წინა გადაცემებით არაერთხელ დადასტურებულა. ამდენად, მე ვერ ვხედავ საფუძველს, რატომ უნდა დავუჯეროთ იმ ვითომდა მასალას, რომელიც მან თავის გადაცემაში აჩვენა.“

თუმცა გადაცემის წამყვანი მაყურებლისგან უპირობო ნდობას როდი ითხოვს. კითხვას, თუ რატომ იშორებენ თავიდან ლიტველი და ქართველი მეგობრები მინსკელ რევოლუციონერს, მიხეილ ლეონტიევი მორიგი სატელეფონო ჩანაწერით უპასუხებს. გადაცემის წამყვანის თანახმად, გივი თარგამაძე ვაშინგტონში ალექსანდრ მილინკევიჩის თანამებრძოლს, ვინმე ირინას, ელაპარაკება:

[გივი თარგამაძის ხმა] „რატომ გაჩერდა ეს ყველაფერი შუაგზაზე, იცით? იმიტომ, რომ ყველაზე საინტერესო ადგილას, როცა ყველაფერი პრაქტიკულად ბოლომდე იყო მისული და დარწმუნებული ვარ, ყველაფრის დასასრულებლად მხოლოდ ორი დღე რჩებოდა, ჩვენი მილინკევიჩი გამოვიდა და თქვა: ყველანი დაიშალეთ და 26 აპრილს გამოდითო. რატომ მოხდა ეს, დღემდე ვერ ვხვდები.“

ამ ჩანაწერზე დაყრდნობით, გადაცემა „ოდნაკოს“ წამყვანი ასკვნის, რომ ქართველმა მეგობრებმა ოპოზიციის უნიათო ლიდერის ახლით შეცვლა გადაწყვიტეს. თუმცა ამ ვერსიის არ სჯერა თავად ალექსანდრ მილინკევიჩის მეუღლეს ინა კულეის, რომელსაც ინტერვიუ ჩვენმა მინსკელმა კოლეგებმა ჩამოართვეს.

[ინა კულეის ხმა] „ვფიქრობ, ეს არის მცდელობა დააშინონ ბელორუსები - დაწყებული დემოკრატიული ძალების ლიდერიდან უბრალო ადამიანებამდე. დააშინონ იმ შედეგებით, რომელიც, შესაძლოა, ქუჩაში მათ გამოსვლას მოჰყვეს. უახლოეს ხანში გაიმართება ყოველწლიური აქცია „ჩერნობილსკი შლიახ“ – “ჩერნობილის გზა” - და მანამდე კვლავ ვრცელდება ხმები, რომ იქ ადამიანებს დახოცავენ და რეპრესიები იქნება. ასეთივე ხმები ვრცელდებოდა არჩევნების დღის, 19 მარტის, წინაც, როდესაც ხალხი მოედანზე გამოვიდა. ახალი არაფერი მოუფიქრებიათ, გარდა იმისა, რომ ამ ბინძურ ჭორებში ლიტველები და ქართველები ჩაითრიეს.“

დაბოლოს, საინტერესოა, რას ფიქრობს რუსეთის ცენტრალური ტელევიზიის ეთერში გასული სატელეფონო ჩანაწერების შესახებ თავად გივი თარგამაძე - საქართველოს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე:

[გივი თარგამაძის ხმა] „დარწმუნებული ვარ, რომ არც ერთი ნორმალური ადამიანი ლეონტიევის შეკოწიწებულ სისულელეებს სერიოზულად არ აღიქვამს. მან შეიძლება შემდეგ გადაცემაში დამაბრალოს კენედის მკვლელობა ან ბომბეიდან ლონდონამდე გვირაბის გათხრის ინიციატორად გამომაცხადოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რეალურად ამის გამომწვევი მიზეზი არის შიში, რომელსაც აქვს დიდი თვალები. მეტი არაფერი. არ ვთვლი, რომ ეს მოვლენა მეტი ყურადღების ღირსი იყოს.“
და მართლაც, შესაძლებელია თუ არა სატელეფონო ჩანაწერის გაყალბება? მე ამ კითხვით უშიშროების ყოფილ პოლკოვნიკსა და დამოუკიდებელ ექსპერტ ბესიკ ალადაშვილს მივმართე.

[ბესიკ ალადაშვილის ხმა] „რა თქმა უნდა, ყველამ კარგად იცის, რომ ამ გადაცემის ავტორი მჭიდრო კავშირშია რუსეთის სპეცსამსახურთან და, ბუნებრივია, ეს იქ დაგეგმილი მომენტია. სპეცსამსახურებს იმის ტექნიკური საშუალება აქვთ, რომ გააყალბონ და ჩაატარონ მონტაჟი და, როგორც იტყვიან, ხმები დასვან.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG